ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ - ნიკა ვაჩეიშვილის ატენური მარანი
24 იანვარი, 2018

თუ ბუნებასთან სიახლოვის ფასი იცით, თუ ისეთ ადგილს ეძებთ, რომელიც შთაბეჭდილებებს გაგიმდიდრებთ, თუ ნატურალური პროდუქტები გიყვართ და განსაკუთრებული ღვინის დაგემოვნება გსურთ, - ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

ეს ადგილი ატენის ხეობაშია, ეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ნიკა ვაჩეიშვილის მარანია და არა მხოლოდ.

8 წლის წინ წავიდა და თითქმის იქ დასახლდა. ამბობს, თბილისზე გაცილებით მეტ დროს ატენში ვატარებო და ეს ადგილი ვაჩეიშვილების სამი თაობის საცხოვრისად იქცაო უკვე. ასე დაარქვა ტრადიცია, როგორც მომავალი.

„ატენში ჩამოხვალთ და მიხვდებით, რომ ნახეთ რაღაც არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული. ჩვენი სამივე თაობა აქ ვართ მოყოლებული მარტიდან გვიან შემოდგომამდე. ეს არ არის პროექტი მხოლოდ ჩვენთვის, გვინდა, ყველას ჰქონდეს ამ ბედნიერების ნახვის შესაძლებლობა“, - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.

ამიტომაც გადაწყდა და ჯერ მარანი, შემდეგ კი გესთჰაუსი გაკეთდა.

მარანი განსაკუთრებულია ძველი ტრადიციებით, ატენური კირისგან აშენდა, გესტჰაუსი პატარა და მყუდრო, სტუმრები უხვად - ახლობლებიც, ქართველებიც და უცხოელებიც... განწყობა მივიწყებულ სამშობლოს, რომ განახებენ და აღფრთოვანებას ვერ დამალავ აი, ისეთი...

სტუმრებს აქ უკვე სხვადასხვა პროგრამას სთავაზობენ, მიზანი ისტორიაში ჩაღრმავება და ტრადიციების გაცნობაა, მაგალითად, ბავშვები ეცნობიან ატენის სიონის მოხატულობას, ეცნობიან როგორ ხატავდნენ წინაპრები და როგორ შეუძლიათ ეს თვითონ გააკეთონ.

„2010 წელს დავიწყეთ და მეღვინეობა-მევენახეობის განითარებას მივყავით ხელი, რადგან ატენის ხეობა არის ცნობილი ტერიტორია, მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინო აქ მზადდებოდა და მას ვახუშტი ბატონიშვილი ეძახდა „ღვინო მეფეთა უმჯობეს ყოველთა ღვინოთა“. ღვინის გამორჩეულობა გეოგრაფიული მდებარეობითა და მიკროკლიმატითაა განპირობებული. კლდეეები, რომელიც შეიცავს უამრავ მინერალს, რომელიც მნიშვნელოვანია ვაზისთვის და ეს მინერალები ღვინოს განსაკუთრებულობას ანიჭებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ესა თუ ის ჯიში სხვაგანაც დარგო, მაგრამ იმ გემოვნურ თვისებებს, როგორსაც ატენში იძლევა ვერ მიიღებ. ატენი მცირე მიწიანი და ჩვენც სხვადასხვა ფერდებზე გვაქვს პატარა ვენახები. ეს იძლევა ღვინოების მრავალფეროვნებას, ყველას თავისი გემო აქვს. თავიდანვე ასე ვფიქრობდით, რომ უნდა იყოს მცირე რაოდენობის, მაგრამ უნიკალური ღვინოები. გამოვცადეთ ვენახები მდინარესთან, კლდესთან მიმართებით როგორ აისახებოდა ღვინოში და მგონია, რომ ძალიან კარგი გამოვიდა“, - ამბობს მასპინძელი.

როგორც ლექტორი დამატებით ხსნის რატომ ტრადიცია, როგორც მომავალი.

