დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ეყრება საფუძველი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აფუძნებს ტურიზმის განვითარების ფონდს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფპნდის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ინიციატივა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო“,-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოს გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.
„ალბათ, ყველა ამჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, რასაც მოწმობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ დღითი დღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს აღმავალი ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. სწორედ ამის მისაღწევად ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება ძალიან დროული ნაბიჯია. ფონდის მიმართულებები და კრიტერიუმები ზუსტად ის არის, რაც სჭირდება ქვეყანას და უზრუნველყოფს ტურიზმის სტაბილურ განვითარებას მომავალში. სწორედ ეს ფონდი ახორციელებს 8 უნიკალურ მსოფლიო დონის მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, საერთო ღირებულებით 680 მილიონი დოლარი. აქედან უკვე ინვესტირებულია 259 მილიონი ლარი. ფონდის მასშტაბურობაზე და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის მხრიდან: „სასტუმრო თავისუფლების მოედანზე“, „სასტუმრო სოლოლაკსა“და „სასტუმრო შეკვეთილში“ შემოვიდა „მარიოტის“ უმაღელსი კლასის ბრენდის Autograph Collection“, - განცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო, სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს,რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ. თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები“ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2500 ადამიანი. მისასალმებელია რომ სასტუმროების მართვის კომპანიას ასევე, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება რეგიონალური ტრენინგცენტრების შექმნის კუთხით. კომპანია გადაამზადებს ადგილობრივ მოსახლეობას, აამაღლებს მათი კვალიფიკაციის დონეს, განავითარებს მომსახურების ინდუსტრიას რეგიონებში. ფონდი აქცენტს გააკეთებს არა მარტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, არამედ ეკოლოგიაზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერაზე. ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას. ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს საინვესტიციოპროექტები სახელმწიფო ხედვის და სივრცითი მოწყობისსტრატეგიიდან გამომდინარე. ფონდი ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. ამის კარგი მაგალითია პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის განვითარების ფონდი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სულ უფრო საინტერესო ტურისტებისა და ინვესტორებისთვის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.