ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი კანონპროექტი ცივი იარაღის შესახებ - რა სახის პრობლემები შეიძლება შეექმნათ ცალკეულ პირებსა და საქართველოში ისტორიული ტურიზმის განვითარებას
30 დეკემბერი, 2022

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეოbს  შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე. აღნიშნულ დოკუმენტში რიგი ორგანიზაციები თუ პირები, მათ შორის იარაღის მფლობელები, უამრავ პრობლემას ხედავენ და ფიქრობენ, რომ თუ კანონი იმ სახით შევა ძალაში, რა სახითაც ამ ეტაზეა წარმოდგენილი, ეს არამხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს დააზარალებს, არამედ ქვეყნის იმიჯსაც და ტურისტული კუთხითაც დიდი ზიანის მომტანი იქნება.

დავით ნასარიძე („ჩოხა“,  ეთნოგიდი, კოლექციონერი, „ქართული იარაღების მუზეუმის“ ხელმძღვანელი):

- 2022 წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღე რამდენიმე სახალხო დღესასწაულში, ეს იყო: მარტყოფობა, მარაბდობა, კრწანისობა და ერეკლეობა. მათზე ოფიციალური მოწვევა მქონდა რეგიონებიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნულ ღონისძიებებზე გამოსაფენად წაღებული მქონდა დიდი რაოდენობით ნივთები და ამაში შედიოდა როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღი. სახელმწიფო დონეზე მიწვევის შედეგად, აქამდე ამ რაოდენობით იარაღის გამოფენა არ მომხდარა. რადგან აღნიშნულ ღონისძიებებისადმი დიდი ინტერესი იყო და კანონიც ამას არ კრძალავდა, კოლექციის გასამდიდრებლად დიდი ფინანსური რესურსი ჩავდე და პირად კოლექციას შევმატე ძველებური, საკოლექციო, გამოსაფენი იარაღი. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ბუნდოვანი კანონის განხილვა ცივი იარაღის შესახებ, სადაც წერია, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არ შეიძლება ცივი იარაღის მიტანა, გადაადგილება, დემონსტრირება და დამზადებაც. ვინაიდან დეტალურად არ არის მითითებული ამაში რა იგულისხმება, ცივი იარაღად შეიძლება მიჩნეული იყოს როგორც ძველი საკოლექციო ნივთი, ისე ახალი, მიმსგავსებული, ან თუნდაც სუვენირული. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო მუზეუმს და კოლექციონერს, უფლება არ აქვს გამოფინოს, გადაადგილდეს და სადმე მიიტანოს ცივი იარაღი. 

- გამონაკლისები არ არის დაშვებული?

- არა. სახალხო დღესასწაულებზე ჩემს მიწვევას და არა სახელმწიფო მუზეუმის, ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მე ჩემი კოლექცია შემეძლო წამეღო და გამომეფინა კონკრეტულ ადგილზე, სახელმწიფო მუზეუმებში კი მთელი რიგი ბიუროკრატიული საკითხებია გასავლელი, რაც დროში იწელება და დამატებით ფინანსურ თუ ადამიანურ რესურს მოითხოვს. თუ ახალი კანონით მე და ჩემნაირ კოლექციონერებს, გვეკრძალება ცივი იარაღით გადაადგილება, გამოფენა-დემონსტრირება, გამოდის, რომ ფარიკაობა, ხრიდოლი, შავფაროსნების ღინისძიებები და ა.შ. პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად იკრძალება. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი გამოიწერება დიდი ჯარიმა და მოხდება ნივთის კონფისკაციაც. აღნიშნულმა კანონმა ორი მოსმენა უკვე გაიარა და ალბათ მესამეზე დამტკიცდება. პარალელურად ამისა, მიმდინარეობს განხილვა ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, სადაც ასევე არ არის კონკრეტიკა და არ წერია, რა ითვლება საკოლექციო იარაღად. ასევე არაფერი წერია საბრძოლო-სამხედრო რეკონსტრუქციაზე, რომლის დროსაც ის იარაღი და სამოსია წარმოდგენილი, რომელიც ამა თუ იმ ეპოქას ახასიათებდა, ახალი კანონის მიხედვით კი გამოდის, რომ ასეთ მხოლოდ ჩოხით წარდგენაა ნებადართული. ასეთ ღონისძიებებსა თუ ფესტვალებს, დიდი შემოსავალი მოაქვს ქვეყნისთვის თუ ეს ყველაფერი აიკრძალა, საქართველოში ისტორიული ტურიზმი ვეღარ განვითარდება, მეტიც, მოკვდება. ბუნებრივია ეს არამხოლოდ ჩვენთვის, ქვეყნისთვის დიდი ზარალია. 

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ხალხი მხოლოდ ხინკლის მასტერკლასისა და ელარჯის გასაწელად არ ჩამოდის, არამედ ისტორიის, საბრძოლო ტრადიციების გასაცნობად და სამწუხაროდ,  ვერ ხვდებიან, რომ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ტურიზმი მილიონებს დაკარგავს. ამავდროულად, საბოლოოდ მოკვდება მჭედლობა, როგორც დარგი, რადგან ამ ეტაპზე ისედაც მასშტაბურად არ იწარმოება ხმლები თუ სხვა იარაღი. რამდენიმე ორგანიზაციამ და ჩვენ ვცადეთ ამ კანონის წინააღმდეგ ხმის ამაღლება, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ არა კრიმინალები, არამედ სამხედრო ისტორიკოსები და რეკონსტრუქტორები ვართ და ვისურვებდი, რომ ჩვენი აზრიც იქნეს გათვალისწინებული; მეც და სხვებსაც, ჩვენი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. 

ავტორი: ანა კალანდაძე

Travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.