ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩაშლილი კონცერტები და მოტყუებული მსმენელი - როგორ იშოვება ფული შოუ-ბიზნესში
03 იანვარი, 2018

10 დეკემბერს, სპორტის სასახლეში ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული კრის ნორმანის კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა კონცერტი ორგანიზატორებმა გააუქმეს. ამ დრომდე გაურკვეველია, 30 დეკემბერს დაგეგმილი კრის რის კონცერტის ჩატარების საკითხიც. როგორც ორგანიზატორმა "აიპრესს" განუცხადა, მათ პასუხი ხვალ, 28 დეკემბერს, ეცოდინებათ. ორგანიზატორი ირწმუნება, რომ კონცერტის გაუქმების შემთხვევაში, მსმენელებს, რომელთაც ბილეთი შეიძინეს, თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.

თბილისში დაგეგმილი კრის რის კონცერტის ჩატარების თაობაზე "აიპრესი", კონცერტის ორგანიზატორს, შპს "ნიჯ გრუპის" დირექტორს, ნოდარ კაკალაძეს ესაუბრა:

„ბილეთების გაყიდვის შეჩერების მიზეზი ოქსფორდში, კრის რის სცენაზე გულის შეტევის შედეგად დაცემაა. პასუხს 28 დეკემბერს მოგვწერენ, გვეტყვიან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. სავარაუდოდ, კონცერტი გადაიდება. 30 დეკემბრამდე უნდა გვითხრან, ჩატარდება თუ არა კონცერტი“.

"აიპრესის" კითხვაზე, კონცერტის გაუქმების შემთხვევაში, იღებს თუ არა ორგანიზატორი თავის წილ პასუხისმგებლობას, რომ პირებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაუროს, შპს „ნიჯ გრუპი“-ს დირექტორმა დასძინა: „კი ბატონო, რა თქმა უნდა“.

იმ ფაქტმა, რომ კონცერტის ჩატარების საკითხი ამ დრომდე გაურკევეველია, მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. ისინი საკუთარ პოზიციას ვებგვერდ TKT.GE -ზე გამოხატავენ.

მეორე საკითხი, პოპულარული მომღერლის, კრის ნორმანის კონცერტს ეხება. კონცერტზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა ვებგვერდ TKT.GE -ზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიყიდა. ბილეთების ფასი 30 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობდა. დაგეგმილი კონცერტის გაუქმების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ იყო. მოგვიანებით, მათ სრულიად შემთხვევით შეიტყვეს, რომ ცნობილი მომღერლის კონცერტი მათთვის გაურკვეველი მიზეზით „უცნობმა“ ორგანიზატორებმა გააუქმეს, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა.

ვებგვერდ TKT.GE -ს სთხოვეს, ორგანიზატორის ვინაობა დაესახელებინათ, აეხსნათ კონცერტის გადადების მიზეზი და პასუხი გაეცათ კითხვაზე, შეძენილი ბილეთების საფასური ანაზღაურდებოდათ თუ არა. როგორც მომხმარებლები „აიპრესთან“ აღნიშნავენ, TKT.GE ორგანიზატორებად სხვადასხვა შპს და ონლაინ კომპანიებს ასახელებდა და აღნიშნულ ინფორმაციასაც მუდმივად ანახლებდა. მათი მტკიცებით, დასახელებულ ორგანიზატორთა შორის იყო: BILETEBI ONLINE, EASYLOAN.GE, შპს „კობე“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია EASYLOAN.GE ანუ Mome.ge ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიაა, რომელიც ამჟამად სესხებს აღარ გასცემს და ამ კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად შეუძლებელია. რაც შეეხება BILETEBI ONLINE-ს, გაურკვეველია, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი კონცერტის გამართვასთან.

10 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტის გაუქმების თაობაზე მომხმარებლები დაგვიანებით, რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს და მხოლოდ მას შემდეგ გაუგზავნეს სატელეფონო შეტყობინება. თუმცა, ორგანიზატორმა ვებგვერდ TKT.GE-ს საშუალებით ბილეთის საფასური, საკომისიოს გარეშე სრულად აუნაზღაურა.

მსმენელი, რომელიც TKT.GE-ს მომხმარებელია მიიჩნევს, რომ ისინი კონცერტის გაუქმების თაობაზე დროულად იმიტომ არ გააფრთხილეს, ამას ხმაური და მითქმა-მოთქმა მოყვებოდა. რაც შეეხება თანხის საკომისიოს გარეშე დაბრუნების საკითხს, მათ მიაჩნიათ, რომ TKT.GE-ს "კაბალური" ხელშეკრულებები აქვს, რითაც მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას იხსნის.

