ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ატენის სიონი
შიდა ქართლი
    ატენის სიონი მდებარეობს ქ. გორიდან 12 კმ-ზე, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე. თარიღდება VII საუკუნის I ნახევრით. წარმოადგენს არქიტექტურულ და მონუმენტურ ხელოვნების ძეგლს. 
    1968-75 წლებში ჩაუტარდა გასამაგრებელი სამუშაოები. 1983 წელს ტაძარი გადაიხურა ქვის ლორფინებით, გაიწმინდა ფრესკები. 
    ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ქვები. 
    შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვარდრატი. 
   ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. 
   ინტერიერის მოხატულობა 
  ატენის სიონის ინტერირერში ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქებში, თაღებში, ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ტაძრის ინტერიერი მთლიანად იქნა მოხატული XI საუკუნის II ნახევარში. 
   გუმბათის მხატვრობა შემორჩენილია ფრაგმენტულად: გუმბათის კამარაში _ ჯვარი, გუმბათის ყელში _ წინასწარმეტყველები, ტრომპებზე _ მახარებლებია გამოსახული. აფსიდებში დამოუკიდებელი იკონოგრაფიული ციკლებია შემორჩენილი. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობლის ნიკოპეა, ბემის კამარაზე – ქრისტე ყოვლისმპყრობელი და 4 წინასწარმეტყველი, აფსიდის კედლებზე 12 მოციქული, ცენტრში პატარა ჯვარი. ბემის კედლებზე ზიარების ორნაწილიანი სცენაა; ქვემო რეგისტრში ეკლესიის 10 მამის გამოსახულებაა, შუა სარკმელსა და აფსიდებზე 2 მესვეტისა და 2 დიაკვნის გამოსახულებები.
ატენის სიონის მოხატულობა ქართული მონუმეტური მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშია?
    ტაძარი ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. 
     გუმბათი ფართო და დაბალია. გუმბათის ყელი _ მასიური. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამოღებული კუთხეები აქვს. კვადრატის კუთხის კედლები არასწორადაა ამოყვანილი _ ზევით ვიწროვდება. სახურავის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კუთხეებში ცხვრის თავის გამოსახულებებია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მინიატურული ტაძრის გუმბათი. 
        განსაკუთრებით მორთულია აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადები. აღმოსავლეთის ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმელების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულების აღქმას. აღმოსავლეთ ფასადის შუა წახნაგებზე გამოსახულია ქრისტეს დასალოცად აღმართული ხელი, გვერდით წახნაგებზე _ ორ-ორი ფრონტალურად მდგომი ფიგურა, ხოლო ქვემოთ, გვერდებზე _ ცხოველები და ფრინველები. 
     ტაძრის მთავარი სამხრეთის შემოსასვლელი (აქ კარიბჭე მდგარა) მორთულია ორმაგი ბურთულოვანი კაპიტელებით, ბაზისებით და დეკორატიული ნახევარსიბრტყეებით. სამხრეთ ფასადზე რელიეფური ფიგურებია გამოსახული, ფასადის აღმოსავლეთ ნიშში ამოკვეთილია სომხური ასომთავრული წარწერა (`მე თოდოსაკ მაშენებელი ამ წმინდა ეკლესიისა~), რომელიც მიჩნეული იყო სამშენებლო წარწერად. ახალი გამოკვლევის მიხედვით წარწერა გვიანდელი უნდა იყოს. 
     მარცხენა ნიშში ორი რელიეფური სცენაა წარწერებით: დავით გარეჯელი მოწაფე ლუკიანე ირემს წველის და სიმონის ლომთან შებრძოლება. დასავლეთ ფასადზე შეკეთების შედეგად რელიეფებს ადგილი აქვთ შეცვლილი. 
 
 
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.