ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტუმრობა წყალტუბოში - რას მოუყვებიან კურორტზე საკუთარ თანამოქალაქეებს ბელორუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები
31 მაისი, 2018

ბალნეო ცენტრები, უნიკალური თერმული წყლები, იმერული ეზოები, ცივი ტბა - ეს იმ სანახაობათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბელორუსმა სტუმრებმა წყალტუბოში დაათვალიერეს.

ბალნეო ცენტრებისა და თერმული წყლების სამკურნალო თვისებები სტუმრებმა - ტუროპერატორებმა და ჟურნალისტებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. დააგემოვნეს უნიკალური ჯიშის ღვინო უსახელაური და ქართული ღვინის დაყენების ტრადიციას „ხომლის უსახელოურის“ მარანში გაეცნენ. ტურის ფარგლებში, მოეწყო ნავებით შეჯიბრი ცივ ტბაზე.

პოპულარული სატელევიზიო პროექტი “ულიოტნაია რაზვედკას“ გადამღებმა ჯგუფმა ერთ-ერთი გადაცემა სწორედ წყალტუბოში ჩაწერა. გადამღებმა ჯგუფმა სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და ქართულ ტრადიციებს, კულტურას გაეცნენ.

ბელორუსიდან ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს წყალტუბოს ტურიზმის ცენტრმა უმასპინძლა. ცენტრის ხელმძღვანელის სალომე ქუთათელაძის თქმით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოში სტუმრად 26 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით იმყოფებიან ბელორუსი მედიის წარმომადგენლები, ტუროპერატორები. „ერთ-ერთი მასპინძელი წყალტუბოა, სტუმრებმა დაათვალიერეს ტურისტული ობიექტები, ტური დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით და სხვადასხვა აქტივობით“, - განაცხადა სალომე ქუთათელაძემ.

ბელორუსული გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი ევგენია ბასკოვა ამბობს, რომ სატელევიზიო პროექტი „ულიოტნაია რაზვედკას“ მიზანი ბელორუსი ხალხისთვის საქართველოს გაცნობაა.

„ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს ყველაზე საინტერესო ქვეყნები, ყველაზე საინტერესო ადგილები... პირველი ქვეყანა, სადაც ჩამოვედით საქართველოა, რომელიც ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბელორუსებს ძალიან უყვართ საქართველო, მაგრამ ძირითადად აჭარას იცნობენ, ჩვენ გვინდა მათ დავანახოთ, რომ საქართველო მხოლოდ ზღვა არაა.“

ფოტოჟურნალისტი სერგეი მილიუხინი ამბობს, რომ 70 ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა მათ შორის ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც დაბრუნება უხარია.

„საქართველო ამ იშვიათ ქვეყანათა ჩამონათვალშია, სადაც დაბრუნება მიხარია. საქართველო იმდენად სტუმართმოყვარეა, რომ თითქოს ღმერთმა გვარგუნა ამ ქვეყნის სიყვარული, ამიტომ გისურვებთ კეთილდღეობასა და მშვიდობას.

როგორც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანი ნოდარ დუმბაძე წერდა, ადამიანის სული გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხეული და ამიტომ ადამიანების ერთად დგომა გადამწყვეტი მნიშნელობისაა.

წყალტუბოში პირველად ვარ, ამ მიწაზე განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ განსაკუთრებული სიკეთით, სილამაზით... ვაპირებ, ამ ყველაფერზე ჩემს მოთხრობებში დავწერო. პირველად მოვისმინე ცოცხლად შესრულებული მრავალჟამიერი და ვეცადე მათთან ერთად მემღერა, - ესაა ჩემთვის  ბედნიერება!“ - ამბობს სერგეი მილიუხინი.

სტუმრებმა მრავალჟამიერი ანსამბლ „ნადურის“, ხოლო „სულიკო“ - კვარტეტ “თეატრონის“ შესრულებით მოისმინეს, სპეციალურად მათთვის „მწყემსური“ ანსამბლმა „სიონმა“ იცეკვა. სტუმრებმა თავიანთი თანამემამულის ბელორუსი პოეტის იანკა კუპალას წყალტუბოში ცხოვრების წლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ბელორუსიდან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.