ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭიათურის განახლებული საბაგიროს პროექტში ცვლილებები შევიდა - როდის დასრულდება 40-მილიონიანი პროექტი
12 იანვარი, 2018

ჭიათურის განახლებული საბაგიროს პროექტში ცვლილებები შევიდა. საბაგიროს ფუნქციონირება 2017 წლის ბოლოს უნდა დაეწყო, თუმცა როგორც „კომერსანტს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღმა 2018 წლის ზაფხულამდე გადაიწია.

მათი ინფორმაციით, არ შეცვლილა საინვესტიციო თანხა და ის კვლავ 40 მილიონი ლარია.  

როგორც ცნობილია, საბაგიროზე იმოძრავებს 8 გონდოლა, რომლებიც 15-20 კაცზე იქნება გათვლილი. გონდოლები ფონდმა ფრანგული კომპანია Pomagalsk-სგან შეიძენა და ისინი უკვე საქართველოშია.

„პროექტში ცვლილებები შევიდა, სამშენებლო სამუშაოები დაემატა, მათ შორის რკინა-ბეტონის სამუშაოები. მშენებლობის სრულად დასრულება ზაფხულში მოხდება. ამ ეტაპზე უკვე ჩამოსულია 8 გონდოლა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები თავად ჩამოვლენ და ტექნოლოგიურ პროცესებს და გონდოლების დამონტაჟებას დაიწყებენ“, - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზას რეკონსტრუქცია ჭიათურის 4 უბნის: სანატორიუმის, ნაგუთის, ლეჟუბანისა და მუხაძის მიმართულებით უტარდება: „ოთხივე უბანი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ყველას რეკონსტრუქცია რომ დასრულდება, საბაგირო სრულად ფუნქციონირებას შეძლებს“, - განუცხადეს „კომერსანტს“ ფონდში.

შეგახსენებთ, რომ მთლიანად ჭიათურის საბაგირო გზის სიგრძე 3428 მეტრია, აქედან სანატორიუმის მიმართულებით - 862 მეტრი, ნაგუთის - 1081 მეტრი, ლეჟუბანის - 845 მეტრი, ხოლო მუხაძის მიმართულებით 640 მეტრი. პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 40 მილიონ ლარამდეა. აქედან 13.2 მილიონი ევრო ფრანგულ მხარეს ეკუთვნის.

ჭიათურაში დღეისათვის 15 მოქმედი საბაგირო გზაა. აქედან ოთხი, რომლის მოდერნიზებაც იგეგმება, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დანარჩენი 11 კი კომპანია ჯორჯიან მანგანეზს ეკუთვნის.

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. საბჭოთა კავშირის პირველი სამგზავრო საბაგირო გზა ჭიათურაში ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის 1954 წელს აშენდა.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.