ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭიათურა სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აოცებს
11 სექტემბერი, 2023

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის სექტორი ვითარდება. 

გამორჩეულად მარავალფეროვანი ბუნება და საოცარი ლანდშაფტი, სათავგადასავლო, ეკო და ექსტრემალური ტურისტული მიმართულებების განვითარების ფართო შესაძლებლობებს იძლევა. ამჯერად, იმერეთის რეგიონი, კერძოდ ჭიათურა - სოფელი სვერი გააოცებს სტუმრებს.

„სვერის სათავაგადასავლო ბანაკი“ სტუმრებს იმერეთში სრულიად განსხვავებულად და ახლებურად ამოგზაურებს. აქ მძაფრი შეგრძნებების და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მიღება ერთდროულად არის შესაძლებელი ისეთი სათავგადასვლო ტურების მეშვეობით, როგორიცაა კლდეზე ცოცვა, მთის ველოტური, ლაშქრობა, ისტორიული ადგილების მონახულება, კანიონინგი, ადგილობრივი კულინარიული შედევრების გაცნობა და ასევე, რაც უნიკალურია - “VIA FERRATA”, კავკასიის რეგიონში პირველი ექსტრემალური ბილიკი.

ბანაკის შექმნის იდეა ორ მეგობარს, პროფესიონალ მეკლდეურ გუგა დაბრუნდაშვილს და მოყვარულ მეკლდეურ ლევან გოგოლაძეს 2019 წელს გაუჩნდათ, როდესაც მათ აღმოაჩინეს, რომ სვერის კლდეები საცოცად საკმაოდ საინტერესო იყო. ამასთანავე, ირგვლივ ტურისტული პროდუქტების განვითარების დიდი დიაპაზონი იყო, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო ადგილი თუ ისტორიული ძეგლი მდებარეობს.  

„თვითონ ადგილია განსაკუთრებული და ამ ადგილმა მოგვცა ჩვენი საქმიანობის ინსპირაცია. აქ მოსული სტუმარი, თავადვე რწმუნდება ამ ბანაკის უნიკალურობაში, რადგან ერთი ლოკაციის ირგვლივ საოცრად ბევრი და საინტერესო ადგილი არის აღმოსაჩენი და ამ აღმოჩენებს თან ერთვის მძაფრი შეგრძნებები. ასეთი რამ საქართველოში საკმაოდ იშვიათია“ -გვიამბობს ლევან გოგოლაძე, ბანაკის თანადამფუძნებელი.  

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA- ს ფარგლებში, „სვერის სათავგადასავლო ბანაკმა“ გამართული ფუნქციონირება დაიწყო. დონორების ხელშეწყობით სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურული და ტექნიკური ნივთების შეძენა განხორციელდა. დამონტაჟდა წყლის გამაცხელებელი სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორების რაოდენობის გაზრდას. მეწარმეებმა შეიძინეს რაფტინგის, კანიონგის და სპელეოტურებისთვის საჭირო წყლის (თერმო) ტანსაცმელები, რამაც ტურები უფრო სრულყოფილი გახადა. ასევე, პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა გლემფის კონსტრუქცია, მოეწყო პირველადი დახმარების სტენდი ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობით და დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.  

„ბანაკიდან კლდის საცოცავი ზონამდე კეთილმოეწყო ბანაკის ინფრასტრუქტურა. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერამ საშუალება მოგვცა, სვერის სათავგადასავლო ბანაკის უნიკალურობა უფრო წარმოგვეჩინა, სერვისები უფრო მეტად ხარისხიანი და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხო გამხდარიყო.“- ამბობს გუგა დაბრუნდაშვილი, ბანაკის თანადამფუძნებელი.  

სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით, ბანაკმა, დონორების მხარდაჭერით, მცირე დროში ცნობადობის გაზრდა მოახერხა და დღეს საქართველოში ტურიზმის ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური ადგილია. შექმნილი ინფრასტრუქტურა, სათავგადასვლო ტურიზმისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობა და სხვადასხვა ტურისტულ სეგმენტზე მორგებული გლემფის, ხის კოტეჯის თუ უბრალოდ საკემპინგე სივრცე კარვებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის და აქ სტუმრობა ზამთრის გარდა წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

„ამ საქმიანობის განსაკუთრებული ხიბლი კლდეზე ცოცვა და „ვია ფერატა“ - ანუ ექსტრემალური ბილიკია, რომელიც არის კლდეზე დამაგრებული რკინის საფეხურები. ექსტრემალური ბილიკი საქართველოში პირველია და არის საოცრად განსხვავებული შეგრძნებების, ემოციებს მიღების შესაძლებლობა. თამამად ვამბობ, რომ ამ ყველაფერს ახლა და აქ ჩვენ ვერ შევთავაზებდით სტუმრებს, რომ არა დონორების დროული და მიზანმიმართული მხარდაჭერა“ - სიამაყით გვიყვება გუგა დაბრუნდაშვილი, ბანაკის თანადამფუძნებელი.  

საქართველოს უნიკალური და მრავალფეროვანი ბუნება სწორედაც რომ იდეალურია სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის, და უკვე მის ერთ-ერთ მძლავრ მიმართულებად ჩამოყალიბების საფუძვლიანი პერსპექტივა გააჩნია. სვერის ბანაკი და ამ იდეის ავტორები არიან წარმატების ნათელი მაგალითები, რომლებმაც შეიძლება ითქვას, დონორების დახმარებით ერთი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგეს იმისთვის, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სათავგადასავლო ტურიზმის რუკაზე.

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.



© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.