ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ჯუთის სახლი” – სასტუმრო 2200 მეტრის სიმაღლეზე
26 ოქტომბერი, 2015

15 წლის წინ სოფელ ჯუთაში ერთმა ადამიანმა სასტუმროს მშენებლობა გადაწყვიტა. ამას ადგილობრივები სკეპტიკურად შეხვდნენ – ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სოფელში როგორც სასტუმროს დანიშნულება ვერ წარმოედგინათ, ასევე მისი აშენების პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. დღეს იქ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გესთ ჰაუსი “ჯუთის სახლი”, იგივე  -“JUTAHOUSE”-ა. 78 წლის მშენებლის და ახლა უკვე სასტუმროს მფლობელის, გიგლა არაბულის წარსულში არაერთი ამგვარი მიღწევაა.

Marketer-ს გიგლა არაბულის შვილი, ნანუკა არაბული ესაუბრა მამის განვლილ გზაზე -ოცნებიდან მიზნამდე.

M: ნანუკა, მოგვიყევით მამის, გიგლა არაბულის შესახებ.

მამაჩემი, გიგლა არაბული, დაიბადა ყაზბეგის რაიონში, სოფელ ჯუთაში. ეს არის ერთადერთი ხევსურული სოფელი ხევში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.

მამა დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში. ერთი ძმა და ორი და ჰყავდა. ორივე მშობელი, აკია არაბული და ხორა გიგაური,

შვილების მიმართ აღზრდაში საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ ამავდროულად მათ მიმართ სითბოსაც იჩენდნენ. შვილებს ბავშვობიდანვე შრომას აჩვევდნენ. როგორც მამაჩემი, გიგლა არაბული იხსენებს, მის დას, თალალას,  უწევდა ხარებ შებმული გუთნით მიწის დამუშავება. თვითონ გიგლა მთელი ზაფხული, არდადეგების პერიოდში, ცხვრების სამწყემსად დადიოდა. ეხმარებოდა ოჯახს საქონლის მოვლაში, თიბვაში; ზამთარში, როცა გზები იკეტებოდა დიდთოვლობისგან, ფეხით ან ცხენით სულ პატარასაც კი უწევდა მთების გადავლა, თუ ამას საჭიროება მოითხოვდა.

M: განათლებას სად იღებდა?

გარკვეული პერიოდი ისწავლა ვლადიკავკაზის საშუალო სკოლაში. შემდეგ გადავიდა ბარისახოს სკოლა-ინტერნატში, რადგან იმ დროს ყველა ოჯახი, ვისაც არ ჰქონდა დიდი შემოსავალი, შვილებს სკოლა-ინტერნატში უშვებდა. აქ იღებდნენ განათლებას და ამასთანავე, ცხოვრობდნენ სკოლასთან არსებულ ინტერნატში, სადაც კვებითაც უზრუნველყოფდა სახელმწიფო. მამამ ის წარმატებით დაამთავრა.

სკოლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სახლში და გადაწყვიტა სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაებარებინა. ეს ფაკულტეტი ბავშვობიდან აინტერესებდა. სურდა ესწავლა ხელობა, რომ აეშენებინა თავისი ოცნების სახლი. მოიკიდა სამხედრო ჩანთა, რომელიც სავსე იყო წიგნებით, (ჯეკ ლონდონი, ჰემინგუეი, დრაიზერი, ვაჟა-ფშაველას პოემები),

ორფუთიანი სავარჯიშო გირი და როგორც თავად ყვება, გზას თბილისისკენ ქალამნებით გაუდგა.

პირველივე წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე წარმატებით მოეწყო. ამავე ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.

როცა ინსტიტუტიც წარმატებით დაამთავრა, მუშაობა დაიწყო ქალაქ რუსთავში, სადაც შემდეგ გამოუყვეს ბინა საცხოვრებლად, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ახალგაზრდა მუშაკს.

მუშაობდა N1 საამშენებლო ტრესტში, სადაც გაიარა ყველა შრომითი წოდების საფეხური, დაწყებული უბრალო მუშიდან, დასრულებული- ტრესტის მმართველად, რომელიც იმ დროს იყო უმაღლესი წოდება სამშენებლო სფეროში.

ამას მოჰყვა საზღვარგარეთ მივლინებები. დაახლოებით 7 წლის მანძილზე იმყოფებოდა იემენში, არაბეთის რესპუბლიკაში და შემდეგ გვინეის რესპუბლიკაში, სადაც ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის სპეციალისტების ჯგუფს და იყო მთავარი ინჟინერი სამშენებლო ობიექტებზე.

ამის მიუხედავად მისი მთელი ცხოვრების თანმდევი აზრი და ოცნება  იყო დაბრუნებულიყო იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

M: რა იყო მისი მთავარი მოტივაცია?

პირველივე დღიდან მოტივაციად იქცა ზუსტად ის, რომ ცხოვრებაში მაქსიმუმისთვის უნდა მიეღწია, რათა გაეცნოთ მისი წარმომავლობის ადგილი.

