ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
უშგული
სამეგრელო ზემო სვანეთი
უშგული ზემო სვანეთის განაპირა მხა­რეა, რომელშიც რამდენიმე სოფელია გაერთიანებული. იგი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარე წანერის ხეობაში (მდ.ენგურის მარჯვენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1600 2200 მეტრზე მდებარეობს. ამ მაჩვენებლით იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული ადგილია ევროპაში. 
უშგული ქვაბულისებურ, კარგად დაცულ ხეობაში მდებარეობს. მისი მიდამოების რელიეფში გამოხატულია როგორც მდინარისპირა ჭალები და ტერასები, ისე დამრეცი და ციცაბო ფერდობები. ნალექების საშუალო რაოდენობა 1200 მმ-ს აღწევს, რაც ძალზე კომფორტულია არსებულ გეოგრაფიულ პირობებში. ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე დომინირებს სოჭნარ-წიფლნარი ტყეები, ხოლო სამხრეთისაზე  მეორადი და სუბალპური მდელოები. 
უშგულის მიდამოებში რამდენიმე ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რაც ბუნებრივი პირობების კარგად გამოხატულ სიმაღლებრივ სარტყლურობას ექვემდებარება. განსაკუთრებით ეფექტურია შერეული ტყის ლანდშაფტი, რომლის ქვედა იარუსში მარადმწვანე კოლხური ქვეტყეა განვითარებული. მას ჯერ მაღალი მთის ტყის, შემდგომ კი სუბალპური და ალპური მდელოს, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები ცვლის. 
უშგულში შემორჩენილია XII საუკუნის ციხესიმაგრის ფრაგმენტები, რამდენიმე ეკლესია, სამ ათეულზე მეტი უძველესი ციხე-სახლი და საკულტო ნაგებობა. ციხე-სახლების გარკვეული ნაწილი უძველესი, IX-X საუკუნეების ძეგლია. უშგული იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით არის დაცული. 
სვანური კოშკი სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობაა, რომელიც შედგება 4-6 სართულისგან და გადახურულია ორფერდა სახურავით. სვანურ კოშკს აშენებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით. მთლიანად კოშკის სიმაღლე 20-25 მეტრია. კოშკს შესასვლელი ძირითადად მეორე სართულზე აქვს. სართულები ერთმანეთს უკავშირდება ინტერიერში განლაგებული მოძრავი ხის კიბით. კოშკის ბოლო სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი, სათოფურებით. სვანური კოშკი დაკავშირებულია საცხოვრებელ ნაგებობასთან (მურყვამი) ან ცალკე დგას.
სვანური ციხე-სახლი კოშკისგან განსხვავებით უფრო დაბალი და მასიურია, შედგება 3 სართულისგან. I სართული ადამიანთა საცხოვრებლად და საქონლის სადგომად გამოიყენება. II სართული სამეურნეო დანიშნულებისაა. III სართული ბანია და თავდაცვითი დანიშნულება აქვს (მაგ: ჩაჟაშის კოშკი).
სვანეთში მდებარეობს ე.წ. `სიყვარულის კოშკი~, რომელთანაც დაკავშირებულია ლეგენდა: წარჩინებული სვანი თავადის ქალიშვილს საქმრო ჰყოლია, რომელიც ომში წასასვლელად ემზადებოდა. ქალს პირობა დაუდია, არ გავთხოვდები, შენს ცოცხლად დაბრუნებას დაველოდებიო. ვაჟი ბრძოლის ველზე დაცემულა. ქალს არ სჯეროდა ვაჟის სიკვდილი და ელოდა. ეს ლოდინი რომ გაეიოლებინა, ქალის მამას გზის დასაწყისში კოშკი აუშენებია, სადაც ქალს მთელი ცხოვრება სატრფოს ლოდინში გაუტარებია.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.