ენკენისთვის 13 იყო, მტრისგან ანაოხრებ შილდას მტვრის ბუღი ასდიოდა, უხვად ნახავდა კაცის თვალი შილდას კედლების ნანგრევებს, ეგ იყო კაცი აღარ იყო შილდას შემოგარენში რომ მისი გმინვა მოესმინა, უხვად გადაევლო ბალახს ნანგრევებზე, მომკითხი არ ყავდა ქვეყანას, მხოლოდ სპარსი და კვირიკაანთ გლახო თუ გაივლიდა ნასოფლარზე, ან კიდევ იშვიათად, შეგვიანებული მონადირე თუ გაივლიდა. უფალმა კი აღუსრულა ნატვრა მეფე ალექსანდრეს, გაწყვიტა მისი ხალხი, მხოლოდ ეგ იყო თავად ვერ მოესწრო ნადირობას, მისი მოკვეთილი თავი ცოფიანს მამობილისთვის გაეგზავნა.
კვირიკაანთ გლახოს ყველა იცნობდა, დედები მართალია არიდებდნენ შვილებს, მაგრამ ბავშვის სული მაინც სულ სხვაა და მუდამ მიისწრაფოდნენ გლახოსკენ, მისი დევნით ერთობოდნენ, გულის ჭიას იხარებდნენ, ბავშვობის გამო ვერ ხვდებოდნენ რას სჩადიოდნენ.
ნებისმიერ სპარსს შეეძლო მისი მოკვლა, მაგრამ არ კლავდნენ, გასართობათ სჭირდებოდათ ჭკუაშერყეული გლახო, კაცის კვლა მაინც ყელში ჰქონდათ ამოსული, ნახევარი კახეთი ყავდათ გაწყვეტილი, დრო იყო სხვა რამით გაერთოთ თავი... გლახოც ანცობდა, შიში მან არ იცოდა და რიდი, მისთვის სპარსიც და ქართველიც ერთი იყო, უფროსწორად, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ ვინ იყო, მისთვის აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ეს ყოველივე კარგად იცოდა ყველამ იმ დროის კახეთში, უფროსწორად რაც კახეთისგან იყო დარჩენილი.
გლახოს მზემ თვალებში შეანათა, მწველი იყო მზე, თუმცა ის ამას მაინც ვერ ხვდებოდა. წამოჯდა და გარშემო მიმოიხედა, გაჭვარტლულ საბუხრეს შეხედა, ალბათ თავის დროზე ბევრი ტკბილი მოგონება ახსოვდა ამ სახლს, ახლა კი მხოლოდ საბუხრეღა დარჩენილიყო.
ნახევარ საათს დადიოდა უაზროდ, ბოლოს მდინარესთან ახლოს, ტყის პირზე მიწვა და დაიძინა, უკვე შებინდებული იყო, დამწვარი ხორცის სუნი რომ შეიგრძნო, ავი სურნელი დასთამაშებდა სიზმარს, გლახო ბორგავდა, ცდილობდა სიზმრიდან გაქცევას, მაგრამ უშედეგოს, სიზმარი ხომ წარსული რეალობა იყო, წარსული კოშმარი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებდა, ვერ დაივიწყებდა თავის უსუსურობას, ვერაფერს ვერ დაივიწყებდა სანამ ცოცხალი იყო, სიკვდილის შემდეგ კი? ან კი რა იქნებოდა სიკვდილის შემდეგ? სად წავიდოდა მისი ცოდვილი სული? დააღწევდა კი თავს ავ სურნელს? ხორცის სურნელს? გლახოს ქვეცნობიერი თუ ფიქრობდა ამაზე, თორემ ცნობიერება კარგა ხანია დაკარგული ჰქონდა,
ყოველი ენკენის თვის ცამეტს იგივე მეორდებოდა, ქვეცნობიერი უმალ ამოტივტივდებოდა და ცნობიერად გარდაიქმნებოდა, ამ ცნობიერს კი ავი სურნელი მოჰქონდა, მძიმე სურნელი იყო, მძიმე აღსაქმელი და გადასატანი, სწორედ ამიტომ ივიწყებდა ყოველივე მომხდარს გლახოს გონება. გლახო, კვირიკაანთ გლახო, ერთი ჭკუასუსტი გიჟი, რომელიც ოდესღაც დიდებული თავადი იყო, დიდებული მომავლით, მაშინ არც გლახო ერქვა, არც გიჟი იყო, და არც კახეთში იყო.