კერძოდ, მათ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „TKT.GE არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს თანხა, თუ მომხმარებელი დაეთანხმება შეთავაზების შეძენას და გადახდილი იქნება საფასური. ბილეთის დაბრუნება.

TKT.GE არ არის ვალდებული, დაიბრუნოს გაყიდული ბილეთ(ებ)ი. მონაცემთა დაცვა TKT.GE მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა".

"აიპრესი" ერთ-ერთ მომხმარებელს ესაუბრა, რომელმაც ორივე კონცერტის ბილეთი შეიძინა, ამჟამად კი როგორ ორგანიზატორების, ასევე TKT.GE-სგან მომხდარზე ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

"კრის ნორმანის კონცერტის ბილეთი შევიძინე. მოგვიანებით, ვნახე კონცერტი გაუქმდა. როცა ვიკითხე, რამე პრობლემა ხომ არ იყო კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით, არავინ მიპასუხა. ოქტომბრის დასაწყისში მითხრეს, რომ ბილეთის საფასურს ორ კვირაში დააბრუნებდნენ, თუმცა ამაოდ. როცა ვხედავდი, თანხას არ აბრუნებდნენ, ორგანიზატორის ვინაობით დავინტერესდით. მათ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია EASYLOAN.GE დაასახელეს, მათი facebook- გვერდიც დადეს. EASYLOAN.GE -ს სოციალურ ქსელში წერდა, რომ კრის ნორმანის კონცერტი იგეგმებოდა. თუმცა, 20 ნოემბერს, როცა ბილეთების დაბრუნების დრო იყო, მასალა შეასწორეს. გვითხრეს, რომ კონცერტის ბილეთებთან დაკავშირებით „ბილეთები ონლაინისთვის“ მიგვემართა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და ორგანიზატორიის რეალურ ვინაობას არ გაამხელდნენ.

პირადად, კრის ნორმანის კონცერტის ორი 50 ლარიანი ბილეთი შევიძინე, რომელშიც მთლიანად 100 ლარი გადავიხადე, საკომისიო 6 (3-3 ლარი) ლარის საფასურიც გადავიხადე. მომხმარებლები კითხულობდნენ, დააბრუნებდა თუ არა TKT.GE საკომისიოს, რაზეც მათი მიუგეს, რომ თანხა სრულად დაბრუნდებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საკომისიოს არავინ დააბრუნებდა. TKT.GE.ge-ს ეს ხელშეკრულებაშიც უწერია. ზოგადად, წესდება ისე აქვთ შედგენილი, მომხმარებელთა უფლებები საერთოდ ნახსენებიც არ არის.

რაც მთავარია, არც კრის ნორმანსა და არც კრის რის საკუთარ ვებგვერდზე არ ეწერათ, რომ საქართველოში ჩამოდიოდნენ. დიდი გაუგებრობაა.... შესაძლოა, ადამიანს ეჭვი გაგიჩნდეს, რომ ეს მაქინაციაა. ზოგადად, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელთა უფლებები ირღვევა. კრის ნორმანის დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორებს შორის „ბილეთები ონლაინიც“ ფიგურირებს. ის ფიგურირებდა კრის რის დაგეგმილი კონცერტის შემთხვევშიც",-აცხადებს "აიპრესთან" ერთ-ერთი მომხმარებელი.

კიდევ ერთი მომხმარებელი ვარაუდობს, რომ კრის ნორმანის კონცერტის გაუქმება და კრის რის კონცერტთან დაკავშირებით ამჟამად არსებული გაუგებრობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

„TKT.GE-ს საკუთარ ვებგვერდზე უწერია, რომ ორგანიზატორების შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მათი ოპერატორების მიერ. მათ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა, ვინ იყო კრის რის კონცერტის ორგანიზატორი, რაზეც შპს „კობე“ დაასახელეს, შემდეგ TKT.GE-მ კომენტარი შეცვალა და ზუსტად იმავე მომხმარებელს დაუწერია, რომ ორგანიზატორი „ნიჯ გრუპია“. რაც დავითვალე, ელტონ ჯონის გარდა, 7 კონცერტია გაუქმებული. აქედან, ვერ გაიგებ ვინ არიან ორგანიზატორები. თავიდან TKT.GE-მ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კრის ნორმანის კონცერტის ორგანიზატორი „იზილოუნი“ იყო. მოგვიანებით, თქვეს, რომ ორგანიზატორი „კობე“ არისო.

