ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ 107 ადამიანია დასაქმებული – კომპანიის დირექტორს 2 მოადგილე ჰყავს
25 ნოემბერი, 2020

შპს Black Sea Arena Georgia-ში 107 თანამშრომელია დასაქმებული. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სახელმწიფო კომპანიიდან ოფიციალურად გამოითხოვა. სახელმწიფო შპს-ს დირექტორია ტარიელ ხარჩილავა, რომელსაც ორი მოადგილე ჰყავს.

Bm.ge დაინტერესდა, რამდენია ტარიელ ხარჩილავას ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, მაგრამ ოფიციალურად გამოთხოვილ წერილობით პასუხში, რომელსაც ხელს თავად აწერს, აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია საჯაროა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მას საჯარო სამსახურის ბიუროში ყოველწლიურად წარადგენს.

საქმე იმაშია, რომ ტარიელ ხარჩილავას ქონებრივი დეკლარაცია მართლაც 2-ჯერ აქვს შევსებული, მაგრამ ორივე შემთხვევაში შემოსავლის გრაფა ცარიელია. ის ირწმუნება, რომ ადგილი აქვს „ტექნიკურ შეცდომას“, რომელსაც გამოასწორებენ, თუმცა კითხვაზე – რამდენია მისი ხელფასი, ხარჩილავამ პასუხისგან თავი შეიკავა და კითხვების ისევ ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ითხოვა. შპს Black Sea Arena Georgia-ს დირექტორმა არც თავისი მოადგილეებზე ისურვა საუბარი. უცნობია, ტარიელ ხარჩილავას ორი მოადგილის ხელფასი და ვინაობაც.

გარდა ამისა, ჩვენ გვაინტერესებდა, შპს Black Sea Arena Georgia-ს მენეჯმენტის მიერ გაწეული ხარჯების დეტალური მიზნობრიობა, რადგან მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს აჩუქა, მისი შენახვისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება, თუმცა კონკრეტული რიცხვები ვერ მივიღეთ, გარდა ჯამური თანხებისა.

ირკვევა, რომ 4 წელიწადში „ბლექსი არენა ჯორჯიამ“ ბიუჯეტიდან 18 მლნ ლარი მიიღო, მათ შორის წელს – 4 მლნ ლარი; ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2020 წლის განმავლობაში „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ვერ მოხერხდა.

bm.ge შპს “ბლექ სი არენა ჯორჯიას” მენეჯმენტის საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში Black Sea Arena-მ სახელმწიფოსგან 24.8 მილიონი ლარის მიწები და შენობა-ნაგებობები მიიღო. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. როგორც ტარიელ ხარჩილავამ bm.ge-ის უთხრა, საუბარია “ბლექსი არენა ჯორჯიას” წინა და უკანა მხარეს არსებულ მიწასა და შენობა-ნაგებობებზე, რომელსაც დარბაზი ისედაც საპარკინგედ იყენებდა. მისი თქმით, პარკინგი დაახლოებით 3 600 მანქანაზეა გათვლილი.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფომ დარბაზს სუბსიდიის სახით 10.4 მილიონი ლარი გადაურიცხა, რაც 2018 წლის სუბსიდიაზე 2.8 მილიონი ლარით მეტი იყო. ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელი დარბაზმა 2.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. Black Sea Arena-სთვის ზარალიანი იყო 2018 წელიც, რაც 4.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

2019 წლის მდგომარეობით, დარბაზის აქტივები 55.4 მილიონ ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. მალევე, ივანიშვილმა დარბაზი სახელმწიფოს აჩუქა. ამჟამად, აქტივს შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია” მართავს, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.