სამეგრელო ზემო სვანეთი
|
დადიანების სასახლე ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარობს. ეს ისტორიული სასახლე და ამჟამად მუზეუმი სამეგრელოს მთავრების დადიანების რეზიდენცია იყო. თავდაპირველად სამთავრო რეზიდენცია ააგო ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657). ამჟამად `დადიანების სასახლის ისტორიული ძეგლი შედგება სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის (1813-1853) მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა (1816-1882) და მათი ვაჟის ნიკო დადიანის მიერ აგებული სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და ბოტანიკური ბაღისგან. ეკატერინემ დადიანების სასახლის რეკონსტრუქცია XIX ს-ის 60-იან წწ-ში მიანდო გერმანელ არქიტექტორ რაისს, რომელმაც გოთური სტილი გამოიყენა სასახლის განახლებისას. ნიკო დადიანის ორსართულიანი სასახლე XIX ს-ის 80-იან წწ-ში ააგო რუსმა არქიტექტორმა ვასილევმა.
დადიანების სასახლის მუზეუმი უძველესია საქართველოში. დავით დადიანმა ჯერ კიდევ 1839 წელს დააფუძნა პირადი მუზეუმი, არქეოლოგიური, ნუმიზმატური, სამხედრო და ეთნოგრაფიული კაბინეტებით. ამჟამად მუზეუმში 40000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, შამილის ხმალი, XVIII-XX სს-ის ევროპელ და ქართველ მხატვართა კოლექციები. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები.
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
ფოტო გალერეა
|