ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Fabrika – ახალი კონცეფციის ჰოსტელი თბილისში
17 ივნისი, 2016

თბილისში, ძველი ტექსტილის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალი, 400 ადგილიანი ჰოსტელი განთავსდა. Fabrika Hostel „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის და აქამდე ნაცნობი სასტუმროებისგან განსხვავებული კონცეფციისაა: განთავსების საშუალების გარდა, აქ შექმნილია სხვადასხვა სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელია მუშაობა და თანამოაზრეების პოვნა. აქ ჩატარდება ფესტივალები, გამოფენები და სხვადასხვა ღონისძებები. ახალი ჰოსტელის კონცეფციისა და სერვისების შესახებ ჰოსტელის მენეჯერმა, ანი სვანიძემ “მარკეტერთან”ისაუბრა.

M: რაში მდგომარეობს Fabrika Hostel-ის კონცეფცია?

ჩვენი დიდი სურვილია, დავნერგოთ მომსახურების სრულიად ახალი ფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მოგზაურებს. ეს არის სივრცე, სადაც შეიკრიბებიან ხელოვანები, არტისტები, ან უბრალოდ, თანამოაზრეები და ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, იდეებს, ერთად იმუშავებენ სხვადასხვა პროექტებზე და დაგეგმავენ მოგზაურობას. ჩვენი მიზანია, Fabrika-ს სივრცე იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, სადაც 24 საათის მანძილზე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა და უნიკალური გამოცდილების მიღება. Fabrika Hostel იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოსტელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში.

 

M: როგორ შეარჩიეთ სახელი – Fabrika?

ეს შენობა საკმაოდ ისტორიულია: ადრე აქ ტექსტილის ქარხანა იყო და შესაბამისად, დავტოვეთ სახელი „ფაბრიკა.“ ამის გარდა, შენობას შევუნარჩუნეთ ფასადი: ინტერიერისა და ექსტერიერის უმეტესი ნაწილი ხელშეუხებელი დარჩა. ძირითადად, ინტერიერს თანამედროვე დიზიაინის ელემენტები შეეზავება, რაც შენობას სიახლეს შესძენს, თუმცა თავდაპირველი იერსახე შეუნარჩუნდება.

 

M: რა სერვისებს შესთავაზებს ჰოსტელი მომხმარებელს?

ჩვენ გვაქვს დიდი სივრცე ეზოში, სადაც იქნება სხვადასხვა კაფეები, არტ სტუდიოები, ვორქშოფები, ასევე, ჩატარდება გამოფენები, ფესტივალები და ბევრი სხვადასხვა ღონისძიებები. ფაბრიკას სივრცეში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის სახელოსნო მაღაზიების გახსნა, მათ შორის იქნება გრაფიტის მაღაზია, სადაც არტისტები და ამ სფეროს მოყვარულები შეძლებენ გაიცნონ ერთმანეთი და შეიძინონ საჭირო მასალები (აეროზოლები, მარკერები და სხვა). ასევე, აქვე განთავსდება სახელოსნო, სადაც არტისტებს შესაძლებლობა ექნებათ, თავადვე დამზადონ ნამუშევრები.

ცოტა ხნის წინ, ჩვენთან ჩატარდა სტრიტ არტისა და გრაფიტის ფესტივალი, – FABRIKAFFITI რომელშიც 30-მდე არტისტი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში მოიხატა Fabrika-ს გარე ფასადი და ეს ადგილი თბილისის რუკაზე მოინიშნება, როგორც სტრიტ არტის ერთ-ერთი ცენტრი. სამომავლოდ, გვინდა მოვიწვიოთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტებიც.

 

M: რა სეგმენტზე გაქვთ გათვლა და როგორია საფასო პოლიტიკა?

გათვლა ახალგაზრდა მოგზაურებზე გვაქვს და ფასებიც, შესაბამისად, მათზე მორგებული იქნება. ჰოსტელში ერთი დღე-ღამის ღირებულება 12 დოლარიდან დაიწყება. ველოდებით ბიზნეს ტურისტებსაც, ვისთვისაც ჰოსტელის დინამიური სოციალური ასპექტი მისაღები იქნება. ოთახებს რაც შეეხება, გვექნება საერთო ტიპის საცხოვრებელიც, 2 ადგილიანი ნომრებიც და 6 ოთახი, რომელიც აპარტამენტის სტილში მოეწყობა. ჯამში 400 საწოლი განთავსდება. მათთვის, ვინც მოგზაურობს და აინტერესებს, სადაა ქალაქის გული, ჩვენი ჰოსტელი იქნება ის ადგილი, სადაც ასეთი ადამიანები საინტერესო გარემოს აღმოაჩენენ და თავიანთ თავს იპოვიან.

Mვინ მუშაობს ჰოსტელის ბრენდინგზე?

ჰოსტელის ბრენდინგსა და ლოგოზე  მანანა არაბული (Zango Design Studio) მუშაობს, პროექტზე კი, არქიტექტურული ჯგუფი, Multiverce Architecture.

 

 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.