ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დღევანდელი ვითარება
ცნობარი

2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 651 გერმანელი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა (424) თბილისის მკვიდრია, 83 — ქვემო ქართლში, 37 — იმერეთში, დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რაიონებში სახლობს.

მათი რაოდენობის შემცირება გარკვეულწილად 90-იან წლებში საქართველოში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, როდესაც მძიმე ყოფითი პირობების გამო, ბევრი მათგანი ემიგრაციაში წავიდა. 1990-იანი წლების დასაწყისში გადასახლების მსურველებს გერმანიის მთავრობაც დაეხმარა.

საქართველოში მცხოვრებ მცირერიცხოვან გერმანელთა ეროვნული თვითშეგნების, კულტურისა და ყოფის შენარჩუნებასა და მხარდაჭერაზე საქართველოს გერმანელთა ასოციაცია «აინუნგი» ზრუნავს (ძველგერმანული სიტყვა ,,აინუნგი,, ნიშნავს ერთობას), რომელიც 1991 წელს დაარსდა თბილისში.

ორგანიზაციას ფილიალები აქვს ბათუმსა და რუსთავში. ასოციაციის პირველი პრეზიდენტი 1991 წლიდან 2001 წლამდე იყო ნოდარ ქურდიანი, 2001 წლიდან დღემდე მას გარი აუგსტი ხელმძღვანელობს. ასოციაციის ძალისხმევით მრავალმა გერმანელმა სტალინური რეპრესიების დროს გამოცვლილი გვარი და ეროვნება აღიდგინა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ პრობლემის გადაწყვეტა პირველად საქართველოში დაიწყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც ,,აინუნგია,, დაკავებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფაა. 1997 წელს საქართველომ მიიღო კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ,,. ,,აინუნგის,, ძალისხმევის შედეგად კანონის მოქმედება გავრცელდა ეთნიკური ნიშნით დეპორტირებულ გერმანელებზეც.

,,აინუნგის,, შექმნისთანავე ჩამოყალიბდა გერმანული ენის შემსწავლელი კურსები.
ასოციაციასთან მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა ახალგაზრდული გერმანულენოვანი თეატრალური სტუდია, რომელსაც დიანა კესნერი თაოსნობდა. ასოციაცასთან პროფესიონალ მხატვართა ჯგუფიც არსებობს. ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურად ეწყობა საზაფხულო ბანაკები, სადაც მოზარდები ინტენსიურად ეუფლებიან გერმანულს.

გერმანული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია. 1991 წლიდან მამა-შვილმა დრაილინგებმა ლუთერანული ღვთისმსახურება განაახლეს, რომელსაც ისტორიულ სამშობლოში მათი დაბრუნების შემდეგ, პასტორი გარი აზიკოვი ატარებდა. 1995 წელს ასოციაცია ,,აინუნგმა,, მიწის ნაკვეთი მიიღო (გერმანელთა ყოფილი სასაფლაო ტერენტი გრანელის ქუჩაზე). 90-იან წლებში ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორმა, დოქტორმა გერდ ჰუმელმა, პენსიაზე გასვლის შემდეგ, საქართველოში გადმოსახლება, საკუთარი სახსრებით ახალი ეკლესიის აგება და ლუთერანული ეკლესიის აღორძინება გადაწყვიტა. გერმანული სასაფლაოს მიწაზე მან ,,შერიგების,, ეკლესია ააშენა. შემდგომში იგი საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი გახდა.

1999 წელს საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული საქველმოქმედო ორგანიზაცია «დიაკონური სამსახური» დაარსდა. იგი მოხუცთა თავშესაფარს ინახავს, რომელსაც სამედიცინო განყოფილება და ღარიბთა სასადილოც აქვს. «აინუნგსა» და «დიაკონურ სამსახურს», სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, გერმანიის მთავრობაც ეხმარება.

წყარო:



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.