ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბიზნესი გუდიაშვილის მოედანზე ობიექტების მოწყობას შეძლებს - მერია აუქციონს გამოაცხადებს
24 მარტი, 2022

თბილისის მერია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ გუდიაშვილის მოედნის სივრცეებს აუქციონზე გამოიტანს. 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. რეაბილიტირებულ ნაწილს კი, ეკონომიკური განვითარება სჭირდება. 

"თითოეულ ძეგლს, ორნამენტს, დეტალს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ვუფრთხილდებით, რომ კულტურული მემკვირეობა შევინარჩუნოთ და უკვე გალამაზებული, მოწესრიგებული გადავცეთ მომავალ თაობებს. გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად მოწესრიგებულია, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც 16 სახლი დაემატა და ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

თუმცა, პირველი ნაწილი, რომელიც ჩვენ დავასრულეთ, ამას სჭირდება შემდეგი "პატრიონი", ვინც მოუვლის და სწორი ფორმით გამოიყენებს. ერთია სილამაზე, ამ ძეგლების მნიშვნელობა, თუმცა მას აქვს მეორე მხარე- ეკონომიკური მხარე. რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა, გამოიყენონ. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს სივრცეების გამოტანა და გასხვიება ბიზნეს სექტორზე. თუმცა ამ პროცესში პარალელურად დედაქალაქის მერია იქნება ჩართული , რომ გუდიაშვილის მოედანი - არსებული სივრცე სწორად იყოს განვითარებული, არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება არ იყოს ქალაქისთვის მისაღები და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორი ფორმით და ისე, რომ ეს იყოს მიზიდულობის ცენტრი, ადგილი, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი, რომ მივიდეს, დაისვენოს, გაერთოს",- აღნიშნა კახა კალაძემ. 

მან თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს მიმართა, რომ ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია შედგეს და არსებული სივრცეები აუქციონზე რაც შეიძლება მალე გამოვიდეს.  

"ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ სწორად მოხდეს ამ სივრცეების განვითარება. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი იქნება ინტერესი და ბევრი ადამიანი მიიღებს აუქციონში მონაწილეობას", - განაცხადა კახა კალაძემ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.