ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
CloudBase – 22 წლის მესტიელი ბიჭის კოტეჯი – 2300 მეტრზე ახდენილი ოცნება
06 ნოემბერი, 2017

Cloudbase მესტიაში, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე კოტეჯია და ორიენტირებულია ქართველ და უცხოელ მომხმარებლებზე, რომლებსაც იზიდავთ გაუკვალავში, ძალიან გრძელ ტრასებზე, ამოუწურავ რელიეფებზე სრიალი სნოუბორდით ან თხილამურებით. კოტეჯს მესტიაში დაბადებული და გაზრდილი, 22 წლის ნიკო ფალიანი უძღვება, რომელსაც სათავგადასავლო ტურების დაგეგმვის 6 წლიანი გამოცდილება აქვს. როგორ გაჩნდა კოტეჯის შექმნის იდეა, რა პირობებითა და რამდენი ადამიანის მიღება შეუძლია „ქლაუდბეისს“, სად და როგორ დააგროვა 6 წლიანი გამოცდილება საკუთარ საქმიანობაში, ამას ნიკო ფალიანთან ინტერვიუდან შეიტყობთ:

M: იდეა საიდან გაგიჩნდა, რომ  მესტიაში, 2300 მეტრზე კოტეჯი აგეშენებინა?
30 წლის წინ ამ ადგილთან ახლოს, სადაც ახლა ჩვენი კოტეჯია აშენებული, ბაბუას ჰქონდა პატარა ქოხი, სადაც ზაფხულობით დავდიოდით ხოლმე, როცა საქონელი მიგვყავდა საძოვარზე. ბავშვობიდან მოყოლებული ოცნებასავით მქონოდა, რომ ამ ადგილას მეც ამეშენებინა მსგავსი ტიპის სახლი და წელს, 14 ოქტომბერს გავხსენით ხის ორსართულიანი კოტეჯი.

M: სახელი Cloudbase როგორ შეარჩიე, რა ისტორია აქვს?
ჩემს უცხოელ პარაგლაიდერ მეგობართან ერთად, რომელიც დიდი გულშემატკივარი იყო ამ პროექტის, ივნისის ერთ-ერთი ღამე, კოტეჯთან კარვებით გავათენე. ღამით იწვიმა და დილას რომ გავიღვიძეთ, ვხედავთ, რომ ჩვენ ირგვლივ მარტო ღრუბლებია. Cloudbase-იო, შესძახა ჩემმა მეგობარმა და შერჩა ეს სახელი. 

M: რამდენი ადამიანის მიღება შეუძლია „ქლაუდბეისს“ და რა სთავაზობთ სტუმრებს?
კოტეჯს შეუძლია 15 ადამინაის მიღება. პირველ სართულზე არის ერთი დიდი, 25 კვ.მ-იანი ოთახი, რომლის ერთ-ერთი კედლის მთელ სიგრძეზე ორსართულიანი ლოგინი დგას, ასევე, დასაძინებლად დევს მატრასები. საძილე ტომრები თუ პლედები სტუმრებმა თავად უნდა იქონიონ. მეორე სართულზე ასვლა შიდა კიბით არის შესაძლებელი, ოღონდ იქ ოთახებია გაკეთებული. გვაქვს შეშის დიდი ღუმელი, რომელიც ორივე სართულს თავისუფლად ათბობს.

M: როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?
ფასები ქართველი, ადგილობრივი კლიენტისა და უცხოელი მომხმარებლებისთვის სხვადასხვანაირია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უცხოელებს კი არ ვთავაზობ უფრო ძვირად, არამედ ჩვენს მომხმარებელს შეუძლია კოტეჯის იაფად ქირაობა. ერთი ღამე ქართველი მომმხარებლისთვის არის 300 ლარი, რაც 15 ადამიანზე ძალიან იაფი გამოდის, ხოლო უცხოელისთვის 200 ევრო ჯდება. ფასი ფიქსირებულია და ერთმა ადამიანმაც რომ იქირაოს, მაინც 300 იქნება მისი ღირებულება.

M: შენს 6 წლიან გამოცდილებაზე მოგვიყევი, როდის, სად და როგორ დააგროვე?
„ქლაუდბეისამდე“ და ახლაც ვმუშაობ ტურიზმის სფეროში – Svaneti Travel Guide-ის ტუროპერატორი ვარ და როგორც უკვე ვახსენეთ, 6 წელია ვგეგმავ სათავგადასავლო ტურებს, თრექინგს, ჰაიკინგს, თხილამურებით Freeride სრიალს, გაუკვალავ თოვლში. ბევრისთვის ცოტა სასაცილოა და ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე ჩემს ექვსწლიან კარიერას ამ სფეროში, მაგრამ სინამდვილეში ასეა, 15 წლიდან ტურისტებთან მაქვს ურთიერთობა. მყავს მსოფლიო დონის ათლეტი მეგობრები და ხანგრძლივად ვთანამშრომლობ კომპანიებთან.

გარდა ამისა, ვსწავლობდი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით, თუმცა 2 კურსი დავხურე და გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა, ჩემს საქმეს მივყოლოდი ბოლომდე და სხვა რამეზე არ დამეკარგა დრო.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შევხვდი ტურისტებს 15 წლის ასაკში, ჩემს მშობლებს ჰქონდათ საოჯახო ტიპის სასტუმრო, სადაც დაახლოებით, 10 სტუმრის მიღება შეიძლებოდა. ინგლისურად ვსაუბრობ სკოლის ადრეული ასაკიდან ძალიან კარგად, თან უცხოელებთან ურთიერთობისას კიდევ უფრო დავხვეწე. არავის ჩემთვის არ უსწავლებია ესა თუ ის მარშრუტი, ჩემით დავდიოდი და მესტიის ირგვლივ რაც კი მარტივი მარშრუტებია, ყველაფერი ვიცოდი ბავშობიდან, რაც მოგვიანებით, პოპულარული გახდა ტურისტებისთვის, დამყავდა ისინი ამ გზებზე და ვიღებდი 20-30 ლარს, რაც 15 წლის მოზარდისთვის ცოტა ნამდვილად არ იყო.

MARKETER.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.