ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ვარძია რეზორტი“ – ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ სამცხე-ჯავახეთში
11 მაისი, 2018

ისტორიული მესხეთი, ჭაჭკარის ხევი, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმრო კომპლექსი „ვარძია რეზორტი“ ახალ სეზონზე სტუმრებს განახლებული სერვისით ხვდება.

გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე სასტუმროს დაემატა 3 ეკონომიური ფასის კოტეჯი, 2 მაღალი კლასის და 3 სტანდარტული ნომერი. უკვე მალე გაიხსნება სპა ცენტრიც, რომელიც დამსვენებელს შიდა სარელაქსაციო ზონებს შესთავაზებს. აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ 2 ღია აუზით, გასართობი ცენტრით (ბილიარდი) სათამაშო (მინი საფეხბურთო და საკალათბურთო) მოედნით და კარაოკე ბარით სარგებლობა. რეზორტის ტერიტორიაზეა წყლის შვიდი ბუნებრივი აუზი სხვადასხვა სახის თევზით.

 

„ვარძია რეზორტი“, საიდანაც ვარძიის სამონასტრო კომპლექსზე იშლება ხედი,  სასტუმროს ოთახების გარდა მომხმარებელს სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულ კოტეჯებშიც სთავაზობს დასვენებას. ამ შემთხვევაში სტუმრებს  რეზორტის სრული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, თუმცა ნომრების დაჯავშნა კოტეჯებში გაცილებით დაბალი ფასით არის შესაძლებელი.

სტილიზებულ მესხურ საცხოვრისში სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ მესხური კერძები და გაეცნონ მათი მომზადების წესებს. მესხური ქადა, ხაჭაპური, მესხური ბიში,  ჩაშუშული ხინკალი, თათარ ბერაკი, ადგილობრივი მწვანე სატაცური - არჩევანი საკმაოდ დიდია. ამ ყველაფერთან ერთად მენიუშია როგორც ევროპული, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებიც.

ეს გარემო, სადაც ბუხარი და ფარდაგიანი ტახტებია, სტუმრებისთვის კულინარიული მასტერკლასების მოსაწყობად სრულიად შესაბამისია. აქვეა ინტეგრირებული დაახლოებით ორასაუკუნოვანი მესხური ქვის ფურნე, სადაც სტუმრებს პურის და ქადის ცხობას უჩვენებენ. „ვარძია რეზორტი“ მომხმარებელს ასევე თავაზობს კულინარულ მასტერკლასებს, იშვიათ მესხურ სამზარეულოს, საფეხმავლო ტურებს.

სასტუმროს თავისებურ ხიბლს მატებს და მისი უპირატესობაა სამცხე - ჯავახეთის კულტურული და ისტორიული ძეგლების სიახლოვე. მე-10, მე-12 საუკუნის ტაძრები და ანტიკური ხანის საცხოვრისების ნაშთები სასტუმროდან 10 – 20 წუთის ფეხით სავალზეა.

„ვარძია რეზორტი“ პირველი მაღალი კლასის სასტუმროა ასპინძისა და ახალქალაქის  რაიონში. ეს ის ადგილია, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში უთუოდ უნდა ეწვიო, რამდენადაც აქ სტუმარი ადგილობრივ ეთნოკულტურასაც ეზიარება. ცალსახაა, რომ სასტუმრო ინფრასტრუქტურა, აბსოლუტურად კომფორტულ და მაღალი ხარისხის დასვენების შესაძლებლობას იძლევა.

საინტერესოა და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს თავად სასტუმროს არქიტექტურა/დიზაინი და მიმდებარე ტერიტორია. რეზორტის არქიტექტურა მთლიანად  შეხამებულია ადგილობრივ უნიკალურ ლანდშაფტთან - გამოყენებულია ადგილობრივი სამშენებლო მასალები.

აქვეა უძველესი ტერასები და ხეხილის ბაღები. ქართველი დამსვენებლების გარდა ვარძია რეზორტი უკვე წლებია მასპინძლობს სტუმრებს ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: აშშ, გერმანია,  საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პოლონეთი, უკრაინა , რუსეთი,  ისრაელი, ჩინეთი, კორეა, საუდის არაბეთი, იტალია.

საამაყოა, რომ დღეისათვის „ვარძია რეზორტმა“ უმოკლეს დროში დაიმკვიდრა თავი როგორც საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო მაღალი კლასის სასტუმრომ უნიკალური ინფრასტრუქტურით, სარგებლობს სტუმართა უმაღლესი შეფასებით და შემართებით ემსახურება სამცხე-ჯავახეთის, საქართველოს ამ დიდი ისტორიის მქონე კუთხის პოპულარიზაციას.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.