ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
21 იანვარი, 2022

„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის ავიაკომპანია - „სინჩუან ეარლაინი“.

თუმცა, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საქართველო არის ღია ცის ხელშეკრულების წევრი, რომლის თანახმადაც, მყიდველს, რომელიც არ არის ევროგაერთიანების ან ღია ცის ხელშეკრულების წევრი არ შეუძლია 100%-ის შეძენა. ამ შემთხვევაში ეროვნული ავიაკომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი უნდა იყოს ქართული მხარე, ხოლო ინვესტორს სთავაზობენ 49%-ს.

ამასთან, როგორც რომან ბოკერიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ ერთერში განაცხადა, ის სახელმწიფოსგან ითხოვს მხარდაჭერას და გარანტიებს. მისი თქმით, პრემიერის სახელზე კვალიფიცური წინადადებაც გაგზავნილი აქვს.

როგორც ბოკერია აცხადებს, კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანისთვის, არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, ფინანსური ფორმულები, რომ მთავრობა გახდეს ეროვნული ავიაკომპანიის პარტნიორი. ამ შემთხვევაში ბოკერია სთავაზობს მთავრობას, რომ Georgian Airways-ის 30-50%-იანი წილი შეისყიდოს, მისცეს გარანტია კომპანიას, რაც ავიაკომპანიას მისცემს საშუალებას, მოიზიდოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან აუცილებელი თანხები.

გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას რომან ბოკერიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ავიაკომპანია ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა.

„ეკონომიკაში არის ასეთი ტერმინი ფორსმაჟორი, ეს არის მდგომარეობა რომელიც შენზე დამოკიდებული არ არის. ეს არის ეკონომიკური, პოლიტიკური, ბუნებრივი კატაკლიზმები, რის შედეგადაც ბიზნესი ზიანდება. პირველი დარტყმა რაც კომპანიამ მიიღო, ეს იყო რუსეთში რეისების აკრძალვა. წარმოიდგინეთ მაისია, გაყიდულია ყველა ბილეთი, კომპანია დიდ შემოსავალზეა, მზად ვართ სეზონისთვის და უცებ ჩნდება ეს აკრძალვა, რომლის გამოც 2 კვირაში ყველა ბილეთი უნდა დავაბრუნოთ, ყველა რეისი გავაუქმოთ და 45% შემოსავალი რისი იმედიც გვქონდა წავიდა ნულში. არამარტო შესაძლებლობა დაიკარგა, არამედ მიღებული შემოსავალი, რომელიც დაბანდებული იყო რეინვესტიციაში, იმის დაბრუნება მოგვიწია 30 მლნ დოლარის ოდენობით. ამას შემდეგ მოყვა კორონავირუსის პანდემია, რომელმაც არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ავიაციას უზარმაზარი ზიანი მიაყენა,“-განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ 150 მლნ დოლარად იყიდება. ქართული ავიაკომპანიისთვის ინვესტორს ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage ეძებს. ცნობისთვის, გასული წლის მიწურულს ავიაკომპანიის გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოება დაიწყო. როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განპირობებულმა მოვლენებმა შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. განცინებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება 175 854 075 ლარს აღწევდა.

საქართველოში დაფუძნებული ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage-ს პრეზიდენტი „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერიაა. ცნობისთვის, ავიაკომპანია მან გასული წლის ნოემბერში დატოვა და მიზეზად ქართულ-ამერიკულ კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში“ გადასვლა დაასახელა.

Georgian Business Brokerage ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ბიზნესბროკერთა და ევროპის ბიზნესბროკერთა ქსელის მეშვეობით, უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნესპროექტების დაფინანსებას, გლობალური კერძო კაპიტალით. კომპანია უცხოურ ინვესტიციებს, საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში, სხვადასხვა ბიზნეს პროექტების დასაფინანსებლად იზიდავს.

BPN.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.