ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ენგურჰესზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის სამუშაოები გადაიდო
12 აპრილი, 2021

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი პანდემიაა.

მსოფლიო დონის სანახაობის საპროექტო სამუშაოები ესტონურმა კომპანიამ “კოკო არქიტექტორები“ შეასრულა, თუმცა პროექტის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა.

როგორც “ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება, როდის დაიწყება სამუშაოები, თუმცა პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

“ეკონომიკის სამინისტრომ პანდემიიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიიჩნია ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წელს დაწყება.

პანდემიის გამო, 2020 წელს ინფრასტრუქტურის ნაწილის აშენებაზე გამოცხადებული ტენდერით არავინ დაინტერესებულა, შესაბამისად, პროექტის განხორციელება გადავდეთ, სავარაუდოდ ვიდრე სიტუაცია არ გამოსწორდება და ტურიზმის სფეროს აღდგენა არ დაიწყება. პროექტის დაწყების ზუსტ თარიღზე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, წლის ბოლოს თავიდან გამოვაცხადოთ ტენდერი“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

პროექტით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, მუზეუმს, ზიპლაინს, ლიფტს კაშხალზე.

გიორგი ჩიქოვანის თქმით, პროექტში ცვლილებები არ იგეგმება. პირველ ეტაპზე ზიპლაინი მოეწყობა.

“შეიძლება ყველა ერთად არ გაკეთდეს, მაგრამ ნაწილ-ნაწილ აუცილებლად გაკეთდება. პირველ ეტაპზე ვაპირებდით გადმოსახედის და ზიპლაინის გაკეთებას, თუმცა პირველ ეტაპზე ზიპლაინი გადაწყდა და ამაზე ვართ გაჩერებული. ზიპლაინი ყველაზე ნაკლებ ინვესტიციას მოითხოვს, დანარჩენი უფრო მეტს“,- ამბობს გიორგი ჩიქოვანი.

გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, პროექტი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.

“ძალიან მაგარი პროექტია და აუცილებლად განხორციელდება. ახლა ჰესებს, რომ ებრძვიან, ეს პროექტი საზოგადოებას დაანახებს, რომ ჰესები პირიქით, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, პირიქით, ამაგრებს სოფლებში ხალხს, გაჩნდება სამუშაო ადგილები. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ევროპაში ამის ანალოგი არ იქნება. ერთი არის ჰუვერის კაშხალზე“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი დოლარია.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.