ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარა ჯგუფი: რადიოქალაქის პროექტს პანდემიით გამოწვეულ ახალ გარემოებას მოვარგებთ
19 აპრილი, 2021

"აჭარა ჯგუფის" "რადიოქალაქის" პროექტში პანდემიის გამოწვევების გამო შესაძლოა ცვლილებები შევიდეს, თუმცა მისი ფუნქციური დატვირთვა არ შეიცვლება.

„აჭარა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ რადიო ქალაქის პროექტში 4 წლის განმავლობაში $8 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს. კომპანიამ ტერიტორია დაახლოებით, 23 მლნ ლარად, აუქციონზე 2019 წელს შეიძინა.

მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ რადიო ქარხანას აჭარა ჯგუფი კრეატიული ეკონომიკის ახალ კერად აყალიბებს. პროექტი მიზნად ისახავს მხატვრების, მეწარმეების, პედაგოგებისა და სხვა სფეროების პროფესიონალების ჩაბმას ახალი ეკოსისტემის სინერგიაში. რადიოქალაქის ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, რომელიც გამოყენებული იქნება საერთაშორისო ფესტივალების, გამოფენების, ხელოვნების ბაზრობებისა თუ არტისტების რეზიდენციების გასამართად. შეიქმნება ერთობლივი სამუშაო სივრცეები, ატელიები, სტუდიები და მრავალი სხვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო კუთხე.

ჰოლდინგის წარმომადგენელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ "რადიოქალაქი" ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმდინარე პროექტია როგორც „აჭარა ჯგუფისთვის“, ისე თბილისის ურბანული, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მხრივ და ამჟამად კომპანია კონტრაქტით გათვალისწინებულ პუნქტებს მიყვება.

„ვმუშაობთ, რომ რადიოქალაქის განვითარების კონცეფცია მოვარგოთ კოვიდ პანდემიით შექმნილ ახალ გარემოებებს, გამოწვევებსა და რთულად პროგნოზირებად გარემოს. შესაძლოა, პროექტში აუცილებელი გახდეს გარკვეული ცვლილებების შეტანა, თუმცა „რადიო ქალაქს“ იგივე ფუნქციური დატვირთვა შეუნარჩუნდება.

„რადიოქალაქი“ ფაზების მიხედვით იქმნება და ვითარდება, შესაბამისად, პროექტის განვითარება დაწყებისა და დასრულების რამდენიმე თარიღისგან შედგება. ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადიოქალაქი განვითარდეს ეტაპობრივად და წარმატებით მოხდეს პროექტის მრავალფუნქციური დატვირთვის მქონე კონცეფციის რეალიზება. ამ პროცესში ჩვენთვის პრიორიტეტულია სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებული სარეკრეაციო, გასართობი, სამეწარმეო თუ სავაჭრო სივრცეები და სერვისები, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება,“ – აცხადებენ ჰოლდინგში.

კომპანიაში ამბობენ, რომ აქტიურად თანამშრომლობენ თბილისის მერიასთან, მთავრობასთან "ვიღებთ კვალიფიციურ უკუკავშირსა და მჭიდრო, ხელშესახებ მხარდაჭერას, რაც შესაძლებელს ხდის რადიო ქალაქის, როგორც თბილისის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებას. ცხადია, რომ ხელისუფლება იაზრებს არსებულ გარემოებას და კერძო სექტორს მაქსიმალურად ხელს უწყობს სხვადასხვა მექანიზმით. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და საჯარო სექტორის დახმარებით, ჩვენ, როგორც საქართველოს კერძო სექტორის ლიდერი წარმომადგენელი, შევძლებთ რადიოქალაქის თბილისის ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბებას,“– აღნიშნავს “აჭარა ჯგუფის" წარმომადგენელი.

busines-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.