ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წინანდლის მამულებში 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება
03 სექტემბერი, 2016

„საპარტნიორო ფონდმა“ და „სილქროუდ ჯგუფმა“ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც წინანდალში 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება და კახეთში პირველი ბრენდული სასტუმრო „რედისონი“ აშენდება.

სასტუმრო „წინანდალი რედისონი“ თელავის რაიონში, სოფელ წინანდალში, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. საინვესტიციო პროექტზე შეთანხმება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შედგა. ოფიციალურ დოკუმენტს წინანდალში  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს „წინანდლის მამულების“ დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც დაესწრო.

„წინანდლის მამულებში 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება, ეს იქნება პირველი ბრენდული სასტუმრო კახეთში - ”რედისონი”. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბრენდული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ჩნდება რეგიონებში იმიტომ, რომ რეალურად ეს არის რეგიონის გამოჩენა მსოფლიოს რუკაზე. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. 50 000-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს წინანდლის მამულს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ პოტენციალი 10-ჯერ მეტია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ახალ სასტუმროში დაახლოებით 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

წინანდალში  სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობს.  


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.