ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული სუფრის ყურძნისა და ღვინის პოტენციალი ევროპაში
18 ოქტომბერი, 2021

Sartichala Vineyard Management-მა მიმდინარე სეზონზე სუპერმარკეტების ქსელ კარფურში, სპარსა და ნიკორაში უკვე 60 ტონა სუფრის ყურძენი გაყიდა, ხოლო სეზონის ბოლოსთვის დამატებით 30 ტონა მოსავლის შეგროვებას გეგმავს. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Sartichala Vineyard Management სუფრის ყურძნის თანამედროვე ჯიშების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანიაა. 30 ჰექტარ ვენახში, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში, სოფელ სართიჭალას მახლობლად მდებარეობს, კომპანიას ისეთი პოპულარული ჯიშები აქვს მოშენებული, როგორიც არის Italia, Muscat, Red Globe, Regal და Crimson Seedless.

კომპანიამ ვენახი გასულ წელს დარგო. თუმცა მანამდე კომპანიის აქციონერებმა იტალიელი მევენახეები მოინახულეს და ვენახი უახლესი ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დააპროექტეს, რაც პერგოლაზე მის მოშენებასა და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვას გულისხმობს. ამასთან, შეიმუშავეს სისტემა, რომელიც საჭირო დროს ყურძნის განაყოფიერებისა და მორწყვის შესაძლებლობას იძლევა. დამონტაჟდა სარწყავი სენსორები, ანუ ტენიანობის კონტროლერი.

Sartichala Vineyard Management-ის მონაცემებით, საქართველოში სუფრის ყურძნის ვენახი სულ 200 ჰექტარ ფართობზე არის გაშენებული, ახალი ჯიშების ვენახს კი 50 ჰექტრამდე ფართობი უკავია. კომპანიის დათვლით, საქართველო ყოველწლიურად 1500-დან 2000 ტონამდე სუფრის ყურძნის იმპორტს ეწევა. Sartichala Vineyard Management-ი გეგმავს, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ ყურძენს თავისი პროდუქცია ჩაანაცვლოს. მოსავლის 100%-ს კომპანია ადგილობრივ საცალო ვაჭრობის ქსელში ყიდის. მომავალ წელს, როცა ვენახი სრულად მოსავლისუნარიანი გახდება, Sartichala Vineyard Management პროდუქციის ბრენდირებას შეუდგება. კომპანია ევროკავშირის ბაზარზე, ძირითადად კი ბალტიის ქვეყნებში გასვლას ცდილობს, რისთვისაც ყურძნის მოყვანაში GlobalGAP-ის, ხოლო დახარისხება-შეფუთვაში IFS-ის ევროსტანდარტების დანერგვას გეგმავს.

„ეს წარმოების პირველი წელია და ჰექტარზე 3-5 ტონა მოსავალი მოვიდა, მომავალ წელს კი 850-900 ტონას ველოდებით. ჩვენს კომპანიას გვიანდელი ჯიშების ყურძენი მოჰყავს, ამიტომ მომხმარებლებისთვის მიწოდების ვადების გახანგრძლივებას ვგეგმავთ, რისთვისაც ზამთრის თვეებამდე მაცივრის საწყობში უნდა იქნას შენახული, ეს საწყობი კი ახლა შენდება. მომავალში შესაძლოა, ადრეული ჯიშები ქვეყნის იმ რეგიონებში მოვაშენოთ, რომლებიც ამისთვის შესაფერისია. ზოგიერთ რეგიონში ყურძნის მოყვანა ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე არის შესაძლებელი. ჩვენ გვჯერა, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული სუფრის ყურძენს უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ღვინოს,“  - განუცხადა EastFruit-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე კვერნაძემ.

USAID- ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, წლევანდელ სეზონზე კომპანიამ სუფრის ყურძნის პირველი მოსავალი მიიღო. USAID-ის თანადაფინანსებით, კომპანიამ იტალიელი აგრონომის საკონსულტაციო მომსახურებით ისარგებლა, რომელიც მოიცავდა რჩევებს ირიგაციის, ფერტიგაციის, გასხვლის, მწვანე ოპერაციებისა და მავნებლების საწინააღმდეგო წამყვანი მეთოდების შესახებ. მოსავლის აღების გასახანგრძლივებლად და სეზონური წვიმებისგან ყურძნის დასაცავად, მომავლისთვის კომპანია პლასტიკურ საფარს გამოიყენებს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.