ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მიწათმფლობელობა და სამეურნეო საქმიანობა
ცნობარი

მთელი XIX საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა გერმანიიდან და რუსეთიდან ცალკეულ გერმანელ კოლონისტთა ჩამოსვლა. ისინი, ძირითადად, გერმანულ კოლონიებში ან დიდ ქალაქებში (ხელოსნები) მკვიდრდებოდნენ.
ხელისუფლება ეხმარებოდა გერმანულ კოლონიებს: უფასოდ უშენებდა სახლებს, აძლევდა ფულს საქონლისა და შრომის იარაღების შესაძენად, ურიგებდა მიწებს (ოჯახს 35 დესეტინა სავარგული — სახნავ-სათესი, საბაღე და სავენახე — ნაკვეთი ეძლეოდა, გარდა ამისა, კოლონისტების განკარგულებაში იყო საერთო საძოვრები, ტყეები, სათიბები), იცავდა მათ შეიარაღებული ნაწილებით მთიელთა თავდასხმებისაგან და ა.შ. ჩამოსახლების პირველ წლებში კოლონისტებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა ადგილობრივი მოსახლეობაც. ჩამოსახლებულთ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ შენარჩუნებული გერმანიასთანაც.

ყოველმხრივი მხარდაჭერის მიუხედავად, კოლონისტები, პირველ ხანებში, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი უნდა შეგუებოდნენ უჩვეულო კლიმატს, ჯარის დახმარებით თავი უნდა დაეცვათ მოთარეშე ბანდებისაგან, დაეძლიათ მოუსავლიანობითა და ეპიდემიებით გამოწვეული სიძნელენი.

ხელისუფლებამ კოლონისტთა მძიმე მდგომარეობის გამოყენება მოინდომა და სცადა ისინი ლუთერანულ აღმსარებლობაზე გადაეყვანა. 40-იანი წლების დამდეგს ამის განხორციელება შესაძლებელი გახდა. გერმანელმა კოლონისტებმა უარი თქვეს თავი-ანთ «ჰილიასტურ» რწმენაზე და ლუთერანულ ეკლესიას შეუერთდნენ, რომელიც კავკასიელ გერმანელთა ერთიანობასა და მათ სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. სამხრეთ კავკასიაში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის სტრუქტურისა და ხელმძღვანელობის ჩამოყალიბება პირველად 1832 წლის საეკლესიო კანონის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. 1834 წელს სამხრეთ კავკასიაში პირველი ლუთერანული ეკლესია აკურთხეს. ეკლესიის ხარჯებს სახელმწიფო და თემი იხდიდა. პასტორთა ინიციატივით, დაარსდა სკოლები, რომლებიც მშობლიური შვაბიის რვაწლიან სახალხო კოლეჯებს შეესაბამებოდნენ. კოლონისტთა სკოლები ლუთერანული ეკლესიის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სწავლება გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა.

გერმანელი კოლონისტები თავიანთი უფლებებით, იურიდიულად, თავისუფალ გლეხებს უთანაბრდებოდნენ, მაგრამ რეალურად გაცილებით უკეთეს პირობებში იმყოფებოდნენ. ისინი კარგად სარგებლობდნენ მინიჭებული პრივილეგიებით და ეკონომიკურად ძლიერდებოდნენ. მათ ინტერესებს იცავდა ხელისუფლების მიერ და- ნიშნული ზედამხედველი. მთავრობის მიერ დაწესებული განსაკუთრებული მმართველობა კოლონისტებს საგუბერნიო და სამაზრო ბიუროკრატიული ადმინისტრაციის ყოველგვარი ჩარევისაგან ათავისუფლებდა.

გადმოსახლებამდე კოლონისტები აცხადებდნენ, რომ კარგად იცოდნენ მიწათმოქმედება და მევენახეობა, მაგრამ გადმოსახლების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ნაკლებად იცნობდნენ ამიერკავკასიაში გავრცელებული კულტურების, განსაკუთრებით ვაზის, მოვლა-პატრონობას. კოლონისტების მიერ გერმანიიდან ჩამოტანილი იარაღები ადგილობრივ პირობებში გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, 40-50-იანი წლებიდან მათ უკვე შეძლეს გარკვეული სამეურნეო-ეკონომიკური წარმატების მიღწევა. ამავდროულად, გერმანელებმა ბევრი რამ ისწავლეს და გადაიღეს ადგილობრივი მოსახლეობისაგან (ვაზის მოვლა, ქართული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის — მძიმე ქართული გუთნის, კევრის — გამოყენება და სხვ.).

1870-იან წლებში რუსეთის იმპერიაში გატარებული აგრარული რეფორმების შედეგად, კოლონისტებს ჩამოერთვათ განსაკუთრებული უფლებები, თვითმმართველობა გაუუქმდათ, სამხედრო ვალდებულებაც დაეკისრათ და ერთობის სკოლებიც რუსულ სახალხო სკოლებად გადაუკეთეს.

XIX საუკუნის ბოლოსათვის თბილისში 4 ათასამდე გერმანელი ცხოვრობდა. კუკიაზე დასახლებული კოლონისტების ძირითადი საქმიანობა ხელოსნობა იყო. გერმანელი ხელოსნები ორ რიგად ჩამწკვრივებულ ერთსართულიან საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ, რომლებსაც ირგვლივ ბაღები ერტყა. მათი ნაწარმი კარგად საღდებოდა. მთავრობის ხელშეწყობით, კოლონისტებმა გაავრცელეს ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურა (მაგ., კარტოფილი) და ზოგიერთი პროდუქტის (სხვადასხვა სახის ძეხვეულის, შვეიცარიული ყველის) საქართველოში დამზადების ტრადიციასაც ჩაუყარეს საფუძველი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კოლონისტთაგან რამდენიმემ საქართველოში მსხვილი კაპიტალისტული მეურნეობა შექმნა (კუჩენბახმა, ფორერმა, ფივეგმა და სხვ.).

ადგილობრივ კოლონისტებთან ერთად თბილისის გერმანული ერთობის წევრები იყვნენ შავი ზღვისპირეთიდან გადმოსახლებული გერმანელები, ვოლგისპირელი მუშები, მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული ბალტიისპირელი გერმანელები და სხვები, რომლებიც ვაჭრების, მუსიკოსებისა თუ მეწარმეების რანგში სტუმრობდნენ თბილისს და შემდეგ აქ დიდი ხნით რჩებოდნენ. ბალტიისპირელი თუ ქალაქური წარმოშობის რუსი გერმანელები სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებში მოღვაწეობდნენ, მათი ერთი ნაწილი ოფიცერი, აფთიაქარი ან ექიმი იყო.

ბალტიისპირეთიდან ჩამოვიდნენ გერმანელი მასწავლებლები და გუვერნანტებიც, რომლებიც ქალაქის ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლებს ამეცადინებდნენ. XIX საუკუნის 70-იან წლებში, ფირმა «ზიმენსის» შემოსვლასთან ერთად, თბილისში მრავალი ტექნიკოსი, მექანიკოსი და ინჟინერი ჩამოვიდა. მათი ნაწილი ქალაქის მმართველობის დავალებით, წყლისა და ელექტროგაყვანილობაზე მუშაობდა.

წყარო:



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.