ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმი, ომი და მშვიდობა - ტურიზმის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე
03 აგვისტო, 2016
არც თუ დიდი ხნის წინათ, ა.წ. 14 ივლისს პასიკუდაში (შრი ლანკა) ჩატარდა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNჭთO) კონფერენცია: “ტურიზმი - განვითარების, მშვიდობისა და შერიგების კატალიზატორი”, სადაც განხილული იყო შრი ლანკაში მომხდარი ოცდაათწლიანი დაპირისპირებების შედეგები და ტურიზმის როლი მხარეთა შერიგების საქმეში. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ოთხ მთავარ თემაზე: ტურიზმის წილი მშვიდობის გამყარებაში;ადგილობრივი თემის ჩართულობა და „მშვიდობის მიმართ მგრძნობიარე ტურიზმი“; საჯარო/კერძო თანამშრომლობა და მარკეტინგი პოსტკონფლიქტურ ტურისტულ ადგილებში.
 
 
ეს კონფერენცია საკმაოდ აქტუალური იყო და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, რადგან ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე „მშვიდობიანი“ დარგია: მასზე დამღუპველად მოქმედებს არასტაბილურობა და პირიქით, ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს მშვიდობის გამყარებას.
 
 
ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მსოფლიო მოვლენებმა ლტოლვილთა რიცხვი გაამრავლა. საერთაშორისო ტურიზმის წარმომადგენლებს და დამსვენებლებს ძირითადად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ. მომრავლებული დევნილები ხელს უშლიან დასვენების მაღალ ხარისხს, როცა ისინი ნავებით უახლოვდებიან ისეთ ცნობილ და მოთხოვნად საკურორტო კუნძულებსა და სანაპიროებს როგორიცაა მაგალითად, კოსი (საბერძნეთი) და ამით დამსვენებელთა უკმაყოფილებას იწვევენ.
 
მაგრამ თუკი ამ უკმაყოფილების მიზეზს სხვა კუთხით შევხედავთ და გავეცნობით კონკრეტულ ისტორიებს, მაშინ სხვაგვარად აღვიქვამთ ვითარებას და გამოსავალს არსებული მდგომარეობიდან:
ერთ-ერთი პირველი ინიციატივა თავის თავზე აიღო ჰოლანდიელმა ტუროპერატორმა ჯონას მედსენმა, რომელმაც კოსსა და ლესბოსზე დასვენების მსურველ თავის ტურისტებს უფლება მისცა დამატებით 20 კგ ბარგი უფასოდ გადაეტანათ, თუკი ისინი ამ ბარგს ლტოლვილებისთვის წაიღებდნენ. 
ამ კუნძულებზე ნავებით მომდგარი დევნილების დასახმარებლად შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფიც, რომელსაც 13 000 ხელმომწერი ჰყავს და სადაც მუდმივად ქვეყნდება მათთვის საჭირო ნივთების ნუსხა. ასევე იტვირთება ფოტოები, თუ როგორ გადაეცათ მათ უკვე გაგზავნილი დახმარება.
 
 
საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს ვენაშიც (ავსტრია), სადაც არც თუ დიდი ხნის წინათ გაიხსნა„მაგდას სასტუმრო“, რომელიც, ერთი შეხედვით, ტიპიურ ბუტიკ-სასტუმროს წარმოადგენს: ვინტაჟური სტილი, ძველებური ავეჯი, საღამოს კოქტეილები... მაგრამ რაც განასხვავებს ამ სასტუმროს, არის ის, რომ მომსახურე პერსონალიდან უკლებლივ ყველა ლტოლვილია. საერთო ჯამში ისინი 11 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან დევნილები. ასევე სასტუმროში გათვალისწინებულია ორი ნომერი მარტოხელა 18 წლამდე თავშესაფრის მაძიებელი დევნილებისთვის. როცა ისინი შესაბამის ასაკს მიაღწევენ, შეუძლიათ ადგილზევე შეისწავლონ სასტუმრო საქმე და დასაქმდნენ. „ჩვენ გვსურდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ტურისტებს ხვდებიან და მასპინძლობენ ადამიანები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები მიეტოვებინათ და გამოქცეოდნენ შიმშილს, ომს ან ტერორიზმს“ - ამბობს მარტინ გარტნერი, რომლის იდეაც იყო ამ სასტუმროს დაარსება.
 
კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენა მოხდა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როცა პროექტმა„მიგრანტურმა“ თავისი მუშაობის 2 წლისთავი აღნიშნა. გასული 24 თვის მანძილზე „მიგრანტურმა“ შექმნა მარშრუტების ევროპული ქსელი, რომელსაც გიდობას უწევენ დევნილები და ეს ტურები შექმნილია ისე, რომ ხაზს უსვამს კულტურათაშორის მრავალფეროვნებას და ასევე, შეზღუდული უნარ-ჩვევების მიგრანტებსაც დამატებითი შემოსავლით უზრუნველყოფს. დევნილ გიდებს შორის ასაკი შეუზღუდავია, გიდობენ როგორც ახალი ლტოლვილები, ისე დიდი ხნის წინათ იძულებით გადაადგილებული პირები და მათი მიზანია აჩვენონ ტურისტებს, სტუდენტებს და ადგილობრივებს როგორ აღიქვამენ ინტერპრეტირებულ გარემოს და როგორი გამოცდილება აკავშირებთ მათ ამ ადგილებთან. ამ პროგრამით გიდები მუშაობენ ევროპის 9 ქალაქში: ტურინი, მილანი, გენუა, ფლორენცია, რომი, მარსელი, პარიზი, ვალენსია და ლისაბონი, ისინი უკვე მოემსახურნენ 11000-ზე მეტ ადამიანს. იგეგმება ამ პროგრამის გაფართოება მთელ ევროპაში.
 
