ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ვაჰანის ქვაბები
სამცხე ჯავახეთი
ვაჰანის ქვაბები
 
ვაჰანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (VIII-XVI სს.). მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძიდან 27 კმ-ში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. მონასტრის ცენტრში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ქვაბ-სენაკების ძირითად ნაწილთან ერთად IX-XI სს-ში გამოკვეთეს. 1089 წ. მიწისძვრამ ვანის ქვაბები ძლიერ დააზიანა. მონასტრის რესტავრაცია დაიწყო მისმა პატრონმა იჩქით გურგენისძემ 1186-1191 წწ-ში, აღადგინა წმ. გიორგის ეკლესია და მის გვერდით მდებარე საგვარეულო ექვტერი და ორივე შესასვლელში ქტიტორული წარწერა გამოკვეთა. 1204 წ. ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა მონასტერს ქვიტკირის ზღუდე აღუდგინა. 1204-1283 წწ-ში მონასტერს განაგებენ ჯავახეთის ერისთავები _ თმოგველები. მათ მონასტერს დაუწესეს ტიპიკონი `ვაჰანის ქვაბთა განგება~ (1204-1234 წწ.), ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია (1265-1283). 1283 წლის მიწისძვრამ კვლავ დაანგრია ვაჰანის ქვაბები. 1551 და 1576 წწ-ში მონასტერმა განიცადა სპარსთა და ოსმალთა შემოსევა. ამის შემდგომ მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
ვანის ქვაბები კლდეში ნაკვეთი 200 ქვაბულისგან (სენაკები, ექვტერი, საძვალე, სახიზარი, დამხმარე სამეურნეო სათავსები, საკომუნიკაციო გვირაბები და 6 ეკლესია) შედგება, რომლებიც 16 სართულადაა განლაგებული. შემორჩენილია წყალსაცავი და 3 წყალ­სადენის ტრასის ნაშთი. არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილია 8 მარანი, კლდეში ნაკვეთი საწნახელი, კერამიკული სახელოსნო. სპეციალისტთა შეფასებით, ვაჰანის ქვაბების სამშენებლო-ხუროთმოძღვრულმა გამოცდილებამ შეამზადა პირობები ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის შესაქმნელად.
ვაჰანის ქვაბების ბოლო სართულზე კლდეში ჩაშენებული ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია XII-XIII სს-ის ფრესკული მხატვრობა და ისტორიული შინაარსის წარწერები, მათ შორის მონაზონ ქალთა მიერ (გულქან, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი...) მხედრულით შესრულებული წარწერები (XV ს.). წარწერებში ისინი ჩივიან თავიანთ უბედობაზე. ამ ქალთა მიერ არის მიწერილი კედელზე `ვეფხისტყაოსნის~ 2 სტროფი: ნაწყვეტი ნესტან-დარეჯანის მიერ ტარიელისადმი მოწერილი წერილიდან (1300; 1301), აგრეთვე სატრფიალო ლირიკული ლექსები.
 
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.