გრემი - სოფელი ყვარლის რაიონში ქ. ყვარლიდან 20 კმ-ზე, ყვარელ-თელავის გზატკეცილზე. გრემი ფეოდალური ხანის კახეთის ერთერთი სავაჭრო ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წლიდან იგი კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. აქ XV საუკუნიდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს. გრემში კულტურულ _ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვანი. გრემთან გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები. 1614-1616 წლებში შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების შედეგად გრემი გაპარტახდა. მის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს აგრეთვე დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმებმა. გრემის ტერიტორიაზე უამრავი მცირე და დიდი ეკლესიაა შემორჩენილი, რომლებიც ძირითადად XVI საუკუნეს განეკუთვნება.
ქალაქ გრემის დაარსება დაკავშირებულია იმ განსაკუთრებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან, რომელიც შეიქმნა XV საუკუნის საქართველოში. გამუდმებულმა ომებმა და მტერთა შემოსევებმა ქვეყანა დაასუსტა და მის ერთიანობას საფუძველი გამოაცალა, რამაც გამოიწვია საქართველოს დაშლა ცალკეულ სამეფო – სამთავროებად. ახლადშექმნილი კახეთის სამეფოს პირველმა დამოუკიდებელმა მეფემ გიორგი VII მ თავის სამეფო ქალაქად აქცია გრემი. ეს იყო 1466 წელს.
კახეთის სამეფომ მშვიდობიანად განვლო XV საუკუნის მეორე ნახევარი და თითქმის მთელი XVI საუკუნე. ამ პერიოდში კახეთმა მიაღწია ეკონომიკურ აღმავლობას. აქ ეროვნული კულტურის ამაღლებას დიდად შეუწყეს ხელი კახეთის მეფეებმა ალექსანდრე პირველმა, ლევან მეფემ _ აღმაშენებლად წოდებულმა, ალექსანდრე მეორემ, ქეთევან დედოფალმა, თეიმურაზ პირველმა.
მიუხედავად იმისა, რომ გრემი კახეთის დედაქალაქი იყო, მის ისტორიაზე, თვით ქალაქზე, ცხოვრებასა და მის გარეგან სახეზე მეტად ძუნწი ცნობებია მოღწეული. ერთი კი ცხადია, დღემდე შემორჩენილი ნაგებობანი და არქეოლოგიური მასალები გვარწმუნებენ, რომ არსებობის ხანმოკლე პერიოდში გრემი აყვავებული, ფრიად მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ნაგებობებით დამშვენებული და ფუნქციურად დატვირთული ქალაქი იყო. 1614 წელს შაჰ-აბასმა კახეთი სასტიკად ააოხრა. მისმა შემდგომმა ლაშქრობებმა (1616 წელს) ქართლ-კახეთის მრავალი ქალაქი გაანადგურა. ცეცხლსა და ნგრევას ვერც გრემი გადაურჩა და მას შემდეგ აღარასდროს დაუბრუნებია ძველი დიდება. გრემმა, როგორც კახეთის სატახტო ქალაქმა, კიდევ რამდენიმე ათეული წელი იარსება და შემდგომ მან პირველობა თელავს დაუთმო. კახეთის მეფეებს რეზიდენცია გრემიდან თელავში გადააქვთ, თელავმა კი თავისი უპირატესობა საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე შეინარჩუნა.
ქალაქი გრემი ძირითადად სამი ნაწილისაგან შედგებოდა, ცენტრალურსა და მთავარს წარმოადგენდა ციტადელი, მთავარანგელოზის ეკლესიის ანსამბლი. მის აღმოსავლეთით მდებარეობდა მეფეთა და ქართველ დიდებულთა საცხოვრებელი უბანი, ხოლო დასავლეთის მონაკვეთი სავაჭრო უბანი იყო.
მთავარანგელოზის ეკლესია საქართველოში გავრცელებული ცენტრალურგუმბათოვან ნაგებობათა ტიპისაა. ეკლესიის დასავლეთის კარის თავზე სამსტრიქონიანი ბერძნული წარწერაა: `აქ აღიმართა და განახლდა ღვთაებრივი და ყოვლად წმინდა ტაძარი ყოველთა უდიდესთა მიქაელისა და გაბრიელისა, სახელოვანისა მეფის ლეონის შეწევნით, ხარჯით, გულსმოდგინებითა და შრომით, მაშინ, როდესაც მღვდელმთავარი იყო ნიკოლოზი 7085 წელს. წარწერაში მოცემული თარიღი ჩვენი წელთაღრიცხვით 1577 წელს უდრის. (წარწერაში მოხსენიებული `მღვდელთმთავარი ნიკოლოზი~ უნდა იყოს ალავედელი ნიკოლოზი).
კედლის მხატვრობამ (ფრესკებმა) შესაძლოა XVII საუკუნეში განიცადა რესტავრაცია. თვით ეკლესიის მშენებელი ლეონ კახთა მეფე (1520-1574წწ) გამოსახულია დასავლეთის კედელზე: იგი დგას ღვთისმშობლის წინაშე ეკლესიის მაკეტით ხელში, ზევით ძველი ქართული წარწერაა: `მეფე ლეონ აღმაშენებელი~. ლეონ მეფის მიერ გრემის ტაძარი აგებულია 1565 წელს, მისი საფლავი ფრესკის ქვემოთ უნდა იყოს.
