ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Best Western Hotels and Resorts - ი საქართველოში სასტუმროების ქსელს აფართოებს
30 მაისი, 2018

Best Western Hotels & Resorts-ი საქართველოში სასტუმროების ქსელს აფართოებს

სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Best Western Hotels & Resorts-ი საქართველოში მნიშვნელოვნად ფართოვდება და წლის ბოლომდე Best Western-ის ბრენდის ქვეშ კიდევ 4 სასტუმროს გაიხსნება.

როგორც Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია Capitol HPS-ში განმარტავენ, ბრენდი გამოჩნდება კურორტ საირმესა და გუდაურში. Best Western Sairme Resort-ი 81 ნომრიანია და სულ რაღაც ერთ თვეში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება რიგით მეორე Best Western-ის სასტუმრო იმერეთის რეგიონში ქუთაისის სასტუმროს მერე. პირველ სტუმრებს ნოემბერში მიიღებს 62 ნომრიანი სასტუმრო Best Western Gudauri Resort-ი.

ზაფხულის სეზონს ემთხვევა Best Western Premier Batumi-ს გახსნა, რომელიც ბათუმში რიგით მეორე Best Western-ის სასტუმრო იქნება და საქართველოში ამ ქსელში შემავალ სასტუმროებს შორის ყველაზე მეტი სტუმრის მიღებას შეძლებს. სასტუმროს ექნება 104 ნომერი.

აგვისტოში დაგეგმილია სტუმრების მიღება კიდევ ერთ სასტუმროში Best Western Tbilisi City Centre, 44 ნომრით, რომელიც იქნება რიგით მეორე Best Western-ი თბილისში.

ამ სასტუმროს გახსნის შედეგად საქართველოს სასტუმროების სანომრე ფონდს კიდევ 291 ნომერი შეემატება.

როგორც Best Western Hotels & Resorts-ის საქართველოს წარმომადგენელ კომპანია Capitol HPS-ში განმარტავენ, 2018 წლის ბოლოსთვის, Best Western Hotels & Resorts-ის სამი ძირითადი ბრენდის 8 სასტუმრო იქნება წარმოდგენილი საქართველოს 6 ქალაქში, რომელთა შორის 4 კურორტია (ბათუმი, ბაკურიანი, საირმე და გუდაური), ჯამში 503 ნომრით.

კომპანიის მიზანია საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და პოპულარულ კურორტზე წარმოდგენილი იყოს Best Western-ის ქსელში გაერთიანებული ერთი სასტუმრო მაინც. ამ მიზნიდან გამომდინარე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პროექტზე და ახალი სასტუმროების გახსნა იგეგმება თბილისში, ქუთაისში, მარტვილში, მესტიაში, ანაკლიაში, ფოთში, წყალტუბოში, სტეფანწმინდასა და თელავში. მენეჯმენტის პროგნოზით, Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში გაერთიანებული სასტუმროების რაოდენობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოში 12-ს, ნომრების ჯამური რაოდენობა კი დაახლოებით 750-ს მიაღწევს.

„სასტუმროების და საქართველოში ათვისებული ქალაქების რაოდენობით იგი საგრძნობლად უსწრებს დღეისათვის საქართველოში წარმოდგენილ სასტუმროების სხვა საერთაშორისო ქსელებს“, - განმარტავენ კომპანიაში.

Capitol HPS-ის დირექტორი გოჩა ჯაიანი აღნიშნავს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან საქართველოში შესაძლებელი გახდა Best Western Hotels & Resorts-ს სამი ახალი ბრენდის - Sure Hotel, Sure Hotel Plus და Sure Hotel Collection - გამოყენება. ეს ბრენდები წარმატებით ვითარდება მსოფლიოს მასშტაბით და მათზე ბევრმა დამოუკიდებელმა სასტუმრომ შეაჩერა თავისი არჩევანი. ეს სიახლე ძირითადად გათვლილია უკვე მოქმედ ისეთ სასტუმროებზე, რომელთა რეიტინგი Tripadvisor-ზე შეადგენს მინიმუმ 3,5-ს, რომლებიც ოპერირებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ბრენდის გარეშე. ასეთი სასტუმროები მრავლად არის საქართველოში და შესაბამისად მათი სურვილის და ბრენდის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია განხილულ იქნას ბრენდთან თანამშრომლობის საკითხი.

Best Western Hotels & Resorts-ი სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში და უმსხვილესი  სასტუმროების ქსელების ათეულში შედის. კომპანია შედგება სხვადასხვა კატეგორიის 11 ბრენდისგან. მის ქსელში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ქვეყნის 4200-მდე სასტუმრო. სათაო ოფისი მდებარეობს ქ.ფენიქსში, არიზონა, აშშ. საქართველოს წარმომადგენლობა ექვემდებარება ქსელის ევროპის რეგიონალურ ოფისს, რომელიც მდებარეობს ირლანდიაში, ქ. დუბლინში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.