ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GEOSKY: სუბსიდიის გარეშე, ავიაბილეთის ფასი ₾400-500 იქნებოდა
13 მარტი, 2024

თბილისი-ბათუმის ავიარეისზე ზაფხულის სეზონის შემდეგ, მოთხოვნა ძალიან დაბალია.

როგორც GEOSKY-ს დირექტორი შალვა კიკნაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, კომპანია ოქტომბრის ბოლოდან 10-15%-იანი დატვირთვით მუშაობს. 

„ისე გავიდა რამდენიმე კვირა, რომ არცერთი ბილეთი არ გაყიდულა. შესაბამისად, რეისი არ გვქონდა, სახელმწიფო თანხებსაც ვუფრთხილდებით. თუ არ არის რეისი სახელმწიფოსაც არ უწევს თანხის გადახდა. ჩვენ 2023 წლის აგვისტოში დავიწყეთ ოპერირება თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე, რომელიც ზაფხულის პერიოდში საკმაოდ აქტიურია, თუმცა როცა ზღვის სეზონი მთავრდება, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არათუ ნახევრდება მოთხოვნა, მხოლოდ 10-15%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. შესაბამისად, რომ არა სუბსიდირება, შეუძლებელია რომელიმე კომპანიამ შეასრულოს ფრენები 10-15%-იანი დატვირთვით,“-აღნიშნავს შალვა კიკნაძე.

მისივე თქმით, თბილისი-ბათუმის ავიარეისის  ბილეთის ღირებულება უთანაბრდება მატარებლის ბიზნეს კლასის ბილეთის  ფასს და  125 ლარი ღირს. თუმცა სუბსიდირების გარეშე, ეს ფასი 400-500 ლარი იქნებოდა.

„ჩვენ რომ მოვხსნათ დოტაცია,  ბილეთის ფასი საკმაოდ გაიზრდება და 500 ლარამდეც ავა, რაც არაკონკურენტულია სახმელეთო და სარკინიგზო ტრანსპორტთან მიმართებით. საჰაერო გზას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ კონკურენცია გაუწიოს სახმელეთო ტრანსპორტს. თუმცა ჩვენს პირობებში, იქიდან გამომდინარე რომ პატარა ქვეყანა ვართ, მოკლე მანძილია თბილისსა და ბათუმს შორის, რთული იქნება მოიხსნას დოტაცია და ავიარეისს სრულად კომერციული დატვირთვა ჰქონდეს.

შიდა ფრენების სუბსიდირების პრაქტიკა ზოგადად მიღებულია ბევრ ქვეყანაში, იმისთვის რომ განვითარდეს შიდა ფრენები, სახელმწიფოები ახალისებენ შიდა გადაზიდვების მიმართულებებს. ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი,"-აღნიშნავს შალვა კიკნაძე.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.