ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია ერთ კვირაში დასრულდება
25 ოქტომბერი, 2016

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამჟამად დარჩენილია მხოლოდ ვიტრაჟებისა და  განათების მონტაჟი. სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და მისმა პირველმა  მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერეს.

მინისტრის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით მიმდინარეობს. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.

სამინისტროს ცნობით, სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა.  სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია.

ბატონის ციხის რეაბილიტაციის პარალელურად, ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. მუზეუმის შენობას საგამოფენო  დარბაზი დაემატა.  პროექტის ფარგლებში უკვე ამოყვანილია კედლები და  მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს.

რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. სამინისტროს განცხადებით, პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, რაც კახეთის რეგიონში ტურიზმის  განვითარებას  შეუწყობს ხელს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.