ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჭრებალოს მარანი" რესტორნის შემდეგ სასტუმროს აშენებას გეგმავს
16 ნოემბერი, 2023

"ჭრებალოს მარანი" რესტორნის შემდეგ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

როგორც "ჭრებალოს მარნის" თანადამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" სალომე ლეკიშვილი აცხადებს, მათი მიზანი 130 წლის წინ აშენებული ისტორიული შენობისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა იყო. ამიტომ შექმნეს სივრცე, სადაც მისულ სტუმრებს ხვანჭკარის მიკროზონის რჩეული ვენახებიდან დაწურული ღვინის დაგემოვნება და ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა შეუძლიათ.

„ადგილობრივი რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებისგან ვაწარმოებთ სხვადასხვა, ტრადიციულ ახალ ღვინოს, რომელიც ჩვენ შევქმნით. ამ დროისთვის ღვინოს  სტუმრებს ჯერჯერობით ადგილობრივად, ჩვენს მარანში ვთავაზობთ. ასევე, "ჭრებალოს მარნის" ბრენდის ქვეშ  ვაწარმოებთ ჭაჭას, სახელად "რაჭაჭა". ვციდლობთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ამ რეგიონს უკავშირდებოდეს, სწორედ ამიტომ ჩვენს ლოგოზე რაჭული აივნების ორნამენტებია გამოყენებული. “- ამბობს სალომე ლეკიშვილი.

როგორც "ჭრებალოს მარნის" დამფუძნებელი აცხადებს, მარნის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ბიზნესი სარესტორნო მიმართულებითაც განვითარებულიყო, რამაც გაამართლა და ჭრებალოს მარნის გეგმები კიდევ სხვა კუთხით წაიყვანა. ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გრანტმა, რომლის ფარგლებშიც სივრცე ტექნიკურად აღიჭურვა. ამ ეტაპზე მარანი ყოველწლიურად 7 სახეობის 20 000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს, რომლის 60%-იც ექსპორტზე,- ევროპასა და ამერიკაში გადის.

„თავიდან იყო მხოლოდ ღვინის წარმოება, შემდეგ როცა დავინახეთ, რომ აქ დიდი პოტენციალია ტურიზმის მიმართულებით, გადავწყვიტეთ გაფართოება. მომავალი გეგმები გვაქვს უკვე სასტუმროს მიმართულებით დაშემდეგი 2 წლის განმავლობაში ამ გეგმას განვახორციელებთ, საწყის ეტაპზე ვფიქრობთ 6-7 ნომრით დავიწყოთ.“-აღნიშნავს ლეკიშვილი.

მარანი  ამბროლაურის მუნიციპალიტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ.ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება.

„ჭრებალოს მარანი“  რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 7   სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც. 

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.