ზარზმის მამათა მონასტერი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ქ. ადიგენიდან 12 კმ-ზე. იგი შედგება გუმბათოვანი ეკლესიის, სამრეკლოსა და ერთნავიანი სამლოცველოსგან. მონასტერი თავდაპირველად დაუარსებია კლარჯ ბერ სერაპიონს (მისი ცხოვრება აღწერილია ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში `ცხოვრება სერაპიონ ზარზმელისა~) IX ს-ში. მონასტრის მშენებლობაში მას ადგილობრივი დიდებული გიორგი ჩორჩანელი ეხმარებოდა, რომელსაც სოფლებიც შეუწირავს ახლადდაფუძნებული მონასტრისათვის. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელიც აღარ არსებობს, უშენებია ხუროთმოძღვარ გარბანელს.
ზარზმის ამჟამინდელი კომპლექსი XIV ს-ის დასაწყისშია აშენებული სამცხის მთავარ ბექა ჯაყელის (1285-1309 წწ.) მიერ. მონასტრის უძველესი ისტორიული ნაშთია სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული X ს-ის წარწერა (მოგვითხრობს დავით III კურაპალატის ბარდა სკლიაროსზე გალაშქრების ამბავს), რომელიც აქ ადრინდელი ნაგებობიდან გადმოუტანიათ.
ზარზმა მრავალრიცხოვანი ჩუქურთმებითაა შემკობილი. მდიდარია ფრესკული მხატვრობით. რელიგიური სიუჟეტების გვერდითაა საერო პირთა ქტიტორული პორტრეტებიც. სამხრეთ კედელზეა სამცხის მთავარ ჯაყელთა ოჯახური პორტრეტი (სარგის I _1266-1285; ბექა I _1285-1309; სარგის II _1309-1334; ყვარყვარე _1334-1360). ჩრდილოეთის კედელზე კი _ XVI ს-ის მხატვრობაა.
ზარზმის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესი სამრეკლოა საქართველოში. მის I სართულზე XVI ს-ში ხურციძემ იოანე მახარებლის ეკლესია გახსნა. XX ს-ის დასაწყისში რუსეთის ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსომ ზარზმის რესტავრაცია განახორციელა. ტაძრის მხატვრობის ნაწილი და კანკელი სწორედ ამ დროს შეცვალეს.
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"