ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ესტუმრე „ვარძია რეზორტს“ - გაუგე გემო სამცხე-ჯავახეთსა და მესხურ სამზარეულოს
25 ივნისი, 2018

ყოფილხართ სამცხე-ჯავახეთში და დაგიგემოვნებიათ მესხური სამზარეულო? გინახავთ მესხური ოდა-სახლი? თუ საქართველოს ამ მხარეში ერთხელ მაინც ყოფილხართ ეს იმას ნიშნავს, რომ იცით მესხეთის გემო და ფასი; იცით, რომ ეს ის მხარეა, რომლის სტუმრობა არასოდეს მოგწყინდება.

მაგრამ... თუ თქვენ მათ შორის ხართ, ვინც ამ მხარეს არ იცნობს, მაშინ იმოგზაურეთ სამცხე-ჯავახეთში და თუ მისი არომატის შეგრძნება გინდათ ამისთვის ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმრო კომპლექსს „ვარძია რეზორტს“ უნდა ესტუმროთ.

ეს ის სასტუმროა, რომლის ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა შეხამებული და შერწყმულია მესხეთის ისტორიულ ლანდშაფტთან, ანარეკლია ტრადიციული მესხური საცხოვრისის, ეზო-კარის სტილი და წყობა კი ნამდვილი მესხური ოაზისია.

კომპლექსის ტერიტორიაზე რესტორანი და ოდა-სახლი ნამდვილ მესხურ გარემოს გთავაზობთ. კაკლის ხისგან დამზადებულ ტახტებსა და დედაბოძებს, რომელიც საცხოვრისისა და ოდა-სახლის ტრადიციულ ხის ჭერს ამაგრებს, აღფრთოვანებაში მოყავხარ. გიკვირს როგორ შეიძლება მარტივმა და უბრალომ ერთის მხრივ ასეთი სიმდიდრე დაგანახოს, მეორეს მხრივ კი დასვენება სასიამოვნო და კომფორტული გახადოს.

მესხეთის ფასს ისე ვერ გაიგებ, თუ თვალუწვდენელ ტერასებს არ მოკარი თვალი, სასტუმროს კომპლექსის მენეჯმენტი შეეცადა, რამდენიმე წელი მიუძღვნა და შეძლო უძველესი ქვის ტერასების აღდგენა. ახლა აქ თქვენს გასაოცრად ხეხილია გაშენებული. სხვადასხვა სეზონზე ერთმანეთს ფერადოვანი ჭერამი, ჭანჭური, შინდი თუ მოცხარი ენაცვლება. ტერასებზე ითესება ბოსტნეულიც. მესხეთის ტერასებზე მოყვანილი ეს თაიგული კი რეზორტის რესტორნის სამზარეულოში დამზადებული კერძებისთვის გამოიყენება. აქ მოყვანილი მწვანილეულისა (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, როზმარინი, ხახვი,პიტნა,ნიახური, ქონდარი, ორეგანო...) და ბოსტნეულის (ყაბაყი, გოგრა, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა...) არომატი მესხურ კერძებს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

ამ დოვლათის გამოუყენებლობა როგორ იქნებოდა და სასტუმრო კომპლექსმა არც ეს შანსი გაუშვა ხელიდან. „ვარძია რეზორტმა“ შეძლო და ადგილობრივი მესხური კერძები აღადგინა და ეს სწორედ იმისათვის, რომ თქვენ ესტუმროთ და დააგემოვნოთ.

აქ ადგილობრივ ცომეულს (მესხური ქადა, ხაჭაპური, ბაქლავა, ბადამბური, თათარ-ბერაკი, ჩაშუშული ხინკალი, ბიში...), წვნიანები და შეჭამანდები (თუთმაჯი, გოგრის და სატაცურის წვნიანები) ენაცვლება. განსაკუთრებულია მესხური მწნილიც. რა უნდა იყოს განსაკუთრებულიო იკითხავთ ალბათ, მაგრამ აბა რა გსმენიათ თელეხაშის, სვინტრის, ღიმის, ბამიას, ჭარხლის მკლავის, ნივრის მჟავეზე? ალბათ არც ის იცით, რომ აქ კერძებს აქვე დამზადებული თუთის ძმრით აზავებენ და ადგილზე მოყვანილი ან ალპური მდელოებიდან ჩამოტანილი სუნელებით (ორეგანო/თავშავა, ქონდარი, კვლიავი, ომბალო და ა.შ) კმაზავენ. იმითაც განგაცვიფრებთ, რომ ადგილობრივ კალმახს აქ აუცილებლად ჭერმის, მაყვლის ან ალუბლის სოუსით მოგართმევენ.
მესხურ სამზარეულოს თუ გაეცანით აქვე გამოხდილი თუთის, შინდის ჭერმის, ჭანჭურის და ჭაჭის არაყიც უნდა დააჭაშნიკოთ.

სასტუმრო თავის სტუმრებს დილის საუზმეზე ადგილზე დამზადებული მურაბებითა და ჯემებით ანებივრებს (ჭერმის, შინდის, თუთის, კომშის, ალუბლის, ქაცვის, ვაშლის და ა.შ). ნამცხვარსა და მცენარეულ ჩაისაც აქვე ამზადებენ (თავშავა, მარმიჭი, ალუბლისა და კომშის ფოთოლი, ბაღისა და ველური პიტნა, ვარდის ფურცელი და ა.შ).

ყველაზე მიმზიდევლი ალბათ ისაა, რომ ამ პროცესში თავადვე შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. მასტერკლასების ფარგლებში თავად შეგიძლიათ აქვე არსებულ უძველეს ფურნესა და თონეში თავადვე გამოაცხოთ მესხური ქადა, ხაჭაპური და პური; ჭანჭურისა და თუთის ბადაგში ამოავლოთ ჩურჩხელა, მონაწილეობა მიიღოთ არყის ხდის პროცესში და ჩაშუშული ხინკლის მოხვევაში.

„ვარძია რეზორტში“ ნამდვილად შეგიძლიათ შეიგრძნოთ სამცხე-ჯავახეთის არომატი, დაისვენოთ უნიკალური მცენარეებით გაფორმებულ ულამაზეს ბაღებსა და საცურაო აუზებზე. ერთხელ მაინც თუ ეწვევით მესხეთს და შეიგრძნობთ მის ხიბლსა და არომატს, აქ სტუმრობას თქვენ აღარ შეწყვეტთ. სრული კომფორტისთვის კი არსებობს „ვარძია რეზორტი“, ერთ-ერთი პირველი მაღალი კლასის სასტუმრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ეს ის ადგილია, რომელსაც უთუოდ უნდა ეწვიო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.