რეალურად, TKT.GE-ს კაბალური ხელშეკრულება აქვს, ყველაფერი თავის თავზე აქვს მორგებული. არაფერში არ ერევა, ამბობს, რომ ბილეთების რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ. საკომისიოს არ აბრუნებს და არაფერი. თუმცა, მაქვს ლინკი, სადაც „იზილოუნი“ TKT.GE-ს ვებგვერდზე კომენტარის სახით წერს, რომ ბილეთების საფასურს საკომისიოს ჩათვლით დააბრუნებდა, თუმცა ასე არ მომხდარა. თუ, აღნიშნული საკითხი სამართალდამცავებს არ გადავეცით, ალბათ, ამას ვერც გავიგებთ...

ორივე კონცერტის ბილეთი შეძენილი მაქვს. პირველ კონცერტზე 100 ლარიანი ბილეთები გაიყიდა, რომლის საკომისიოც არ დაუბრუნეს. ამჟამად, კრის რის კონცერტის ბილეთის ღირებულება 10-დან 300 ლარამდეა. სავარაუდოდ, 300 ლარიან ბილეთების შემთხვევაში, საკომისიო არ დაუბრუნდებათ, რაც მცირე თანხა არ არის.

რასაკვირველია, მომხმარებლის უფლებები ირღვევა. მაგალითად, კრის ნორმანის კონცერტის შემთხვევაში, ბილეთების გაყიდვა დაიწყეს, შემდეგ გამოაცხადეს, რომ ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია. ზუსტად იგივე ვითარებაა, რაც ახლა კრის რის კონცერტის შემთხვევაში ხდება. ხალხი წერდა, რომ ბილეთების შეძენა სურდა. რამდენიმე დღეში TKT.GE-მ გამოაცხადა, რომ კონცერტი გაუქმდა. მოგვიანებით, დაანონსეს, რომ დაახლოებით 10 დღეში თანხა ანაზღაურდებოდა. 8 დეკემბერს ჩაურიცხეს TKT.GE-ს თანხა, რადგან 10 დეკემბერს უკვე კონცერტი იყო ჩანიშნული. TKT.GE-მ სატელეფონო შეტყობინება არავის გაუგზავნა, სპეციალურად თუ არ შეხვიდოდი მათ ვებგვერდზე და კომენტარებს არ ნახავდი, ვერაფერს მიხვდებოდი. 8 დეკემბერს დაიწყეს შეტყობინებების გაგზავნა, რომ ხალხი კონცერტზე აღარ მისულიყო. TKT.GE-ს ისე კაბალურად აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, აბსოლუტურად ყველაფერზე ხელს იბანს. მიზანმიმართულად არ წერენ, ვინ არის რგანიზატორი. დავრეკე, ვესაუბრე კიდეც, ორგანიზატორებს რატომ არ უთითებთ თქო. ჩემი ვარაუდით, ორგანიზატორებს ფული სჭირდებათ და ეს თანხა უფასოდ აქვთ. ორითვე დაატრიალებენ თანხებს და შემდეგ გადმოაგზავნიან. ჩემი ვარაუდით, კრის რის კონცერტის ორგანიზატორებს კრის ნორმანის ორგანიზატორებთანაც აქვთ კავშირი, თუმცა ვერ ვამტკიცებთ. ვერაფერს შეედავები, ისეთი კაბალური ხელშეკრულება აქვთ“,-აცხადებს ერთ-ერთი მომხმარებელი.

"აიპრესი" ინფორმაციის გადასამოწმებლად ვებგვერდ TKT.GE-ს მენეჯერს, მარიამ მორგოშიას დაუკავშირდა. მისი განმარტებით, კრის რის კონცერტთან დაკავშირებით ისინი საბოლოო პასუხს 28 დეკემბერს მიიღებენ, რის გამოც ორგანიზატორთა თხოვნით, ამჟამად ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.

„ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია იმიტომ, რომ ორგანიზატორისგან დადასტურებულ პასუხს ველოდებით, ჩატარდება თუ არა კონცერტი. ეს 28 დეკემბერს გაირკვევა. წერილიც გვაქვს და 28 დეკემბერს გვეტყვიან საბოლოო პასუხს. კონცერტის ორგანიზატორია ნოდარ კაკალაძე-შპს „ნიჯ გრუპი“. კრის ნორმანის კონცერტის ორგანიზატორი შპს „კობე“, ირაკლი კობერიძე იყო. გაუქმების შემდეგ, ბილეთის საფასური პირებს სრულად დაუბრუნდათ“,-აცხადებს მორგოშია.

