ბორჯომის ხეობა საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, თრიალეთისა და ლიხის საშუალომთიან ქედებს შორის, ქ.თბილისიდან 140 კმ-ზე მდებარეობს. აქ ერთმანეთს უკავშირდება ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები _ შიდა ქართლი, იმერეთი, თორი და მესხეთი.
ბორჯომის ხეობა მდ. მტკვარს 60 კმ-ზე მიუყვება. მის ფარგლებშია ლიხის, აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის ქედის კალთები, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე 1.5 კმ-ს აღწევს. ხეობას ქ. ბორჯომის მიდამოებში კანიონისებური ფორმა აქვს, რომელიც ბაკურიანის ლავური ღვარის „ჩაჭრის“ შედეგადაა გამომუშავებული.
ბორჯომის ხეობა ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ და შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილების მაქსიმალურ მიახლოებაზეა წარმოდგენილი, რომლებიც საქართველოს მთათაშორის ბარში ჰავის კონტინენტურობით (ზამთრის უარყოფითი ტემპერატურებით) გამოირჩევა. აქ ლიხის საშუალო სიმაღლის მთებიდან ადვილად „გადმოცოცდებიან“ შავი ზღვიდან მონაბერი ტენიანი ჰაერის მასები, რაც მიმდებარე ტერიტორიებთან შედარებით ნალექების 1,5-ჯერ მატებას განაპირობებს. სწორედ მიკროკლიმატური თავისებურებანი და მუქწიწვიანი ტყეები განაპირობებს ხეობის განსაკუთრებულ რეკრეაციულ დანიშნულებას.
ბორჯომის ხეობა უნიკალური სილამაზისაა, რაც ბუნებრივი გარემოს მრავალფეროვნებას უკავშირდება. აქ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ერთმანეთს ნაძვნარ-სოჭნარი, ფიჭვნარი, შერეული, ფართოფოთლოვანი და მურყნარი ტყეები, ჯაგეკლიანი ბუჩქნარი და სტეპის მცენარეულობა ცვლის. ბორჯომის ხეობაში ბევრი კურორტია, სადაც რეკრეანტები ზამთარ-ზაფხულ ისვენებენ. ხეობის სიახლოვესაა სამთო-სათხილამურო სპორტის მსოფლიოში ცნობილი კურორტი ბაკურიანი.
ბორჯომის ხეობა არაერთი ისტორიული ქარტეხილის მოწმეა. იგი ადამიანმა ათასობით წლის წინ აითვისა, თუმცა მუდმივი შემოსევების გამო, XVIII საუკუნეში გაუდაბურდა. მოგვიანებით, მისი კვლავ დასახლება მინერალური წყლების ხელახალ აღმოჩენას უკავშირდება. ამჟამად ხეობა მინერალური წყლითა და ბალნეოკლიმატური კურორტებითაა ცნობილი კავკასიასა და ევროპაში.
ბორჯომის მინერალური წყალი, თავისი სამკურნალო თვისებებით, მსოფლიოში „მინერალური წყლების დედოფლის“ სახელითაა ცნობილი. იგი ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი წყალია, რომლის მინერალიზაცია ძალზე მაღალია. ის XIX საუკუნიდან გახდა ძალზე პოპულარული ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთის საიმპერატორო ოჯახმა აქ დასასვენებელი სასახლე ააშენა. ბორჯომის მინერალური წყალი ქრონიკული გასტრიტისა და ენტეროკოლიტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლისა და ნივთიერებათა ცვლის სამკურნალოდ გამოიყენება.
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge