ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომი ვერდე: ის, ვინც წელს ზღვაზე დასვენებას აპირებდა, მთისკენ წამოვიდა
30 ივნისი, 2023

ზაფხულის სეზონი პასიურად დაიწყო, 15 ივნისამდე მომხმარებელთა აქტიურობა საკმაოდ დაბალი იყო, წინა წელთან შედარებით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბუტიკ სასტუმრო „ბორჯომი ვერდეს“ დამფუძნებელმა ხატია მელიქიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 2 დღეა, სიტუაცია შედარებით გამოსწორდა და 20 ივნისიდან ჯავშნების რაოდენობამაც მოიმატა.

„წინა წელი გვქონდა ძალიან აქტიური. უამრავი დამსვენებელი გვყავდა აღმოსავლური ქვეყნებიდან. თუმცა, წელს ისინი უფრო მეტად თურქეთზე გადაერთვნენ და ჩვენს სასტუმროში მათი რიცხვი 50%-ით არის შემცირებული. ამას ბიძგი მისცა იმანაც, რომ მაღალი საკომისიოს გამო, ჩვენ აღარ  ვართ წარმოდგენილები booking.com-ზე. არაბული ქვეყნების მოქალაქეები კი ძირითადად, სწორედ booking.com-ით ჯავშნიან სასტუმროებს“,- აღნიშნა სასტუმრო „ბორჯომი ვერდეს“ დამფუძნებელმა.

მისი თქმით, ივნისის თვეში „ბორჯომი ვერდეს“ დატვირთულობა 80%-ია, თუმცა ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სასტუმრო სრულ დატვირთვას ელოდება.

„ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 50/50-ზეა, ანუ გვყავს როგორც უცხოელები, ისე ადგილობრივები. მაგალითად, გაზაფხულზე გვყავდნენ დამსვენებლები ისრაელიდან. ზაფხულის თვეებში შეინიშნებიან გერმანელები და ყაზახები, ასევე რუსები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

რაც შეეხება ქართველებს, ბოლო დღეებში, შავი ზღვის შესაძლო დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, მათზე იმოქმედა და ის, ვინც ზღვაზე დასვენებას აპირებდა, მთისკენ წამოვიდა. ბევრი სტუმარი იყო, რომელსაც ზღვაზე ჰქონდა ჯავშანი და დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ზღვაზე აუქმებენ და ჩვენთან მოდიან“ , - განმარტა ხატია მელიქიძემ.

ცნობისთვის, ბუტიკ სასტუმრო „ბორჯომი ვერდე“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ის 5 ნომერს მოიცავს, მათ შორის ლუქსის ტიპის ნომერსაც.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.