ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტურიზმის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს - ამ დარგის გლადიატორი ვარ“
23 სექტემბერი, 2021
შემოდგომაზე ტურისტული სეზონი საქართველოში აქტიურიდან - პასიურ ფაზაში გადადის, თუმცა, წელიწადის ამ დროს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით ხშირად ის ადამიანები სტუმრობენ, ვისაც რთველი, ღვინის დაყენების პროცესი,
სხვადასხვაფერად აჭრელებული ბუნების ხედები აინტერესებს. აქვე აღვნიშნავ, რომ 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კონკურსი, რომლის მიხედვით ეს პოსტი ახალ ხელმძღვანელს ჩაბარდება. საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, სხვებთან ერთად, სასტუმრო „ღვინის სასახლისა“ და ღვინის მაღაზიის „ბრენდ ვაინის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე აპირებს. ზაფხულის სეზონის შეჯამება და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები, ის ძირითადი თემები იყო, რომელზეც შეხვედრისას ვისაუბრეთ.
 
 
გიორგი ჩხაიძე:
 
- წლევანდელი წელი მეტ-ნაკლებად საქმიანი და ტურისტების ვიზიტების თვალსაზრისით უკეთესი იყო, ვიდრე შარშანდელი. კოვიდპანდემიის გამო წელიწად- ნახევარი არავის უმუშავია - არც ჩვენ და არც ქალაქის სხვა სასტუმროს. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, მაისიდან დავიწყეთ სტუმრების მიღება. მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია, სასტუმრო თავს ირჩენს. თუმცა კმაყოფილი ვარ იმ კუთხით, რომ ტურისტების რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს და მახარებს ის ფაქტიც, რომ ლამაზ, დალოცვილ ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს, აინტერესებთ ჩემი სასტუმრო და ამავდროულად რეგიონები.
 
- წლევანდელ ზაფხულის სეზონზე რა ეროვნების ტურისტი ჭარბობდა?
 
- ჭარბობდა რუსეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. რუსეთიდან სტუმრები, მინსკის გავლით ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, სადაც 200 დოლარით მეტი ჯდება ბილეთი. რთველი დიდი კულტურული ღონისძიებაა ჩვენი
ქვეყნისთვის. ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგად იჯავშნება ნომრები. სექტემბერი დაიტვირთა როგორც ჩემთან, ანალოგიურად სხვა სასტუმროშიც. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ ტურების სერვისს, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს
რეგიონებში. თავის მხრივ ეს დამატებითი პლიუსია ადგილობრივი მცირე ზომის სასტუმროებისთვის, რადგან ჩემთან რთველზე ჩასული სტუმარი კახეთში: სიღნაღში, თელავსა და ყვარელში, მინიმუმ 2 დღით მაინც რჩება. ტურისტები სტუმრობენ გამორჩეულ საოჯახო მარნებს და მათ პრიდუქციას ეცნობიან. თუ თავისუფალი დრო მაქვს, მათ მეც ვუძღვები. საკმაოდ კარგად ვიცი ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა, თუ მე ვერ მივდივარ, გიდებად საუკეთესო ისტორიკოსები მუშაობენ, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ სტუმრებს. საუკეთესო, პროფესიონალი გიდები მყავს, ისინი ჩემი მეგობრები არიან და ვამაყობ ამ ადამიანებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ველით რუსეთიდან საჰაერო სივრცის გახსნას - ახლახან საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ამ თემაზე. იმედი მაქვს ეს მალე მოხდება.
ხშირად აღვნიშნავ და ახლაც გავიმეორებ, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა როგორც საქართველოში ჩამოსვლა, ისე წასვლაც. ზოგს საქმიანი ვიზიტით, ზოგსაც ნათესავ-მეგობრების მოსანახულებლად. ეს პრობლემა რომ არ იდგას, სამჯერ მეტი ტურისტი გვეყოლებოდა და ჩვენი ქვეყნის ბუჯეტშიც მეტი თანხა შევიდოდა. ფრენების აღდგენას სექტემბრის ბოლოსთვის ვვარაუდობთ და ამ მოლოდინით ვართ.
 
- დაბოლოს, ჩვენს წინა შეხვედრაზე განაცხადეთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობის დასაკავებელ კონკურში გსურთ მონაწილეობის მიღება...
 
- დიახ, ჩვენ ყველა ველოდებით ეკონომიკის სამინისტროსა და ადმინისტრაციის მიერ დაზუსტებულ თარიღს. ვფიქრობ, ეს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადაწყდება. იმედი მაქვს არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდება. ვიმედოვნებ ვისაც ტურიზმის სფეროზე გულის შესტკივა, მხარს დამიჭერენ, რადგან კარგად ვიცნობ შიდა სამზარეულოს, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ამ დარგის გლადიატორი ვარ. დიდი სურვილი მაქვს, მალე ჩვენ ყველამ ერთად მოვახდენოთ პრიორიტეტების განსაზღვრა, სწორად დაიგეგმოს ყველაფერი და სტუმარს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ. თუ გვინდა ევროპული ქვეყანა ვიყოთ, ევროკავშირში მოვხვდეთ, პირველ რიგში სველი წერტილების საკითხი უნდა მოწესრიგდეს, რადგან ნებისმიერი ტურისტული ქალაქისათვის საზოგადოებრივი საპირფარეშოს არარსებობა უდიდესი
მინუსია. ასე რომ, სასწრაფო წესით, უმოკლეს დროში, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფერო უკეთესობისკენ უნდა განვავითაროთ. კონკურენცია დიდი იქნება, მაგრამ ამის არ მეშინია. ახლა პოპულიზმის დრო აღარ არის, საქმის დროა და მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.
 
ავტორი: ანა კალანდაძე
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.