ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Best Western City Centre - ვაკეში პირველი ბრენდული სასტუმრო გაიხსნა
06 აგვისტო, 2018

ვაკეში, მრგვალ ბაღთან,  Best Western Hotels & Resorts-ის სასტუმრო Best Western Tbilisi City Centre-ი გაიხსნა. სასტუმრო ამ ქსელში შემავალი რიგით მეექვსეა საქართველოში, თბილისში კი Best Western Tbilisi Art Hotel-ის შემდეგ მეორე. აღსანიშნავია, რომ Best Western Tbilisi City Centre-ი  პირველი ბრენდული სასტუმროა დედაქალაქის ისეთ პრესტიჟულ უბანში, როგორიც ვაკეა.

44-ნომრიან სასტუმროში 40 ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს მართვას ახორციელებს ადგილობრივი მენეჯმენტი, რომელიც მაია წერეთლის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომპანია Key Hospitality Management-მა მოამზადა და დააკომპლექტა.

სასტუმრო ეკონომკლასისაა და საშუალო შემოსავლების სტუმარზეა გათვლილი,  ნომრის ფასი, სეზონის მიხედვით, 80-150 დოლარის ფარგლებშია. სასტუმროს მფლობელ კომპანიაში განმარტავენ, რომ სასტუმროს საინვესტიციო პორტფელმა 5,5-6 მლნ ლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო მცირე ზომისაა სტუმარებს შეუძლიათ, კომფორტულ ნომრებთან ერთად ისარგებლონ რესტორან/ლაუნჯის მომსახურებით, რომელსაც გააჩნია საზაფხულო მწვანე ტერასები, რაც ამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ახალ სასტუმროს დამატებით ხიბლს მატებს. სტუმრები არსებულ ღია სივრცეში ერთდროულად შეძლებენ როგორც გემრიელი კერძების დაგემოვნებას, ასევე დროსაც სასიამოვნოდ გაატარებენ.

ბოლო პერიოდში სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Best Western Hotels & Resorts-ი საქართველოში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და როგორც ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის, კომპანია Capitol HPS-ის დირექტორი გოჩა ჯაიანი Travelingeorgia-სთან განმარტავს, 2018 წლის ბოლომდე Best Western Hotels & Resorts-ის საერთაშორისო ქსელს საქართველოდან კიდევ ორი ახალი სასტუმრო შეემატება: 104 ნომრიანი პრემიუმ კლასის Best Western Premier Batumi თვის ბოლომდე გაიხსნება და 62 ნომრიანი ეკონომკლასის Best Western Gudauri-ის გახსნა კი წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე Best Western Hotels & Resorts-ი  საქართველოში წარმოდგენილი იქნება ქსელის 3 ძირითადი ბრენდის 8 სასტუმროთი, რომლებიც მდებარეობს საქართველოს 6 ქალაქში და რომელთაგან 4 კურორტია (ბათუმი, საირმე, ბაკურიანი და გუდაური).

კომპანიის მიზანია საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და პოპულარულ კურორტზე წარმოდგენილი იყოს Best Western-ის ქსელში გაერთიანებული ერთი სასტუმრო მაინც. ამ მიზნიდან გამომდინარე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პროექტზე და ახალი სასტუმროების გახსნა იგეგმება თბილისში, ქუთაისში, მარტვილში, მესტიაში, ანაკლიაში, ფოთში, წყალტუბოში, სტეფანწმინდასა და თელავში. მენეჯმენტის პროგნოზით, Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში გაერთიანებული სასტუმროების რაოდენობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოში 12-ს, ნომრების ჯამური რაოდენობა კი დაახლოებით 750-ს მიაღწევს.

Best Western Hotels & Resorts-ი სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში და უმსხვილესი  სასტუმროების ქსელების ათეულში შედის. კომპანია შედგება სხვადასხვა კატეგორიის 11 ბრენდისგან. მის ქსელში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ქვეყნის 4200-მდე სასტუმრო. სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ფენიქსში, არიზონა, აშშ. საქართველოს წარმომადგენლობა ექვემდებარება ქსელის ევროპის რეგიონალურ ოფისს, რომელიც მდებარეობს ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.