მისი თქმით, TKT.GE-ს კონცერტის გაუქმების შემთხვევაში, ბილეთის საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რადგან ჩვენ შუამავალი კომპანია ვართ, რომელსაც ქირაობენ და რომელიც ასრულებს დამკვეთის დავალებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კრის რის თაობაზე 28 დეკემბერს, საღამოს დამიკავშირდით და პასუხი მეცოდინება. ჯერ ვერაფერს გეტყვით“,-განმარტავს ის.

მსმენელების მიერ TKT.GE-ს მისამართით გამოთქმული პრეტენზიების თაობაზე, "აიპრესი", ინფორმაციის გადასამოწმებლად შპს „კობე“-ს დირექტორს, ირაკლი კობერიძეს დაუკავშირდა.

„კრის ნორმანის კონცერტის გადადების მიზეზი ის იყო, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ და რაიდერული კომპანია ვერ მოვრიგდით. აქ არც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ იყო საუბარი, არც სხვა რაიმე მიზეზზე. საკმაოდ დიდხანს მიდიდოდა მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოოდ ვერ შევთანხმდით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონცერტის გაუქმება მოგვიწია“.

ჩვენს კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას რაიდერული კომპანია დასახელება, ირაკლი კობერიძემ განაცხადა:

„სამწუხაროდ, ინფორმაცია კონფიდენციალურია და სულ რამდენიმე ორგანიზაციამ იცის ამის შესახებ. კომპანიის დასახელების უფლება არ გვაქვს. ბილეთების საფასური ყველას აუნაზღაურდა, TKT.ge-ს მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით, ბანკის საკომისიო ნამდვილად არ აგვინაზღაურებია. გადავწყვიტეთ, რომ ბილეთების შეძენის მომსახურეობის საკომისიოც დაგვებრუნებინა, ამაში TKT.ge დაგვეხმარა.

ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა რამე კავშირი შპს „კობესა“ და შპს „ნიჯ გრუპს“, ან Easyloan-ს შორის, დირექტორმა განაცხადა:

„გარდა იმისა, რომ ჩვენი კონცერტები სპორტის სასახლეში მიყოლებით იყო და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს კონცერტზე პრობლემა იქნებოდა, კრის რის კონცერტის ორგანიზატორი იძულებული გახდა დაგვკავშირებოდა და გაერკვია, რა ხდებოდა, რამით დახმარება ხომ არ შეეძლო. პირდაპირი რაიმე ტიპის კავშირი არაფერი ყოფილა“.

"აიპრესის" კითხვაზე, განსაზღვრული აქვთ თუ არა მათ ვადები, რომლის ფარგლებშიც ჩაშლილი კონცერტის შეთხვევაში, მოქალაქეებს ბილეთის საფასური უნდა აუნაზღაურდეთ, მან განაცხადა:

„ვადა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია იმიტომ, რომ პირობითად კრის ნორმანის მენეჯერს უდევს დიდი თარიღი ხელშეკრულებაში, რაიდერულ კომპანიას უდევს მეორე თარიღი ხელშეკრულებაში, ამას ემატება სამი ქვეყანა ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ რაიდერული კომპანია რუსეთია და კრის ნორმანის მენეჯერი ინგლისშია. ამას ემატება გადარიცხვის პერიოდები და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ღონისძიების ორგანიზატორიც და მენეჯერის საქართველოში არ იმყოფებიან, თანხის იმწამსვე დაბრუნება ცოტა პრობლემატურია, ამიტომ გაიწელა ამდენი ხანი დროში. იურიდიულად, შპს „კობესა“ და EASYLOAN.GE-ს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. ის კონცერტის ორგანიზატორი არ ყოფილა“,- განაცხადა მან.

პ.ს. რატომ უქმდება საქართველოში უცხოელი მომღერლების კონცერტები? ირღვევა თუ არა მომხმარებლისა და მსმენელის უფლებები, საჭიროებს თუ არა მსგავსი ფაქტები კონკრეტული უწყებებისგან შესწავლას ან მონიტორინგს, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მკითხველისთვის მოგვინდვია. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ კონცერტების ხშირად გაუქმება საქართველოში უკვე მავნე "ტრადიციად" იქცა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან, სწორი შეფასება და დროული რეაგირება სჭირდება.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.