ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
იკორთა და ლარგვისი
შიდა ქართლი
 
იკორთის გუმბათოვანი ტაძა­რი რუსეთის მიერ ოკუპირებულ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ქ. ცხინვალიდან 35 კმ-ზე მდებარეობს. ტაძრის სიახლოვეს დგას ქსნის ერისთავთა საგვარეულო ციხე. იკორთის ტაძარი აგებულია გიორგი III-ის მიერ 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და ორ სვეტს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის ყელში დატანილი 12 სარკმლიდან შემოსული შუქით. შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები აფსიდში, ჩრდ. კედელსა და გუმბათზე. ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. იკორთა XII-XIII სს. ქართლის გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ტიპის უადრესი ნიმუშია.
იკორთას ტაძარში დაკრძალულნი არიან კახეთის ანტიირანული აჯანყების (1659 წ.) ლიდერები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
 
ლარგვისის სამონასტრო კომპლექსი მდებარე­ობს მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ახალგორის რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებული შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ისტორიული ქსნის საერისთავოს ტერიტორიაზე. საისტორიო ტრადიციით ლარგვისი ქალაქად იქცა და ეკლესია აშენდა VI ს-ში (`ძეგლი ერისთავთა~, XIV ს.). ლარგვისი იყო ცხრაძმისხევის ცენტრი, აქ მდებარეობდა ციხე, რომელიც ქსნის ხეობის მთავარი ჩამკეტი იყო. ლარგვისის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობ­რები _ ავგაროზ და გრიგოლ ბანდაისძენი (XIV-XV სს.). მონასტერში მრავალი ხელნაწერი გადაწერილა, რომლებმაც ჩვენამდეც მოაღწია და ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. ლარგვისის სამონასტრო კომპლექსი გარშემორტყმულია კოშკებიანი გალავნით (XVIII ს.), გალავნის შიგნით მდებარეობს შიდა ციხე-ციტადელი. ამჟამინდელი გუმბათოვანი ტაძარი აშენებულია XIV ს-ის ეკლესიის ადგილზე ქსნის ერისთავ დავითის მიერ 1759 წელს. ტაძარს აქვს 2 შესასვლელი (დასავლეთიდან და სამხრეთიდან), უხვად არის განათებული სარკმლებით. სადიაკვნეს თავზე მოწყობილია სამალავი. აქვს სათოფურები. მთლიანად ეკლესია მწირადაა ორნამენტირებული, ეკლესიის პერანგის ქვაც ცუდადაა დამუშავებული.
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.