„რასაც სტუდენტებს თეორიულად უხნი ხოლმე როგორი უნდა იყოს ტრადიცია, რომელიც განახლებულ პირობებში  და თანამედროვე მოთხოვნებში აგრძელებს ცხოვრებას დაახლოებით ისე გამოვიდა და აქ ყველაფერი პრინციპით - ტრადიცია, როგორც მომავალი - გამოვიდა. ძალიან ლამაზია, ყველას მოსწონს, ვინც მოდის თავს გრძნობს ძალიან მყუდროდ.

მინდა საგანმანთლებლო დატვირთვა გავაფართოვოო, - ამბობს და გიყვება რა ხიბლი აქვს ამ გარემოში კლდეზე ცოცვის ან მშვილდოსნობის დაუფლებას, ასტრონომიულ დაკვირვებას ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, საპონი „მოდიდან“ გადადის და აქ თიხისგან საპნის დამზადებაც და ღვინის წიპწის გამოყენებაც შეიძლება.

გახარებულები ვართ და ამ აღმოჩენების გზას მივყვებითო. არ გვჭირდება საათები და გვაქვს მზის საათებიო, დრო აქ სხვანაირად გადის ვიდრე ქალაქში და აქ დროსაც სხვა სპეციფიკა აქვსო.

ამ ყველაფერს ხელს ატენის სანახაობები უწყობს. ირგვლივ უამრავი მარშრუტია ბუნების საოცრებებით და ისტორიული ძეგლებით.

„იმიტომ რომ ეს იყო მთავარი გზა სირიისკენ, პალესტინისკენ, მთლიანად ბიზანტიისკენ, ეს იყო ეკონომიკის მთავარი არტერია ძველ საქართველოში, დავით აღმაშენებელს ბევრჯერ უვლია ამ ჩვენს პატარა ხეობაში, აქაურობას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და აქ ინახებოდა საქართველოს ხაზინაც... უნიკალური ადგილია, ეს არის ისტორია, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩანს“, - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.

შარშან იდეა გაუჩნდა და სტუმრებისთვის პროგრამა „ჩვენით“ გააკეთა. მისი მთავარი პრინციპი ისაა, რომ ყველას შეუძლია თვითონ გააკეთოს საჭმელი, გამოაცხოს პიცა ან ხაჭაპური, თავად გაისეირნოს, დახატოს, ღვინო გასინჯოს ან დაწუროს, ვენახს მოეფეროს და თავად იყოს მასპინძლი.

წლიდან წლამდე ნიკა ვაჩეიშვილის მარანში ღვინის მოცულობა იზრდება, ნელ-ნელა მსხმოიარობაში შედის მისი ხელით ჩაყრილი ვენახიც და 2 წელიწადში მოსავალიც მეტი იქნება და თავისთავად ღვინოც... 

„ტრადიციუალი, ენდემური ჯიშები გვაქვს, 3000 ბოთლს ავცდით. ვფიქრობთ, მაქსიმუმი 5000 ბოთლი იქნება. ეს არის საოჯახო მასშტაბი და ქარხანას არ ვაპირებთ, ეს არ არის კომერცია , ეს არის აქაურობის გემო, ასეთ ბრწყინვალე ღვინოს მსოფლიოში მხოლოდ აქ დააგემოვნებთ.

მაისის ბოლოს მინდორში დგახარ და ისმის საოცარი ზუზუნი, თავიდან არ ვიცოდი და მიკვირდა. მერე მითხრეს, რომ ეს არის ფუტკრის სამუშაო ტრასები, ეს ყველაფერი ჩვენი ვენახების თავზე ხდება. შემთხვევითი აღმოვაჩინე, რომ აქაური მიწა დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, მაგნიტი დამივარდა და ზედ მიწა მიეკრა, მაშინ მივხვდი რატომ გაწითლდა ატენის საუკუნის ფასადი - დაიჟანგა და ოპტიკიზაცია განიცადა“.

