ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უნიკალური აღმოჩენა შირაქის ველზე: "უმაღლესი კულტურის ნაშთებია, ეს არის ქალაქები, პრაქტიკულად, სახელმწიფო"
22 ივლისი, 2016

შირაქის ველზე, დიდნაურის ნაქალაქარში რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.)

ნაქალაქარი, რომელიც სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ივრის ზეგანის ამ მონაკვეთში, გეოგრაფიულად, დიდი შირაქის, პატარა შირაქისა და ზილიჩის ნაყოფიერი ველებია. ველებს ირგვლივ მთაგორებზე ორმოცდაათი მცირე დასახლებაა, რომელიც XII-IX სს-ით თარიღდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, 2014 წლიდან შეუდგა დიდნაურის არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევა-ძიებას. 

როგორც ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ამბობს, ექსპედიციისთვის დაფინანსება 2014-2016 წლებში გამოიყო. კვლევების თანახმად, დიდნაურის ნაქალაქარი, პირველადი მონაცემებით, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ნაქალაქარია: "ახალი აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მან დაადგინა, რომ ეს ნაქალაქარი მართლაც გრანდიოზულია". 

როგორც შევიტყვეთ, ნაქალაქარის 7 მეტრი სიგანის გალავანი ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით არის ნაგები. სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ზომის ნაგებობებია.

გარკვეულ მონაკვეთზე ოთხი სამარხი გაითხარა. ინვენტარი აღმოჩნდა მხოლოდ ერთში. ამ მასალის მიხედვით, სამარხებს ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით ათარიღებენ. ზოგადად, ნაქალაქარი, მოპოვებული კერამიკული მასალის საფუძველზე, ძვ.წ. XII-XI - VIII-VII სს. განეკუთვნება.

დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. მთლიანი კომპლექსის გამოკვლევამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს დასკვნები ჩვენი წარსულის შესახებ და მრავალი საუკუნით გადაწიოს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი.


კიაზო ფიცხელაური, აკადემიკოსი, არქეოლოგი: "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სერიოზული აღმოჩენა გაკეთდა. სამარხები ეკუთვნის თუ არა ქართველებს, ამაზე მაშინ ვუპასუხებ, რაც ინგლისიდან დნმ-ის დასკვნა გვექნება. თუმცა, ფაქტია, რომ უმაღლესი კულტურის ნაშთებია, ეს არის ქალაქები, პრაქტიკულად, სახელმწიფო".

2016 წლის მაისში ამ ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ახლა კი ძეგლის მასშტაბურობიდან გამომდინარე, იმაზეც იმსჯელებენ, მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და წარუდგინონ საქართველოს მთავრობას, რათა მას ეროვნული კატეგორიაც მიენიჭოს. 

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

 

 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.