ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში აგროტურიზმის განვითარებისთვის ტრენინგები ჩატარდება
20 იანვარი, 2016

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, მიმდინარე წელს ახალ პროექტებს იწყებს.

მიმდინარე წელს, სააგენტო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სრულყოფილი ტურისტული მარშრუტების შექმნას გეგმავს, რომლებსაც სხვადასხვა სერვისები დაემატება, რაც მარშრუტში საოჯახო სახლების ჩართვას, ადგილობრივი კერძების დეგუსტაციას, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გაცნობასა და სხვა სერვისებს ითვალისწინებს.

დაგეგმილია აჭარაში არსებული საოჯახო სახლების ბაზის შექმნა, რომელიც თავისი ფოტოებითა და ინფორმაციით დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსდება.

გარდა ამისა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში საოჯახო სასტუმროების მფლობელთათვის ტრენინგებს გეგმავს.

ერთკვირიანი ტრენინგებისას მონაწილეებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციასა და საინფორმაციო ბროშურებს, სადაც მომსახურების ძირითადი ნორმების შესახებ იქნება საუბარი.

სააგენტო კონკრეტული მარშრუტების მიხედვით გიდების გადამზადებასაც აპირებს, ტრენინგები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.

სიახლე იგეგმება ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მხრივაც. რეგიონში არსებულ 8 საინფორმაციო ცენტრს კიდევ ერთი დაემატება, რომელიც ბათუმი ცენტრალის შენობაში განთავსდება.

საინფორმაციო ცენტრებში ასევე იგეგმება სარეალიზაციო პრუდუქტების (მარშრუტები, რუკები, ტურები, ბროშურები, თემატური სუვენირები) განახლება და გამრავალფეროვნება.

გარდა ამისა, სააგენტო რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებას გაუწევს ფესტივალებს, მათ შორის ზაფხულის ფესტივალს, ფრინველების საერთაშორისო ფესტივალსა და შემოდგომის ფესტივალს, ასევე ინფო და პრესტურებს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.