მცხეთა მთიანეთი
|
ქ. დუშეთიდან 115 კმ-ში, ზღვის დონიდან 1000 მ, პირიქითა ხევსურეთში მდებარეობს სოფელი შატილი. კლდეზე შეფენილი ხევსურული კოშკები ციხესიმაგრე-საცხოვრებელი იყო, რომელიც არა მარტო სოფელს იცავდა მტრისგან, არამედ სრულიად საქართველოს ჩრდილოეთ კედელს წარმოადგენდა და იცავდა ქვეყანას მომთაბარე ტომების შემოსევის შემთხვევაში. ციხე-სახლები ერთმანეთზეა მიწყობილი და ამგვარად ქმნის ერთიან თავდაცვით კედელს. შენობები ტერასულად არის განლაგებული. სახლებს ბრტყელი გადახურვა აქვს. სახლებს შორის მთელ სოფელზე გადის ქვის კიბე. სოფელი შატილი რამდენიმე უბნისგან შედგება (ანატორი, ქავჩი, შუასოფელი, ზენუბანი), რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ვიწრო გასასვლელებით. სოფლის დასაწყისში ცალკე დგას `საფიხვნო~ _ ერთსართულიანი შენობა, სადაც სოფლის მამაკაცები იკრიბებოდნენ სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად და სათათბიროდ.
მუცო მდ. არდოტის ხეობის შუა წელზე მდებარე პირიქითა ხევსურეთის უძველესი ციხე-სოფელია. არსებობა შეწყვიტა XIX ს. 20-იან წწ-ში შამილის მოლაშქრეთა შემოსევის შემდგომ. სოფელი განლაგებულია სამ ტერასად, ნაგებია ფიქლით. ტერასის შუა ნაწილში მდებარეობს სოფლის საჯინიბო-ბროლისკალო. იქვეა წმ. გიორგის ხატი და სათვალთვალო კოშკი. ციხე-სახლები 4-6-სართულიანია. I სართულზე ბოსელია, II _ საცხვარე, III და IV სართულები საცხოვრებელია. ზედა სართულებს იყენებდნენ საკუჭნაოს და საწყობის ფუნქციით.
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
ფოტო გალერეა
|