გლახომ ხორცის სუნი შეიგრძნო, შირაზის სურნელი შეიგრძნო, ტკბილი უნდა ყოფილიყო სურნელი, მაგრამ ავი გამოდგა. გლახო ხარხარმა შეაფხიზლა, ფეხზე წამოვარდა, იქვე ახლოში რამდენიმე ვაჭარი ილხენდა, გლახოს გაღვიძება გაეხარდათ, უკეთ გაერთობოდნენ.
გლახო მოქეიფე ვაჭრებს მიუახლოვდა, კოცონიდან ორ მეტრში მიწაზე ფეხმორთხმით დაჯდა, ერთ-ერთმა ვაჭარმა წყალობა მოიღო, დამწვარი ცხვრის ხორცი გადაოგდო, გლახოც ძაღლივით მივართა ხორცს და ჩაკბიჩა, შემდეგ ვაჭრებს ახედა, ყველანი ხარხარებდნენ, გლახომ კვლავ იგრძნო ავი სურნელი, შირაზის სურნელი, სხვრის ხორცი კოცონზე მიაგდო, გვერდზე გადახტა, სურდა ხორცის სურნელი გაექრო, მაგრამ მოგონებებს ვერ გააქრობდა, უნებურად გული აერია, დიდვაჭრის ტანსაცმელი დაისვა, ზეიმი შეწყდა, ვაჭართა დაცვის უფროსმა გლახოს ხელი დაავლო და გვერდზე მოისროლა, გლახომ ახედა მჩაგვრელს, კოშმარი გაახსენდა, მისი კოშმარი, მივარდა და კბილებით ყელი გამოღადრა მჩაგვრელს, ასეთი გლახო არავის ენახა, მიკარებას ვერავინ ბედავდა, დაცვის უფროსი უკვე ძირს ეგდო. გლახო მის გვამს მოშორდა, მაინც იგრძნო ავი სურნელი, დამწვრის სურნელი, შირაზის სურნელი, ერთი ცალყბად გაიცინა და ტყისკენ გაიქცა, დადევნება არავის უფიქრია, გიჟის დევნა უფრო დიდი სიგიჟე იყო.
გიჟმა მთელი ღამე ირბინა, დილით კი უკვე განკურნებულიყო, სიგიჟისგან განკურნებულიყო. ახლა უფრო მეტად გრძნობდა დამწვარი ხორცის სურნელს, რომელიც შირაზში შეიგრძნო ზუსტად სამი წლის წინ, ქეთევან დედოფლის ხორცის წვის სუნი შეიგრძნო, გაახსენდა ყოველივე წვრილმანი, როგორ აწამეს სპარსელებმა კახეთის დედოფალი, როგორ დაშანთეს, ის კი მაინც უდრეკი იყო, სწორედ იმდღეს შეირყა ჩვიდმეტი წლის თავადიშვილი ჭკუიდან, ვერ გაუძლო დედა-დედოფლის ტანჯვას, მას შემდეგ დადიოდა ასე თავადი კვირიკე, აწ უკვე გლახოდ წოდებული.
ისევ შეიგრძნო, ავი სურნელი თავადიშვილმა, უკვე ვეღარ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს, კვირიკე იყო თუ გლახო? თუ ორივე ერთად, სუსტი ნებისყოფის გლახო? თუ სუსტი ნებისყოფის კვირიკე?
თავადიშვილი სწორედ რომ ძლიერი იყო, კვირიკე მივარდა ვაჭართა დაცვის უფროს, კვირიკემ დაღრღნა კბილებით წმინდა დედოფლის ჯალათი, იმ დროს სწორედ კვირიკე იყო და არა გლახო, სულელი, გიჟი, ჭკუასუსტი. იმ დროს იფეთქა მასში ქართულმა სულმა, კვირიკე აღარასდროს მისცემდა უფლებას ეს სული ჩამქრალიყო, იგი ვერ გააცოცხლებდა გლახოს, გლახო უნდა მომკვდარიყო, აკი შური ნაძიები ჰქონდა, შური ნაძიები ჰქონდა კახეთის დედოფლის გამო, შერცხვენილი არ წავიდოდა საიქიოს, გამარჯვებული შეანგრევდა მარადისობის კარიბჭეს, ცივი ყოფილა მარადისობის კარიბჭე, თუმცა არა ჯერ ხომ არ შესულა, ცივი მხოლოდ ალაზანი იყო, ალაზანი, კვირიკეს ბავშვობის სიტკბოება. ალაზანი ახლაც ტკბილი იყო, ალაზანმა გულში ჩაიკრა და შთანთქა ძველი მეგობარი, თავადიშვილი კვირიკე!
ავტორი: გურამ ხარშილაძე