მთავარანგელოზის ტაძარი ნაშენია ქართული აგურით, შიგადაშიგ რიყის ქვაც ურევია. ძირითად დეკორატიულ ელემენტს ფასადებზე წარმოადგენენ აგურის წყობით გამოყვანილი დიდი ჯვრები. ტაძარი ადრე დახურული ყოფილა ცისფერი, მოჭიქული კრამიტით. `შესასვლელი სამი მხრიდან _ დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადები დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთებად. ასეთი¬ვე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე IIს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.
ეკლესიის გვერდზე სამეფო პალატია აღმართული, რომლის ბოლო სართულზე სამრეკლოა. XV საუკუნეშია აგებული მეფეთა პალატის ერთსართულიანი ნაწილი. შემდეგ XVI საუკუნეში აშენდა მეფეთა პალატის დანარჩენი ნაწილი. მეფეთა პალატის პირველ სართულზე მოწყობილია მუზეუმი, სადაც გამოფენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, დაწყებული ჩვენს წელთაღრიცხვადე VII საუკუნიდან დამთავრებული XVIII-XIX საუკუნით. მუზეუმში ექსპონირებულია ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნით დათარიღებული საბრძოლო ცულები, რომელიც სოფელ შილდის ზევით, მდინარე ჩელთის ხეობაში, კერძოდ კი შუაგორშია აღმოჩენილი. ასევე აქ შეხვდებით შედარებით გვიანი პერიოდის შუბისა და ისრის ბუნიკებს, ხმლებსა და ხანჯლებს. საინტერესოა თიხის ჭურჭლის ნაშთები და XVIII-XIX საუკუნის კაჟიანი თოფები `ხირიმები~. მეორე სართულზე შეხვდებით სამეურნეო იარაღებს: გუთანს, ფიწლებს, კევრებს და ა.შ. მესამე სართულზე კახეთის მეფეთა და დედოფალთა სურათებია გამოფენილი. ბოლო სართულიდან კი სამრეკლოზე ავდივართ. სამრეკლოდან იშლება ულამაზესი ხედები ალაზნის ვაკისა, კავკასიონისა და გომბორის ქედისა. მეფეთა პალატიდან სულ რაღაც 15 მეტრში ოთხკუთხა კოშკიდან ჩადის საიდუმლო გვირაბი, რომლის გათხრის დროს აღმოაჩინეს ძველებური საომარი მშვილდი, რომელიც მუზეუმის ექსპონანტებს შორისაა გამოფენილი. სავარაუდოდ გვირაბი მდინარე ინწობაზე ჩადიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გვირაბი ბოლომდე არ არის გათხრილი და შესწავლილი ანუ შესაძლებელია მისი გათხრის შედეგად გაირკვეს თუ სად მთავრდებოდა გვირაბი და აღმოჩნდეს მრავალი საინტერესო ნივთი.
ლევანის მეფობის დროს სამეფო რეზიდენციამ მდინარე ბოლიას გადაღმა ტერიტორიაზე გადაინაცვლა, შეიქმნა მეფე-დიდებულთა უბანი. აქ ყოფილა დიდებული სასახლეები, დარბაზები, აუზები, პავილიონები, და გასართობი ადგილები. სამეფო უბანს საკუთარი აბანოც ემსახურებოდა.
ქალაქის მესამე ნაწილს სავაჭრო უბანი წარმოადგენდა. ეს უბანი შედარებით ვრცელი იყო და მრავალფეროვანიც. მისთვის მთავარს წარმოადგენდა ქულბაქები (ბაზარი) და ქარვასლები (სასტუმროები), რომლებიც `ოთხივე კუთხით შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა, ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 კვადრატული მეტრი) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსაკენ გახსნილი აივნისაგან (საქონლის გამოსაფენად). ქულბაქებს ეკვროდა მოგრძო, სწორკუთხა ფორმის 80 მეტრი სიგრძის სასტუმრო, რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის იყო განკუთვნილი.
ამ ტერიტორიაზე იყო აბანოც. გრემი წყლით მარაგდებოდა მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის მეშვეობით. პატარა არხით მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდებოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა.
მნიშვნელოვანია აქ ნაგები ეკლესია `თარსაგალავნის~ სახელწოდებით. ეკლესია ცენტრალურ გუმბათიანია. იგი ნაგებია აგურით, რიყისა და ყორის ქვით. ეკლესიის ირგვლივ ვრცელი გალავანი ყოფილა, დასავლეთის კედელზე, კარის თავზე – დიდ ქვაზე სამენოვანი წარწერაა (ქართული, სომხური, სპარსული). სამივე მინაწერის არსი თითქმის ერთნაირია, მაგრამ არის უმნიშვნელო განსხვავებაც. ქართული წარწერა ასე იკითხება: `მე ფრიად ცოდვილმან მათარსამ ავაშენე კარის ეკლესია ესე მეფობასა მისსა პატრონის ალექსანდრესითა. ამ წარწერის მიხედვით, ეკლესია 1595 წელს მათარსას, აუშენებია მათარსა, სხვა ცნობების მიხედვით, ალექსანდრე მეფის მდივანი ყოფილა.
მთავარანგელოზის ანსამბლის ქედის ზედა ნაწილში დგას ეკლესია, რომელსაც `საყარაულოს~ ეძახიან. ეს ეკლესია მტრისაგან შესაძლო საფრთხის გამო კოშკად გადაუკეთებიათ და საყარაულო პუნქტად უქცევიათ.
ვ.ზურაბიშვილი “აწმყო შობილი წარსულისაგან”