 
ესაა სამი განსხვავებული მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ტურიზმს დაეხმაროს პოსტკონფლიქტურ სიტუაციას არამხოლოდ კეთილი ნების ადამიანების მეშვეობით, არამედ ზოგადად თავისი სტრუქტურითაც. ესაა ინდუსტრია რომელიც მოიცავს სამოგზაურო ქსელს, განთავსების პროვაიდერებს, მოგზაურებსა და ინფორმაციის გამავრცელებლებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტურიზმის ამოსავალი წერტილი დაფუძნებულია სწორედაც სტუმართმოყვარეობასა და უცხოელთა კეთილგანწყობის მოპოვებაზე
 
აღსანიშნავი და აღმაფრთოვანებელია რამდენად დროული აღმოჩნდა ტურიზმის ინდუსტრიის ჩართვა ნეპალის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საქმეში, რამდენად სწრაფად მოახდინეს მობილიზება ამ სფეროს წარმომადგენლებმა. მათ მიერ სოციალური მედიისა და ონლაინ კავშირების გამოყენებით ოპერატიულად ენერგიის თავმოყრამ მთელ მსოფლიოში შესაძლებელი გახადა მუშაობის დაწყება და გამოსავლის ძიებაზე ფიქრი, რის შედეგადაც ერთობლივად განავითარეს პროექტი Nეპალ Nოწ და თოურისმ ჩარეს. რა თქმა უნდა, ლტოლვილთა კრიზისი სრულიად სხვა სირთულის მოვლენაა და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, მაგრამ ტურიზმის ინდუსტრიის უნიკალური უნარი - მოახერხოს რესურსების მობილიზება, სწორედ ისაა, რაც ასე სჭირდება ნებისმიერ რთულ სიტუაციას.
 
ამის აღსანიშნავად ზემოთ ხსენებულ კონფერენციაზე არაერთი მნიშვნელოვანი ფრაზა გაჟღერდა, რითიც ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად დიდი ადგილი უკავია ტურიზმს პოსტკონფლიქტურ რეგიონებში შერიგებისა და მშვიდობის გამყარების საქმეში:
 
„ტურიზმი არის ნდობისა და კეთილი ნების ლოკომოტივი. კულტურულ ურთიერთგაგებას შეუძლია შეცვალოს დამოკიდებულებები და დაამყაროს მშვიდობა. ამ საქმეში ტურიზმის მთავარი როლი ასევე განპირობებულია იმით, რომ ეს ინდუსტრია თავისი სტრუქტურით ებრძვის სიღარიბეს და იცავს კულტურულ თვითმყოფადობას და ბუნებრივ გარემოს“ - შრი ლანკის პრეზიდენტი მაიტრიპალა სირისენა.
„30 წლის მანძილზე ამ ადგილას საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. დღეს პასიკუდა გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლეს ომით დაზარალებულმა მხარეებმა საკუთარი ცხოვრების აღდგენა. ჩვენ აქ ვერ შევხვდებოდით, რომ არა მშვიდობა. და ამით გვსურს მსოფლიოს მივცეთ მაგალითი, როგორ შეიძლება რეგიონის კონფლიქტის ფერფლიდან აღდგენა და მოწინავე ტურისტულ ობიექტად ქცევა“ - შრი ლანკის ტურიზმის განვითარებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრი ჯონ ამარატუნდა.
„ჩვენ დავინახეთ ტოლერანტობის დეფიციტის შედეგი. ტურიზმი აახლოებს ხალხს, ის ხსნის გულსა და გონებას. და იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა, ჩვენ ხალხს უნდა გავუჩინოთ იმედი და რწმენა უკეთესი მომავლისა“ – UNჭთO გენერალური მდივანი თალებ რიფაი
„პეტრას ეროვნულმა ფონდმა რამდენიმე არაფორმალური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამომჟღავნდა, რომ როცა ტურიზმი არაა სათანადოდ ორგანიზებული, ნარჩუნდება სოციალური ურთიერთობების დაძაბულობა, სუსტდება ადგილობრივთა დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, ცივდება მათი პასუხისმგებლობა ტურისტული ობიექტების მიმართ და ადგილობივი კულტურა და ღირებულებები ცვდება“ - პეტრას ეროვნული ფონდის თავმჯდომარე, იორდანიის პრინცესა დანა ფირასი.
 
 
თარგმნა 
 
ლელა გიორგაძემ

წყაროები:


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.