მიუხედავად იმისა, რომ იყო შეთავაზებები, ერთი საცდელი პარტიაც გაიტანა უცხოეთში, ღვინის ექსპორტით არ ინტერესდება. „მოთხოვნა საქართველოშიც ძალიან იზრდება და სულ არ მინდა სადმე გავიტანო და ადგილზე აღარ მქონდეს. ჩვენ ატენს ვანვითარებთ და ექსპორტი მეორეხარისხოვანია, მთავარია ხარისხი და მივაღწიეთ იმას, რომ ბალანსი დავიჭირეთ და მთელი ციკლი მიდის არა ბრმად, არამედ ჩვენი კონტროლით, ჩვენი თანამშრომლობით. წელს ჩვენი ღვინოები მაღალშაქრიანი და მაღალსპირტიანი გამოვიდა, რაც ხარისხის მაჩვენებელია.“

ნიკა ვაჩეიშვილის მარანში 5 სხვადასხვა ღვინის გასინჯა არის შესაძლებელი. ვენახი 4 ჰექტრამდე მიწის ფართზეა გაშენებული. აქაურობა ძალიან უყვარს და ეამაყება. უხარია როცა მისი ნამოქმედარი მოსწონთ და აქებენ. მასპინძლობს როგორც უცხოელებს, ასევე ადგილობრივებს. ჩამოდიან გერმანელები, ფრანგები, ავსტრიელები, ძირითადად დასავლეთ ევროპიდან, ბოლო პერიოდში აზიელებიც გამოჩდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს არ მიირთმევენ, მაინც ხვდებიან რომ ეს არის განსაკუთრებული ადგილი. გვსტუმრობდნენ საუდის არაბეთიდან, ირანიდან, ჩართულები არიან პროცესში და გვეხმარებიან. უცხოელი სტუმრები მუდმივად გვეხმიანებიან, გვაქვს მიწერ-მოწერა, მაგალითად ფრანგები გვყავდა და 5 წყება სანათესავო გამოგვიგვზანეს. ქართველები ძირითადად ოჯახებით მოდიან, ხშირად მოჰყავთ უცხოეთში წასული შვილები და ახლობლები, ხვდებიან, რომ ეს სტუმრობა არ არის მხოლოდ ეპიზოდური შეხება ატენთან.“

კითხვაზე ეხმარება თუ არა ის გამოცდილება, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში დაუგროვდა ამბობს:

- რა თქმა უნდა და გეტყვით სიმართლეს, მეხმარება კი არა რასაც გავაკეთებდი ქვეყნიოსთვის იმას ვაკეთებ იმ მიკრო უბნისთვის, სივრცისთვის. ეს არის ბრენდინგი, კომერციულად გამართული გეგმა, წინასწრორობა კომერციასა და განვითარებას შორის, როგორ შეიძლება იყოს საგამომცემლო პოლიტიკა... ატენში ვაპირებ ძალიან მარტივი, იაფი და ეფექტური სამუზეუმო და საგანმამატლებლო პროექტების განხორციელებას, შეიქმნება სამუზეუმო საინტერპრეტაციო სივრცე, პატარა ბიბლიოთეკა... ერთიანი, კომბინირებული სივრცე, თანამედროვე სერვისით და შეთავაზებით უძველეს ადგილას, ადგილი როგორიც გინახავთ შვეიცარიაში ან სადმე სხვაგან.

- რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, როგორ ახერხებთ მის მოზიდვას?

- სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ პასუხს მივეჩვიეთ: დონორებთან რომ მივდივართ გვეუბნებიან, თქვენ ასწრებთ დროს და ჩვენ ასეთი სტრატეგია დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე წლის შემდეგ... ამიტომ რაც გავაკეთეთ არის კარგიც და ცუდიც, აქვს პლუსიც და მინუსიც. რაც გავაკეთეთ ძირითადად საბანკო ფინანსირება, საბანკო სესხებია, ამიტომ იდეებს ძალიან კარგად ვწონით, რომ ისეთ პროექტებში დავაბანდოთ, რომ ამან არ დაგუდოს და არ გაგვხვიოს შარში, შესაბამისად მიდის ნელა და ეფექტურად. არ გვაქვს სოციალისტური ფული (აჰა ფული და რაც გინდა გააკეთე) და ყოველ კაპიკს მიზანი აქვს, ცოტა ვბრაზდები ხოლმე, დონორების წილი ასეთ პროექტებში ძალიან ცოტაა და გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ ბევრი გადასაყრელი პროექტი როგორ ფინანსდება ტაშით, მაგრამ რეალობა ასეთია.

- სახელმწიფო პროექტებში ჩართვას არ გეგმავთ?

- მინდა, რომ აწარმოე საქართველოში ვცადო ბედი, მაგრამ არ მინდა ვიყო დამოკიდებული და შესაბამისად, გვაქვს ალტერნატიული პროექტებიც. თუ არ იქნება სახელმწიფო დახმარება არ გავჩერდებით, თუ იქნება - ეს გამახარებს და მადლობელი ვიქნებით, მაგრამ რეალისტები ვართ.

- ღვინის ტურები მრავლად არის უკვე საქართველოში ტურისტებისთვის შეთავაზებული. ძალიან გააქტიურდა საოჯახო მეურნეობები, რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა ვინც არიან ჩართულები ამ პროცესში. როგორც ჩანს, ბევრგან ეს თითქოს სპონტანურად ვითარდება. ხომ არ ხედავთ საფრთხეს რომ შესაძლოა ამ  მიმართულებით განვითარება ამან შეაფერხოს, რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია?

- თითქოს ერთი მხრიდან რომ შეხედო ეს არის ადვილად გასაკეთებელი საქმე. მოდიან ადამიანები, უხარიათ, ღვინოს სინჯავენ, გაქებენ, იხდიან ფულს და მიდიან... მაგრამ ეს რეალურად ძალიან დიდი შრომაა, ეს მოითხოვს 24-საათიან მზადყოფნას, ფიზიკურადაც ძალიან დამღლელია. ყველაზე მთავარია მუდმივად იყოს ხარისხი, ეს ნიშნავს ყოველსაათობრივ მუშაობას, რომ მიხედილი იყოს ეზო-კარი, მისასვლელები ხიდი, იყოს ყოველთვის კომუნიკაცია ვინც რეკავს. არ შეიძლება ხარისხში იყოს რაიმე საეჭვო იქნება ეს საჭმელი, თუ ღვინო ან თუნდაც ღიმილი... ყოველდღიურად უნდა უღიმო ადამიანებს, ხასიათი უნდა გადადო, რადგან როგორც მასპინძლეი ხარ პირველი კარიბჭესავით. ეს შრომაა და ქართველები საბჭოთა კავშირის შემდეგ შრომას ახლა ვსწავლობთ და მაინც რისკები ძალიან დიდია, თუნდაც არის რისკი, რომ ღვინო გასინჯო და აღმოაჩინო, რომ თურმე ქვევრი არ გაგირეცხავს კარგად და შენი ღვინო აღარ ვარგა... ამიტომ მოლოდინი თუ მაღალია და რეალობა დაბალი, მაშინ შედეგი უარესია. ეს რისკი არის და ერთჯერადი პოპულარობიდან ჩვენ უნდა გადავიდეთ მუშაობით მოპოვებულ პოპულარობაზე და საქართველოს ღვინოს აქვს ეს შესაძლებლობაც და რისკიც - ქვევრიც კარგად უნდა იყოს გამომწვარი, კარგად გარეცხილი, თორემ საქართველოში კარგ ქვევრს ყოველთვის იშოვი.

რაც შეეხება ატენს ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ხალხმრავალი, ჟრიამულის და არა ქაოსის გარემო. სადაც გიხარია და გრძნობ რომ ბუნების შვილი ხარ.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.