საქართველოში ყოფნის პერიოდში, შეძლებისდაგვარად ყოველ წელს ესწრებოდა მშობლიური სოფლის, ჯუთის დღესასწაულს, ათენგენობას. ყოველი სტუმრობის შემდეგ უმძაფრდებოდა სურვილი, რომ აეშენებინა სახლი ჯუთაში, სადაც დაბრუნდებოდა და დასახლდებოდა.

20-30 წლის წინ მან უკვე იცოდა, რომ ჯუთა იქნებოდა ტურისტული სოფელი, სადაც უამრავი ტურისტი ივლიდა. მაშინ ეს სასაცილოდაც არავის ყოფნიდა, რადგან იმ დროს სოფელში ელემენტარული ყოფითი პირობებიც კი არ იყო მოწესრიგებული.

M: როდის გაუჩნდა სასტუმროს გახსნის იდეა და რა იყო პირველი ნაბიჯები?

15 წლის წინ პირველად გაუჩნდა სასტუმროს აშენების იდეა. იმ დროს სოფელში არ იყო არცერთი სასტუმრო. იდეა წარმოშვა სხვა მთიანი სოფლების მიმართ ტურისტების ინტერესმა. ამბობდა, იქნებ ასე მაინც მოვიზიდოთ და საინტერესო გავხადოთ ჩვენი ჯუთაო. უნდოდა მთაში ამოსულ სტუმრებს კომფორტულად დაესვენათ. სასტუმროს აშენების იდეა 2012 წელს მოიყვანა სისრულეში და 2013 წელს გაიხსნა სასტუმრო “ჯუთის სახლი”, იგივე  -“JUTAHOUSE”. (სასტუმროს სახელი მე დავარქვი, შემდგომ გავანდე მამას იდეა და მანაც მომიწონა). მესამე წელია ფუნქციონირებს ეს სასტუმრო, რომელსაც დღემდე უძღვება 78 წლის გიგლა.

მან მთელი ცხოვრების მანძილზე მოგროვებული დანაზოგებით, საკუთარი სამშენებლო მასალებით და ტექნიკით დაიწყო მშენებლობა. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ მშენებლობის დაწყებამდე გარდაიცვალა დედა, გიგლას მეუღლე, თამრიკო გოგოჭური, რისი დარდი და ტკივილიც გადაიტანა თავისი ოცნების სისრულეში მოყვანით.

M: როგორი ხელმძღვანელია მამა?

როგორც ხელმძღვანელი მკაცრია. ზოგადად ვერ იტანს ზარმაც ადამიანებს, რადგან მიიჩნევს, რომ სიზარმაცე ადამიანს და მის ცხოვრებას ღუპავს.

ადამიანებისგან მაქსიმუმს ითხოვს და ამის მაგალითს თავადაც იძლევა. ყოველ დილით, 4 -5 საათზე დგება, ვარჯიშობს, იკვებება ჯანმრთელად. უყვარს სტუმრები. ცდილობს ყველას გამოელაპარაკოს, აზრი მოისმინოს, ზოგჯერ მათ თავისივე ხელით დაწურულ ღვინოზეც ეპატიჟება.

M: როგორ მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაცია?

სასტუმროს შესახებ ინფორმაცია გავავრცელე სოციალური ქსელით- მშენებლობის პროცესშივე შევქმენი ფეისბუქ გვერდი, პარალელურად, სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოს დავუკავშირდი და თანამშრომლობა შევთავაზე.

M: როგორია დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან?

ძალიან დიდია მოთხოვნა. პირველი ორი წელი ძირითადად უცხოელი ტურისტები გვყავდა. წელს ქართულმა სეგმენტმა აჯობა, რაც ყველაზე ძალიან გვახარებს. ყველა ეროვნების ტურისტები გვყავს, მაგრამ ქართველები, ებრაელები, იაპონელები, პოლონელები და უკრაინელები ჭარბობენ.

M: რამდენი ადამიანია დასაქმებული სასტუმროში?

სასტუმროს ჰყავს 10 თანამშრომელი, რომლებიც მუდმივად ქმნიან მყუდრო გარემოს სტუმრებისთვის.

M: კონკურენტების შესახებ რას იტყვით?

სოფელში კონკურენცია არ არის. ჯუთაში თითქმის ყველა ადგილობრივ მაცხოვრებელს სახლში აქვს ე.წ გესთ ჰაუსი, რაც მათი საარსებო წყაროა. ასევე ცოტა ხნის წინ გაიხსნა სასტუმროც.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სასტუმროს თუ გესთ ჰაუსს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენც გვყავს ჩვენი მომხმარებელი, რომლისთვისაც პრიორიტეტი კომფორტულად დასვენებაა, თუნდაც ლაშქრობის ან ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, როგორიცაა ინდივიდუალური სველი წერტილები, გათბობა, დიდი ოთახები, საუნა, ბილიარდი, ღია აუზი და კიდევ ბევრი დეტალი, რითიც გამოირჩევა ჩვენი სასტუმრო.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

სამომავლო გეგმებში შედის განახლება, განვითარება და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა.

M: ბატონი გიგლას გადმოსახედით, რა არის მთავარი წარმატებისთვის?

წარმატებისთვის საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა, საქმის ცოდნა, დიდი ძალისხმევა და ყველაზე მთავარი -საკუთარი თავის რწმენა.

წყარო


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.