ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ბიზნესდაჯილდოება 2016” – ყველაზე მასშტაბური კონკურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის
04 აგვისტო, 2016

“ბიზნესდაჯილდოება” “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” პარტნიორობით წამოწყებული ახალი პროექტია და საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების ყველაზე მასშტაბურ კონკურსს წარმოადგენს. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, შემდგარი ბიზნესკომპანიების წახალისებაა, ხოლო, მეორე მხრივ, დამწყები ბიზნესმენებისთვის წარმატებისკენ სწრაფვის შთაგონება და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ მოწოდებაა. პროექტი მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის პრიორიტეტულ დარგებს და გამოჰყოფს შემდეგ ნომინაციებს:

  • წლის ტურისტული ბიზნესი;
  • წლის აგრობიზნესი;
  • წლის ქართული პროდუქტი;
  • წლის ინოვაციური ბიზნესი;
  • წლის მცირე ბიზნესი;
  • ხალხის რჩეული;

„ჯეოსელის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმამარკეტერთან პროექტის მიზნებზე ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტეს მსგავსი კონკურსის ჩატარება.

M: როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა და რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესდაჯილდოების გაკეთება?

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების იდეა უკავშირდება წარმატებისადმი სწრაფვას, რწმენასა და დაუღალავ შრომას, რომლის ნათელი მაგალითი ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ბევრი მზარდი კომპანიაა. ადამიანები, რომელთაც ასეთი სულისკვეთებით წამოიწყეს თავიანთი საქმიანობა, ნამდვილად  იმსახურებენ წარმატებას, რაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოტივაციასა და წახალისებას. მზარდი ბიზნესი უდიდესი პოტენციალია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ბიზნეს დაჯილდოება კი, საუკეთესო საშუალებაა მცირე და საშუალო  კომპანიებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი თავი და კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გააგრძელონ  საქმიანობა. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა მზარდი ბიზნესისთვის ბიზნესდაჯილდოების შექმნის იდეა .

M: რა არის პროექტის მიზანი?

პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს საქართველოში მოღვაწე წარმატებული მცირე და საშუალო მეწარმეეები და მისცეთ საშუალება, ფართო საზოგადოებას გააცნონ თავიანთი საქმიანობა. ასევე,  ეს დაჯილდოება იქნება ერთგვარი შეჯიბრი მზარდი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. ეს კი, დამატებით მოტივაციას შესძენს კომპანიებს,  უფრო მეტი სტიმულით გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

 

თიბისი ბანკის მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბიზნეს კლიენტების მომსახურების მართვის დირექტორის მოადგილის, თამარ ჟიჟილაშვილის თქმით, საჭირო იყო პლატფორმა, რომელიც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემდა ამ სეგმენტს და განვითარებაში შეუწყობდა ხელს. თამარმა მარკეტერთან ისაუბრა ორი კომპანიის პარტნიორობის შესახებ და განმარტა, თუ როგორი სახე ექება პროექტს.

M: როგორ შედგა TBC Bank-ისა და Geocell-ის პარტნიორობა?

აღმოჩნდა, რომ ჩვენ და ჯეოსელს ამ მიმართულებით საერთო მიზნები და ინტერესები გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავიანთ სფეროებში ამ ორი ლიდერი კომპანიის გამოცდილება არის ის შესანიშნავი რესურსი, რაც სხვების მხარადჭერასა და წახალისებაში უნდა გამოვიყენოთ.

M: ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს?

სპეციალურად ამ ბიზნესდაჯილდოებისთვის, შევქმენით დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს. ვარჩიეთ, რომ კონკურსის მიმდინარეობისას მათი ვინაობა ანონიმური დაგვეტოვებინა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ კომისიის წევრების ვის პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაშიც საზოგადოებას ეჭვი არ შეეპარება. ისინი გადაარჩევენ შემოსულ აპლიკაციებს, შეარჩევენ ფინალისტებს და შემდეგ  გამარჯვებულებს მოცემულ შვიდ ნომინაციაში გამოავლენენ. ნომინაციაში „ხალხის რჩეული” გამარჯვებული გამოვლინდება ელექტრონულად, საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით.

M: რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მონაწილეები?

არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელიც ყოველი ნომინაციისთვის განსხვავებულია, მაგრამ მნიშველოვანია ის, რომ ჩვენ გვაინტერესებს წარმატების ისტორიები. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, რიცხვებში გამოხატული  ბიზნესი იყოს უფრო „დიდი“, მაგრამ სხვა უფრო მცირე ბიზნესს ჰქონდეს  წარმატების „დიდი“ ისტორია. ჩვენ სწორედ ასეთ ისტორებს ვეძებთ, რომლებიც ყველას დაანახებს, რა შესაძლებლობები იბადება, როცა ადამიანი ყველაფერს აკეთებს  მიზნის მისაღწევად და აღწევს კიდეც.

 

M: როდემდე იქნება შესაძლებელი განაცხადის შევსება და როდის ჩატარდება დაჯილდოება?

ვებ-გვერდზე www.businessaward.ge უკვე დაიწყო კონკურსანტების განაცხადების მიღება და ეს პროცესი 15 აგვისტომდე გაგრძელდება. შემდეგ კომისია გადაარჩევს აპლიკაციებს და დაასახელებს ფინალისტებს. ჩვენ და „ჯეოსელი“, ჩვენის მხრივ, უზრუნველვყოფთ მათ შესახებ ცნობადობის გაზრდას, მოვყვებით მათ  ისტორიებს, როგორც მედიის, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით.  შემდეგ უკვე კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს და მათი დაჯილდოება ნოემბერში მოხდება. სპეციალურად მათთვის, დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, ორიგინალური დიზაინის პრიზები შექმნა.

M: როგორი მოლოდინები გაქვთ პროექტთან დაკავშირებით? 

ვფიქრობთ, ბევრი საინტერესო ინიციატივა და წამოწყება გამოვა ჩრდილიდან და საზოგადოებას საკუთარ წარმატებას გაუზიარებს. იმედი გვაქვს, ამას გადამდები ეფექტი ექნება და ზოგადად სფეროს მიეცემა განვითარების ბიძგი და სტიმული. მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის სემენტი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანაში და ამ სეგმენტის განვითარება მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.