ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Best Western Sairme Resort-ი - ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა დაისვენოთ
19 ივლისი, 2018

თუ ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტ საირმეში გადაწყვიტეთ დასვენება, ფიქრი რომელ სასტუმროზე შეაჩეროთ არჩევანი, აღარ დაგჭირდებათ. სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Best Western Hotels & Resorts-ი უკვე მზად არის ზღვის დონიდან 950 მ-ზე მდებარე კურორტზეც გიმასპინძლოთ.

ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტს საინტერესო ისტორია აქვს. პირველი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. ცნობილია საირმესთან დაკავშირებული ლეგენდაც, რომლის მიხედვითაც  იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს. ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს — ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს და სწორედ ამ დროიდან დაიწყო ამ კურორტის განვითარების ისტორია.

ჩვენ მოგიყვებით რატომ უნდა აირჩიოთ და რა უპირატესობები გააჩნია კურორტ საირმეს და  ახალ, 81 ნომრიან სასტუმრო Best Western Sairme Resort-ს, რომელმაც პირველი სტუმრები 17 ივნისს მიიღო.

დავიწყოთ ლოკაციით - სუბტროპიკული სარტყლის მთიანი ზონა, მდიდარი მწვანე საფარით, ხელუხლებელი ბუნებით. ულამაზესი მთები, ფოთლოვან-წიწვოვანი ტყე, მთის მდინარე და სასტუმროს ეკოლოგიურად სუფთა, ხის ექსტერიერი და უმაღლესი სტანდარტის კომბინაცია, საოცარ თანხვედრაშია ერთმანეთთან და უნიკალურობის განცდას იწვევს.

სასტუმროს მფლობელი კომპანიის მთავარი მიზანი იყო სარმეში განხორციელებულიყო ისეთი სასტუმროს პროექტი, რომელიც პირველ რიგში იქნებოდა ბრენდული, ზუსტად უპასუხებდა თანამედროვე ტენდენციებს და გახდებოდა  საყვარელი ადგილი როგორც სამკურნალოდ ჩამოსული სტუმრებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის და ყველა სხვა ასაკობრივი , თუ მიზნობრივი კატეგორიის ადამიანებისთვის.

ამის პრეტენზია გვერწმუნეთ სასტუმროს ნამდვილად აქვს. ვრცელ სივრცეზე გაშლილი, სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო, კომფორტული, აივნიანი ნომრებით და საუცხოო ხედებით სტუმრებს მრავალფეროვან დასვენებას ჰპირდება. სასტუმროში არსებული ლაუნჯი ღია ტერასით, მყუდრო ბარით და ბუხრით, ვიოლინოსა და როიალის ჰანგებით გარემოს უკეთესად აღქმაში დაგეხმარებათ.  

განსაკუთრებით აღსანიშნავია კურორტის სპა ცენტრი, რომელიც სასტუმროს მიმდებარედ მდებარეობს და სადაც სხვადასხვა დანიშნულების საპროცედურო კაბინეტებთან ერთად არის  სველი და მშრალი საუნა, უნიკალური დახურული და ღია აუზები. ამ აუზების უნიკალურობა კი ისაა, რომ ისინი მიწიდან ამოსული 41 გრადუსიანი თერმული წყლებით ივსება. ეს აუზები უნიკალური არა მხოლოდ წყლით, არამედ მდინარეზე გადასული ვერანდით, გარშემორტყმული მთებით და დაბურული ტყით.

თერმული სპა ცენტრი გერმანელმა მეცნიერებმა დააპროექტეს, აღჭურვილია  გერმანული ტექნიკით, ყველა პროცედურა კეთდება თერმული წყლებით, რომლის დახმარებითაც ხდება როგორც სხეულის რელაქსაცია, ასევე მისი რეაბილიტაციაც.

აქვეა მარილის ოთახი, რომელიც კურორტის დაემატა რეაბილიტაციის ფარგლებში და საუკეთესოა სასუნთქი გზებისა და ფილტვების გაწმენდისთვის.

სასტუმროს მენეჯმენტს არც თქვენი გართობა და მხიარულება დავიწყებია. თოკების ქალაქი ნამდვილად გაამხიარულებს ექსტრემის მოყვარულებს, განსაკუთრებით სახალიხო კი თიმ ბილდინგისთვის იქნება.

შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ 800 მეტრი სიგრძის ზიპ ლაინით. ზიპ ლაინი 2 ხაზითაა და მთებიდან ეშვება პარკში, რომელიც ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უნიკალურია.

აქვეა ასევე  სასტუმროს სასროლეთი, რომლით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალი მსროლელები. აქ 6 ადგილმდებარეობაა 6 მონაწილისთვის,  ეს კი შეჯიბრს ექსტრემალურობას მატებს  და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

სასტუმროს ინტერიერი, ადგილმდებარეობა და მისი ინფრასტრუქტურა ნამდვილად საინტერესო აღმოჩენა იქნება ნებისმიერი სტუმრებისთვის. სასტუმრო უმეტესად გათვლილია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ირჩევენ, უყვართ აღმოჩენები, ხელუხლებელი ბუნება და მოძრავი ცხოვრება.

სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტანდარტული ნომრის ფასი 135$-ია, ამ ღირებულებაში შედის სამჯერადი კვებაც. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სამზარეულოში კერძების დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ მიმდებარე სოფლებში, ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი, ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდქტები, ხილი და ბოსტნეული.

სასტუმროს კურორტ საირმის მენეჯმენტი მართავს და სტუმრების კომფორტულ დასვენებაზე სასტუმროში დასაქმებული 82 ადამიანი ზრუნავს.

დასვენების დროს როგორც წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასტუმროს სერვისისა და მომსახურების მრავალფეროვნება და ხარისხი, არამედ გარემო პირობებიც, რომლის შექმნაზეც  დაახლოებით 4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო მთლიანად კურორტ საირმის რეაბილიტაციაში კი 10 მლნ ლარია ინვესტირებული.

აღსანიშნავია, რომ Best Western Kutaisi-ის მერე, ეს იქნება მეორე ბრენდული სასტუმრო იმერეთის რეგიონში, რომელიც ასევე გახდა Best Western Hotels & Resort-ის მსოფლიო ქსელის ღირსეული წევრი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.