ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ ქვევრის ვისკის „პროლოგი“ დაერქმევა
10 მარტი, 2016

საქართველოში ვისკის დამზადების ახალი - ქვევრში დაყენების ხერხი გამოიგონეს. მეთოდის ავტორი ირწმუნება, რომ თიხა ეთილის სპირტის საუკეთესო კატალიზატორია.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. განათლებით ფიზიკოსმა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კერძო ადვოკატმა ალეკო კვერნაძემ საქართველოში ვისკის ქვევრში დამზადების უნიკალური მეთოდი დააპატენტა.


„თავდაპირველად ეს უფრო ექსპერიმენტი იყო. მუშაობაში ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ. ქვევრი ეთილის სპირტის კარგი კატალიზატორია, რადგანაც თიხა სპირტს სხვადასხვა ჭუჭყისგან უფრო კარგად ასუფთავებს, ვიდრე სხვა ტექნოლოგიები. ამის გამო დავიწყეთ ამ საქმისთვის — სუფთა სპირტის, ანუ დისტილატის მისაღებად ქვევრის გამოყენება“, — განაცხადა კვერნაძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

განაცხადი გამოგონების რეგისტრაციის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გააგზავნეს, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღეს, განაცხადა მან.

კვერნაძე ვარაუდობს, რომ ვისკის ქვევრში დამზადების მისეული მეთოდით დაინტერესდებიან მსოფლიოში, რადგანაც ის უნიკალურია.


„ეს ქართული ვისკი იქნება. იმ პროდუქტს, რომელიც ამჟამად გვაქვს, რეალიზებისთვის „პროლოგი“ უწოდეს, რაც დასაწყისს აღნიშნავს. „საქპატენტმა“ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დღითიდღე სერტიფიკატის მიღებას ველოდები. პროდუქტს ჩემს აგარაკზე სოფელ ალექსეევკაში (თეთრიწყაროს რაიონი) უკვე ვაწარმოებთ, დაახლოებით 100-150 ლიტრ დისტილატს თვეში“, — განაცხადა კვერნაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა შესაბამისი ბოთლების არარსებობაა, რადგანაც მას საქართველოში არ აწარმოებენ.

„რადგანაც კარგი, შესაბამისი ბოთლები არა გვაქვს, პროდუქტი ბაზარზე ჯერ წარმოდგენილი არ არის… რა თქმა უნდა, თუ დაინტერესება იქნება, ჩვენი პროდუქტის ექსპორტს ვაპირებთ“, — განაცხადა კვერნაძემ.


 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.