ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გამომცემლობა სამშობლოს ყოფილ შენობაში სასტუმრო „სტამბა“ იანვრის ბოლოს გაიხსნება
16 იანვარი, 2018

„გამომცემლობა სამშობლოს ყოფილ შენობაში სასტუმროს ახალი ქართული ბრენდი „სტამბა“ იანვრის ბოლოს გაიხსნება“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ Adjara Group Hospitality-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.

როგორც უკვე ცნობილია სასტუმრო InterContinental-ის ნაცვლად Adjara Group Hospitality სრულიად განსხვავებულ ახალ ქართულ ბრენდს „სტამბას“ ქმნის, რომელიც Rooms Hotel-ის დიზაინის მსგავსი იქნება.

ვალერი ჩეხერიას განცხადებით, სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლა 2 ეტაპად მოხდება, კერძოდ, 2018 წლის იანვარში გაიხსნება „სტამბის“ 45 ნომერი, ხოლო უკვე 2018 წლის ბოლოს კი მეორე ნაწილი, სულ სასტუმროში 160 ნომერი განთავსდება. მისივე თქმით, სასტუმროში საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო სივრცეები და სპა ცენტრები განთავსდება.

სასტუმროს დასრულების შემდგომ  მის მშენებლობასა და განვითარებაში საბოლოოდ 30-32 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამ ეტაპზე კი 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია უკვე განხორციელდა.

როგორც ვალერი ჩეხერია აცხადებს, სასტუმროში Adjara Group Hospitality-ს ბრენდის ქვეშ შემავალი ასევე ქართული ბრენდი კაზინო „ავიატორი“ შევა და ის სასტუმროს პირველი ნაწილის გახსნისთანავე ამოქმედდება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კაზინო ქართული რეალობისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის იქნება.

„სასტუმროში ქართული ბრენდი კაზინო „ავიატორი“ შევა და ის ჩვენი მმართველობის ქვეშ იქნება. დიზაინზე და მის განვითარებაზე  ჩვენი გუნდი ზრუნავს. კაზინო 800 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ეს იქნება თანამედროვე ქვეყნის თანამედროვე სახე, ისეთი მასშტაბის როგორიც ლას ვეგასში, ლონდონში, ან გერმანიაში გვინახავს. სრულიად განსხვავდება ქართული რეალობისგან. ეს იქნება გამჭვირვალე, გასართობი სივრცე“, - აღნიშნა ჩეხერიამ.   

შეგახსენებთ, რომ კოსტავას 14 ნომერში, გამომცემლობა „სამშობლოს ყოფილი შენობა „აჭარა ჯგუფი“ 2011 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით 9 მილიონ დოლარად შეიძინა. მოგვიანებით აღნიშნულ შენობაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს InterContinental-ის მშენებლობა დაიწყო, თუმცა 2017 წელს ვალერი ჩეხერიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სასტუმრო InterContinental-ის ნაცვლად Adjara Group Hospitality წლის ბოლოს „სტამბას“ სახელწოდებით ახალ ქართულ ბრენდს შექმნიდა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.