დღე 1 – საუზმე სასტუმროში – ბრეთის ეკლესია – ულუმბოს მონასტერი – უფლისციხე – მცხეთა – ვახშამი სასტუმროში – ღამისთევა მცხეთის სასტუმროში;
ბრეთის ეკლესია – ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. თავიდან პიროს ბრეთელმა ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც დღეს პიროს ბრეთელის სახელობის ტაძრად მოიხსენიება. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებო, მწიგნობრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვან კერას. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით და ბრეთის ტყავის სახარება. წმიდა მამა ტაძრის ეზოში ყოფილა დაკრძალული, მაგრამ ზუსტად უცნობია სად, პირობითად მისი საფლავი ტაძარშია მოწყობილი. ულუმბოს მონასტერი – ულუმბოს მონასტრის დაარსებას მიაწერენ ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს. ტაძრის შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ულუმბოს ამჟამინდელი ეკლესია 1871 წელს არის აღდგენილი, თუმცა ძველად არსებული ეკლესიის კვალი მაინც შემორჩენილია.
დღე 2 – საუზმე სასტუმროში – სამთავრო – წლევის მთა – წილკანი – ზედაზენი – შიომღვიმე – სამთავისი – ვახშამი სასტუმროში – ღამისთევა მცხეთის სასტუმროში;
სამთავრო – XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარია მცხეთაში. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა, მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა. დიდი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელწოდება – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. ამჟამად სამთავროში დედათა მონასტერია. წლევის მთა – ადრე აქ მამათა მონასტრის მთელი კომპლექსი ყოფილა, რომელიც თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით და თეთრახევის მამების მონასტრის სახელით არის ცნობილი. ამ ადგილას მოღვაწეობდა ასურელ მამათაგან ერთ – ერთი თადეოზ სტეფანწმინდელი. იქვე აღესრულა. ჯერჯერობით დაუდგენელია თუ სად არის ზუსტად წმინდა მამის საფლავი, სავარაუდოდ მონასტრის მამებმა მიაგნეს ამ საფლავს, თუმცა ჯერ, ოფიციალურად დადგენილი არ არის. დღეისათვის მონასტრის მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი – VI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია, სადაც მოღვაწეობდა ასურელ მამათაგან ერთ – ერთი ისე წილკნელი. მისი ნეშტიც აქვე განისვენებს. წილკნის ტაძარს განუყრელად უკავშირდება მისი განსაკუთრებული სიწმიდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც თავისი საკვირველი მადლისა და ძლიერების გამო ჩვენს ხალხს ოდითგანვე მიაჩნდა შემწედ და მფარველად. 1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი ინახება საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში. ტაძარში ამჟამად ხატის ასლი ასვენია. ზედაზენი – VIII–X საუკუნეების კულტურული ძეგლია. ზედაზნის მთას სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის – ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით, ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასწყისში (109 წ.) მდგარა ციხე-სიმაგრე, რომელიც დღემდე არ არის შემორჩენილი. სამონასტრო ნაგებობათაგან, ზედაზენზე შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII საუკუნის დასასრულს არის აშენებული, ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას. აქ დაგხვდებათ წყაროც, რომელიც იოანე ზედაზნელის ლოცვით აღმოცენდა. ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანე აქვე აღესრულა და მონასტერშია დასაფლავებული. შიომღვიმე – ღირსმა მამა შიომ დააარსა VI საუკუნის შუა ხანებში. სიცოცხლის ბოლო ორი წელი მას მონასტრის შუა ნაწილში მდებარე მღვიმეში გაუტარებია და აქვეა დაკრძალული. სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეშია ამოყვანილი. შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. სამთავისის – ჯვარგუმბათოვანი ტაძრის აშენება ვახტანგ გორგასალის სახელს უკავშირდება. სამთავისის ეკლესია თავდაპირველად აშენდა 475 წელს, VI ს.-ის 50-იანი წლებიდან აქ ერთ-ერთი ასურელი მამა – ისიდორე იწყებს მოღვაწეობას, ამ დროიდან იწყება სამონასტრო და საგანმანათლებლო ცხოვრება სამთავისში. ტაძარი საქართველოს ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმშვენიერეს ნიმუშს წარმოადგენს.
