ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Amazon-ი, Ebay-ი, Alibaba და Rakuten-ი ქართული გეოგრაფიული წარმოშობის პროდუქტებს დაიცავენ
13 აპრილი, 2021

საერთაშორისო ინტერნეტსივრცეში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების უფლებებს დაიცავენ. “საქპატენტი“ Amazon-თან, Ebay-სთან, Alibaba-სთან და Rakuten-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. 

როგორც “ბიზნესპარტნიორს“ “საქპატენტში“ განუცხადეს, ონლაინ პლატფორმებთან შეთანხმება ემსახურება ქართული ტრადიციული პროდუქტების, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ღვინის და სხვა დაცვას, უფლებების დარღვევის შემთხვევების აღკვეთას და პრევენციას. კერძოდ, მოხდება ყალბი პროდუქტების გამოვლენა და გაყიდვიდან ამოღება. ეს კი, ხელს შეუწყობს ქართული ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას. 

შეთანხმების შედეგად, “საქპატენტმა“ უნდა დაასაბუთოს, რატომ წარმოადგენს ესა თუ ის პროდუქცია უფლებადამრღვევ პროდუქტს, შეტყობინების საფუძველზე კი, მაგალითად Amazon, Alibaba და სხვა ვალდებულნი იქნებიან, სპეციალური გაფრთხილება გაუგზავნონ seller-ს და პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღონ. არალეგალური პროდუქტის განმეორებითი განთავსების შემთხვევაში შეიძლება საერთოდ დაიბლოკოს, გაუქმდეს შესაბამისი ონლაინ ანგარიშები. შეთანხმება ასევე გავრცელდება ჩინურ თარგმანებზე.

“ერთ-ერთი შესაძლებლობა არის სპეციალური ალგორითმის შემუშავება და ამ ალგორითმზე დაყრდნობით, “საქპატენტის“ ინფორმირება. ასეთი ტიპის ალგორითმს მხოლოდ “განსაკუთრებულ პარტნიორებს“  სთავაზობენ. ძალიან რთული იქნება, მათი ამაზე დათანხმება. მოლაპარაკების საგანია და საბოლოო შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი“,- აცხადებენ “საქპატენტში“. 

მათი თქმით, დღეის მდგომარეობით პროდუქციის გაყალბების დაახლოებით ათეული სავარაუდო შემთხვევა არსებობს. 

პირველი შეთანხმება სავარაუდოდ ივნისში გაფორმდება. ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე, შესაძლოა უვადოც იყოს. 

“საქპატენტი“ Amazon-თან, Ebay-სთან, Alibaba-სთან და Rakuten-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის “საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში გააფორმებს. 

პროექტი საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებაში ეხმარება. ის 2021 წლის 31 აგვისტოს დასრულდება. 

“მომდევნო თვეების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ინტენსიური სამუშაოების განხორციელებას ინტერნეტ პლატფორმების მიმართულებით, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინტერნეტ სივრცეში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების გაყალბების ფაქტები“,- აცხადებენ “საქპატენტში“. 

პროექტის ფარგლებში მუშავდება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ვიდეო რგოლების, ტუტორიალებისა და ანიმაციების შექმნას.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.