ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Tripadvisor-ის როლი საქართველოში მოქმედი სასტუმროების ბიზნესში
03 დეკემბერი, 2015

Tripadvisor.com ამერიკული საიტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ტურისტებს სასტუმროების შეფასების საშუალებას აძლევს. საიტი დიდი ნდობით სარგებლობს ტურისტებში, ამიტომ რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე ყოფნა ნებისმიერი სასტუმროსთვის სასურველი და მნიშვნელოვანია.

ქართული სასტუმროებიდან  რეიტინგში პირველ ადგილს British house-ი იკავებს, პატარა სასტუმრო, რომელთან გასაუბრებაც ვერ მოხერხდა, ხელმძღვანელის ქვეყანაში არ ყოფნის გამო. Marketer-ი სასტუმრო Terrace, Marriott და Rooms Tbilisi-ს წარმომადგენლებს ესაუბრა:

მაია სიდამონიძე, Terrace-ს დამფუძნებელი:

ბოლო პერიოდში ტენდენციაა სასტუმროების ონლაინ დაჯავშნა, აქედან გამომდინარე tripadvisor თუ booking.com აქტიურად გამოიყენება დაჯავშნისა და სასტუმროების გადამოწმება – შეფასებისთვის. საქართველოში უფრო booking.com-ით  ჯავშნიან სასტუმროებს , tripadvisor კი შეფასების და შთაბეჭდილების გაზიარების კუთხით მოიხმარება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვიზიტორებს ზუსტად მიიღონ ინფორმაცია სასტუმროს შესახებ. თვითონ სასტუმროებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დადებითი კომენტარები, ასევე შენიშვნებიც ვიზიტორებისგან, თუ არსებობს ამგვარი რამ, რათა  სასტუმრომ გამოასწოროს არსებული ხარვეზი და სტუმარმა იგრძნოს, რომ პერსონალური ყურადღების ქვეშაა.

M: როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო tripadvisor – ზე მოწინავე პოზიციის დასაკავებლად ? 

მნიშვნელოვანია სტუმრებმა მაქსიმალურად გააზიარონ თავიანთი შთაბეჭდილებები ონლაინ რეჟიმში. ეს უწყობს ხელს სასტუმროს წინ წამოწევას საიტზე.

M: შესაძლებელია თუ არა რეიტინგის ხელოვნურად გაყალბება?

ხელოვნურად რეიტინგის აწევა შეუძლებელია, რადგან სტუმრის ნაცვლად მენეჯერი ან სასტუმროს პერსონალი ვერ გააკეთებს შეფასებას. ვერც სტუმარს აიძულებ ის დაწეროს, რაშიც არ გეთანხმება.

M: Tripadvisor-ზე ქართულ სასტუმროებში პირველ ადგილზეა პატარა ჰოტელი. რა არის ამის მიზეზი?

დაბალი ფასები, კონკრეტული სასტუმროს ხშირი ნახვა და დაჯავშნა, კომენტარების რაოდენობა… რა თქმა უნდა, სასტუმროები მუშაობენ ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, თუმცა, მომხმარებლის გარეშე ეს შეუძლებელია, მათი ინტერაქცია საჭიროა. Booking.com-ზეც პატარა სასტუმროები უფრო წინ არიან . tripadvisor-ზე ადგილები სასტუმროს კონკრეტული უპირატესობის გამო არ ნაწილდება. ის სასტუმროები ლიდერობენ, რომელსაც მომხმარებელი ხშირად ნახულობს, აფასებს და ჯავშნის.

ტატა ჭუმბურიძე , Rooms-ის გაყიდვების და მარკეტინგის აღმასრულებელი:

სტუმრები აქტიურად სარგებლობენ Tripadvisor.com-ით, რადგან სასტუმროს შერჩევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გაიგო თუ რას ფიქრობენ სასტუმროზე სხვა სტუმრები, რომლებმაც უკვე იცხოვრეს ამ სასტუმროში. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს კონკრეტული რეკომენდაცია მისი მეგობრებისგან, მაშინ Tripavisor.com ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გაიგო სხვა სტუმრების ობიექტური შეფასება. ჩვენი სასტუმრო, Rooms Hotel Tbilisi,  tripadvisor-ზე თბილისში საუკეთესო სამ სასტუმროში შედის. შესაბამისად, ჩვენი სტუმრები აქტიურები არიან  ამ საიტზე და ძირითადად დადებითი კომენტარები მოგვდის.

M: იმისთვის რომ ამ საიტზე მოწინავე პოზიციაზე იყოთ, თქვენ რას აკეთებთ?

პირველ რიგში ამისთვის სტუმრებს კარგ გარემოს და მაღალი ხარისხის მომსახურებას ვახვედრებთ, შესაბამისად მათგან დადებითი შეფასება გვიბრუნდება.

ჩვენ არ გვაქვს განსაზღრული სტრატეგია იმისათვის რომ Tripadvisor.com-ზე მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ, რადგან ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი მიზანია სტუმრისთვის თბილისში ვიზიტი მაქსიმალურად სასიამოვნო და კარგად დასამახსოვრებელი დარჩეს. დამატებით რასაც ვაკეთებთ, ჩვენთან მყოფ სტუმრებს,  ვინც თავად გამოთქვამს  სურვილს და მეილის მისამართს ტოვებს,  ვუგზავნით შეტყობინებას TripAdvisor- ის მიერ შექმნილი სისტემით, საიდანაც მარტივად შეუძლია დაწეროს კომენტარი.

ქეთი სამსონაძე, Marriott-ის მარკეტინგის კოორდინატორი:

M: რამდენად დიდი წილი უჭირავს ამ საიტს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებში ?

ამის სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს. ეს საიტი სასტუმროების შეფასებისთვის და საზოგადოებრივი აზრის გასაცნობად გამოიყენება. დასაჯავშნად booking.com -ს და სხვა დაჯავშნის სისტემებს უფრო იყენებენ.

M: რას აკეთებს Marriott იმისთვის, რომ Tripadvisor-ზე მოწინავე პოზიციაზე იყოს? 

ყველა დატოვებულ გამოხმაურებას ვადევნებთ თვალს და ვპასუხობთ. ამისთვის სპეციალურად კადრი გვყავს. ხოლო დატოვებულ შენიშვნებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.