დღე 3 – საუზმე სასტუმროში – თბილისი – მარტყოფის ღვთაების მონასტერი – დავითგარეჯი – ხირსის მამათა მონასტერი – ქალაქ სიღნაღის პანორამული ხედების დათვალიერება – ვახშამი სასტუმროში – ღამისთევა სიღნაღის სასტუმროში;
მარტყოფის ღვთაების მონასტერი – ზეპირი გადმოცემისა და წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს (მარტყოფს) VI საუკუნემდე აკრიანი, ”ქვიანი ადგილი”, რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. VI ს. I ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული 13 ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, მამა ანტონი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა, შესაბამისად, სახელწოდება მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაც მოჰყვა. დავითგარეჯი – კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის – ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის – დავით აღმაშენებლის ძემ – დემეტრემ. გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები – უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. მონასტერი დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით. ხირსის მამათა მონასტერი – VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. ღირსი სტეფანე ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომელთაც VI საუკუნის II ნახევარში საქართველოში შემოსულებმა თავიანთი მგზნებარე ქადაგებითა და თავგანწირული შრომით ჩააქრეს ჩვენში ზოროასტრის ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტი, დააარსეს უდაბურ და მიუდგომელ ადგილებში ღირსად საქები მონასტრები და სულიერად განანათლეს ჩვენი ქვეყანა. სახელ „ხირსის“ წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან „ღირსი“. ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას. ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. მონასტერი ხშირად დარბეულა მტერთაგან და მრავალჯერ აღუდგენიათ. ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. მისი მესვეურნი დაუღალავად იღვწოდნენ ქრისტიანობის გასავრცელებლად დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვ.
დღე 4 – საუზმე სასტუმროში – ბოდბის მონასტერი – ნეკრესის მონასტერი – ალავერდის ტაძარი – იყალთო – ვახშამი სასტუმროში – ღამისთევა თბილისში;
ბოდბის მონასტერს – გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. წმინდა ნინოს დროიდან მოყოლებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX საუკუნეებში მიიღო. ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. ნეკრესის მონასტერი – ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქის ნაშთია, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდეა დაარსებული. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგეობებისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ადრინდელი ეკლესიების რიცხვშია ნეკრესის მონასტრის მცირე ეკლესია. ეს უძველესი ტაძარი წარმოადგენს სრულებით თავისებურ შენობას, როგორც ფორმით, ისე ზომით. ის ბაზილიკური ტიპისაა. მეორე მნიშვნელოვანი ნაგებობა – მთავარი ტაძარი დათარიღებულია VI ს-ით, რომელიც წმიდა აბიბოს ნეკრესელმა ააშენა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა. ტაძრის მოხატულობა ძალიან დაზიანებულია. წარწერების დიდი ნაწილიც განადგურებულია. ნეკრესის მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად. ნეკრესის მონასტერი ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ღორის დაკვლა ( შეწირვა) არის დაშვებული.ალავერდის ტაძარი – „ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. დღეს არსებული ალავერდის მონასტერი XI ს-ის პირველ მეოთხედში აშენდა და მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრად ჩამოყალიბდა. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. ალავედრის ტაძრის ტრაპეზის ქვეშ დაფლულია კახეთის დედოფლის, დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები. ალავერდის მონასტერს ჰქონდა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, სადაც იქ გადაწერილი თუ სხვაგან შექმნილი უამრავი ხელნაწერი წიგნი ინახებოდა. იყალთო – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი და სამონასტრო კომპლექსი დაუარსებია ასურელ მამათაგან ერთ – ერთს ზენონს VI საუკუნეში. იყალთოს მონასტერი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების, ასევე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს აქ აკადემია დაუარსებია. იყალთოს აკადემია, უმაღლესი სასწავლებელი იყო XI-XII საუკუნების საქართველოში. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი.
ტურის სახეობა: რელიგიური ტური
მარშრუტი: თბილისი – მცხეთა – ბრეთის ეკლესია – ულუმბოს მონასტერი – უფლისციხე – სამთავრო – ზედაზენი – შიომღვიმე – წილკანი – სამთავისი – წლევის მთა – მარტყოფის ღვთაების მონასტერი – დავითგარეჯი – სიღნაღი – ხირსის მამათა მონასტერი – ნეკრესის მონასტერი – ალავერდის ტაძარი – იყალთო – თბილისი;
ხანგრძლივობა: 3 ღამე / 4 დღე; ტურის ხანგძლივობა შეესაბამება თქვენი ჩამოსვლისა და გამგზავრების რეისებს;
სატრანსპორტო საშუალება: ევრო კლასის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება;
განთავსება: 3 * სასტუმრო / საოჯახო ტიპის სასტუმრო;
ფასში შედის:
-
ტრანსფერი – აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი;
-
ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით – ევრო კლასის სატრანსპორტო საშუალება;
-
გიდი – რუსულ / ინგლისურ ენოვანი;
განთავსება: 3 x სასტუმროში;
კვება:
ფოტო და ვიდეო გადაღება, სამახსოვრო დისკი;
1 ლიტრი მინერალური წყალი დღის განმავლობაში
ფასში არ შედის;
დაწვრილებით ინფორმაციას და ფასებს ტურის შესახებ მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.