ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურიანმა FIS ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა - შეფასებები
12 მარტი, 2021

ბაკურიანში სქი-ქროსისა და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა. შეჯიბრებებში 20-ზე მეტი ქვეყნის (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ.) 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებებს საქართველოს სამთო კურორტმა პირველად უმასპინძლა, შესაბამისად, ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის ირაკლი ჭირაქაძის შეფასებით, მსოფლიო თასის ეტაპების ბაკურიანში გამართვით მოხდა ქვეყნის პოზიციონირება და საქართველომ ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.

“მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო; 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. ჩვენ მზად დავხვდით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. რეკორდულად მოკლე დროში ავაშენეთ სამი ახალი საბაგირო, გათოვლიანების სისტემა, შევიძინეთ სპეც-ტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. ის ინფრასტრუქტურა კი რომელიც აშენდა, რჩება კურორტს, შესაბამისად, ბაკურიანი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში. 24-საათიანი შრომის შედეგად მსოფლიო თასის ეტაპებს მომზადებულები დავხვდით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებისგან კი მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ“, - აცხადებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე.

„მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატესტო შეჯიბრებების ჩატარება სხვადასხვა დისციპლინებში მსოფლიო თასის ეტაპების სახით; დიდი შრომისა და მონდომების შედეგად, ჩვენ ეს გამოგვივიდა პანდემიის პირობებშიც კი. მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში გაუქმდა ზამთრის ძალიან ბევრი ღონისძიება, ჩვენ ოთხი მსოფლიო თასის ეტაპი ჩავატარეთ და თან - ღირსეულად. კმაყოფილები არიან როგორც დელეგატები, ისე - მონაწილეები; ეს ჩვენთვის სტიმულია, ვუახლოვდებით იმ დიდ ინდუსტრიას, რასაც ზამთრის სპორტის განვითარება ჰქვია“, - აღნიშნა თავის მხრივ სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზუკა კოსტავამ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული შეჯიბრებები COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

“მოხარული ვარ, რომ მეორეჯერ ვიმყოფები საქართველოში. ყველა ძალიან მოტივირებულია; შეჯიბრი ძალიან კარგად ჩატარდა, ყველა ბედნიერი და ღიმილიანია. დიდი მადლობა საქართველოს“, - ამბობს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტექნიკური დელეგატი პასკალ პერე.

“ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩატარებული მსოფლიო თასის ეტაპებით; შეჯიბრისთვის ტრასა კარგად იყო მომზადებული, მაღალი დონის სატესტო ღინისძიებები გამოვიდა, რომელიც აჩვენებს საქართველოს მზაობას ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო კუთხით 2023 წლის ჩემპიონატზე. სპორტსმენებისგან და გუნდებისგან მხოლოდ კარგი გამოხმაურება გვაქვს“, - აცხადებს FIS სნოუბორს კროსის მიმართულების დირექტორი უვე ბაიერი.

ცნობისთვის: შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი კომპანია „სილქნეტი“ იყო.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.