ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„აბულმუგის“ სპარსული აბანოს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა
23 სექტემბერი, 2021

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  ახალი სიცოცხლე დაიწყო - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ძეგლი, რომელიც განადგურების პირას იყო მისული, ბიზნესის სექტორისა და აქტივისტების თანამშრომლობით ავთენტური სახით ახლა ვიზიტორებს ელოდება. თუმცა, მანამდე იყო მრავალწლიან ბრძოლა, ბრძოლა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ნაგებობის გადასარჩენად, რომელშიც „საყდრისის კომიტეტი“ და RMG იყვნენ ჩართულნი. საკითხზე კომერსანტთან „საყდრისის კომიტეტის“ წევრი, ნინო ბურჭულაძე საუბრობს:

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საშინელ მდგომარეობაში იყო, აბანოს გუმბათი არ ჰქონდა, შიგნით ხეები იყო ამოსული. 2018 წლეს, ჩვენი ინიციატივით, ძეგლზე  გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.  ვინაიდან  „აბულმუგის“ აბანო „RMG“-ის  საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობს, ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები სრულად კომპანიამ დააფინანსა. მიუხედავად ძეგლზე ჩატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, საჭირო გახდა კომპლექსური გეოლოგიური კვლევა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. ძეგლის მდგომარეობა არასახარბიელო იყო, ძეგლის მტერი აღმოჩნდა ბუნება. საძირკველი პირდაპირ მიწაზე იდგა, იყო გამოქარული, აბანოს ხეები ანგრევდა. იდეაფიქსად გავიხადეთ, რომ „აბულმუგის“ სპარსული აბანო უნდა გადაგვერჩინა“, - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

იდეისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და უპრეცედენტო მოვლენა შედგა. პირველად საქართველოში 134–ტონიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დაუშლელად გადაიტანეს. როგორც  ნინო ბურჭულაძე ამბობს, შერჩეული ადგილმდებარეობა და მისი ლანდშაფტი სრულად მორგებულია „აბულმუგის“ სპარსული აბანოზე. შესაბამისად, მისი თქმით, ახალ გარემოში ძეგლის შინაარსი და ხასიათი არ დარღვეულა.

„მსჯელობა სხვადასხვა ღონისძიებებზე დავიწყეთ. ერთხელაც წავაწყდი, რომ ეგვიპტეში, ქვაში ნაკვეთი რამზესის ტაძარი გადაიტანეს. თავიდან ამ ინიციატივის დაყენებაზეც კი ვყოყმანობდით, მაგრამ ძეგლი იმდენად რთულ მდგომარეობაში, იყო გავრისკეთ და მსჯელობა რადიკალურ ღონისძიებებზე დავიწყეთ. ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით – პროცესში სპეციალისტები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები უნდა ჩართულიყვნენ. 2021 წლის მარტში სააგენტომ ძეგლის გადატანა დასაშვებად მიიჩნია. „აბულმუგის“ სპარსული აბანო დანგრევისგან რომ გადაგვერჩინა, მისი კედლები უნდა დაშლილიყო. ჩვენი მიზანი კი იყო, ის ძეგლი უსაფრთხო ადგილზე დაუშლელად გადაგვეტანა. „აბულმუგის“ სპარსული აბანოს გენერალური გამაგრების და გატანის ღირებულება 600 000 ლარი იყო, რომლის დაფინანსებაც „RMG“-ის  ვთხოვეთ. კომპანიამ ხარჯი სრულად დააფინანსა. ახალა ძეგლი უსაფრთხო ადგილზეა, რის შემდეგაც ის მიმზიდველია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვისაც. უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი ადგილი გაჩნდება, იქნება ტერასა, განათება, ბეტონის კედლებიც თემატურად მოიხატება, ძეგლი კი დაცული იქნება“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

ვინაიდან  „აბულმუგის“ აბანო მდებარეობს სამთომომპოვებელი კომპანია RMG-ის  საწარმოო ტერიტორიაზე, კომპანია ძეგლის ადგილმონაცვლეობისა და გადარჩენის პროცესში თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული. RMG-ის კორპორაციული დირექტორი, კახა მჭედლიშვილი გვიყვება, რომ იმის გამო, რომ ძეგლს ზიანი რომ არ მიდგომოდა ტერიტორიაზე აფეთქების მუხტები დაწეული იყო. დღეს კომპანიაში გახარებულები არიან იმის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა. 

„საყდრისის კომიტეტი იყო, „აბულმუგის“ სპარსული აბანოს 2014 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში იყო არაერთი თხოვნა და მოთხოვნა, რომ ძეგლი გადაგვერჩინა. საქართველოში ძეგლის გადატანის მიმართულებით გამოცდილება არ არსებობდა, ამიტომ ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა და რისკი. რომ არა „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივა და დაუღალავი შრომა, ძეგლის გადატანის პროცესი წარმატებით ვერ დასრულდებოდა. მაგრამ დღეს გვიხარია, რომ უფრო ლამაზ ძეგლს ვხედავთ, რომელიც ყველა ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომია. ის გამოცდილება, რაც „ბაგინეთი პლუსმა“ და „საყდრისის კომიტეტმა“ მიიღო, სხვა მრავალ პროექტს გამოადგება. გვიხარია ეს წარმატება, რადგან პროცესი არ იყო მარტივი“, - აცხადებს კახა მჭედლიშვილი.

ამჟამად ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი ეს ადგილი, „საყდრისის კომიტეტის“ წევრების თქმით, ვიზიტორებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

შეგახსენებთ, რომ „აბულმუგის“ აბანო 1977 წელს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს, როდესაც  ისტორიული დაბა აბულმუგის ტერიტორიაზე სახელმწიფო მუზეუმის არახლო-კაზრეთის ექსპედიცია მუშაობდა. „აბულმუგის“ აბანო   წარმოადგენს  გვიანი შუა საუკუნეებისთვის (XVII – XVIII  ს.ს.) დამახასიათებელ სპარსულ ნაგებობას, გათხრების დროს აბანოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსუდანის მონეტა, ასევე მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები (ინახება ეროვნულ მუზეუმში). ექსპედიციის მუშაობისას  ძეგლზე წყალგაყვანილობის სისტემებიც დადასტურდა. აბანოს ახლოს შესწავლილი იყო თონე, რომელიც აბანოს დანგრევის შემდეგ ყოფილა გამართული.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.